ნიკა ძალამიძე: გერმანია უძლიერესია, მაგრამ მინდორზე წინასწარ განწირულები არ გავალთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მწვრთნელმა პირველივე პრესკონფერენციაზე არაორაზროვნად განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდი "სხვა" ფეხბურთს ითამაშებს. ამ "სხვა" ფეხბურთში ჩვენ, პირველ რიგში, გონიერებაზე დაფუძნებულ შეტევას, მეტ რისკსა და თავისუფლებას ვხედავთ.

სანაკრებო სიაში "ბურთის მცოდნე" ფეხბურთელები სჭარბობენ. ერთ-ერთი ასეთი ბიალისტოკის "იაგელონიას" 23 წლის ნახევარმცველი ნიკა ძალამიძეა. მას შეუძლია მოედნის ცენტრში მწვავე პასების გაკეთება, გოლების გატანა...

მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი ფეხბურთელია, ქომაგი მისგან ბევრს რომ ელის.

ძალამიძე 2012 წლიდან "იაგელონიაში" თამაშობს. მან ამ გუნდის შემადგენლობაში
72 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი შეაგდო. ადვილი შესაძლებელია, ძალამიძემ ზაფხულში გუნდი გამოიცვალოს. მანამდე კი პოლონეთის ჩემპიონატში ბიალისტოკელები კარგად თამაშობენ - მესამე ადგილზე არიან.

"ლელო" ძალამიძეს პოლონეთში შეეხმიანა...

- ვიცით, რომ ექიმთან იყავით. ხომ კარგად გრძნობთ თავს?
- არაფერი ისეთი... ჩვეულებრივი, გეგმიური შემოწმება იყო... ღმერთის წყალობით, ჯანმრთელად ვარ, არაფერი მაწუხებს. შეკრებაც სრულად გავიარე გუნდთან ერთად და თამაშებიც ჩავატარე.

- საქართველოს ნაკრებში გამოძახებას გილოცავთ...
- კახა ცხადაძესთან პირადად არ მისაუბრია. წავიკითხე გაფართოებული სია და უზომოდ გამიხარდა, იქ ჩემი თავი რომ აღმოვაჩინე. პოლონეთის ჩემპიონატის მომავალ ტურში შინ ვეთამაშებით "ლეჩნას", მერე კი გასვლაზე გვაქვს მატჩი "პოდბესკიძიესთან". ამის შემდეგ წამოვალ საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს გამოვადგე.

- გერმანიასთან თამაშზე უკვე ფიქრობთ?
- კი, ბევრს. ასეთი მატჩები სამუდამოდ რჩება ფეხბურთელის კარიერაში. გერმანია უძლიერესი გუნდია, თუმცა მინდორზე წინასწარ განწირულები არ გავალთ - ამაში დარწმუნებული ვარ. გერმანიამდე კი მალტასთანაა თამაში და ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

- პოლონელები რას ამბობენ, შანსი გაქვთო? მათ ხომ მოახდინეს პატარა სასწაული...
- პოლონელ თანაგუნდელებს ამ თემაზე ველაპარაკეთ მეც და გიორგი ფოფხაძეც. მათაც იგივე გვითხრეს, რასაც ჩვენ ვფიქრობთ ამ მატჩზე - ურთულესი იქნება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ შანსი ყველასთან არის.

- ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ დროისთვის პოლონეთის ჩემპიონატში "იაგელონია" მესამე ადგილზე იქნებოდა. რის ხარჯზე აღწევს ამას გუნდი?
- გუნდური, სწორი ფეხბურთის ხარჯზე. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ მინდორზე. მწვრთნელის ფაქტორიც არის - მას განსაკუთრებულად შეუძლია გუნდის "დაქოქვა". გასახდელშიც ძალიან კარგი ატმოსფეროა.

- გიორგი ფოფხაძე ახსენეთ. ის დაუბრუნდა "იაგელონიას", რამაც, ცხადია, ძალიან გაგახარათ...
- რა თქმა უნდა, გამახარა და არა მარტო მე - გიორგი აქ ყველამ ძალიან თბილად მიიღო. დიდი ავტორიტეტი აქვს გუნდში, ყველას უზომოდ უყვარს.

- ქართველი ქომაგი თქვენგან ბევრს ელის. როდის გამოავლენთ ბოლომდე პოტენციალს?
- მთავარია, ჯანმრთელობამ არ დამაღალატოს. თქვენც იცით, ტრავმებმა ბევრი დამაკარგვინა. ახლა ყველაფერი კარგადაა.

- უკვე მესამე წელია, "იაგელონიაში" თამაშობთ. ხომ არ მოვიდა დრო, გუნდი შეიცვალოთ?
- ჩემი მიზანი სოლიდურ ევროპულ კლუბში გადასვლაა, თუმცა "იაგელონიაშიც" ბედნიერად ვგრძნობ თავს. რომ გითხრათ, ახლა კონკრეტული ვარიანტი მაქვს-მეთქი, მოგატყუებთ. ზაფხულში თუ რამე გამოჩნდა, ამბიციური გუნდი თუ დაინტერესდა ჩემით, ყველაფერი შესაძლებელია.

- კლუბი ახალ კონტრაქტს არ გთავაზობთ?
- უკვე შემომთავაზეს ახალი ხელშეკრულება, თუმცა პასუხს არ ვჩქარობ. ამავე დროს, გუნდი თავადაა დაინტერესებული ჩემი გაყიდვით. თუ კარგი შემოთავაზება იქნა, რატომაც არა?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
შანსი გერმანიასტან არაა,მტავარია სუხოი არ ცავაგოტ
0
გერმანიასთან მოგების პრეტენზია არავის არ გვაქვს) უბრალოთ მონდომება დაგვანახეთ და ითამაშეთ თავდადებით მეტი არაფერი არ გვინდა გულშემატკივრებს გერმანიასთან.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული