გია გეგუჩაძე: თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, გერმანიას თბილისში გაუჭირდება!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა და მალტას 2:0 მოუგო. "ჯვაროსანთა" გარჯაში საკმაოდ იყო სიახლეები და ადგილ-ადგილ იმ ფეხბურთის ფრაგმენტებიც ჩანდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველმა გუნდმა მომავალში უნდა ითამაშოს.

საქართველოს ნაკრების თამაშის, ზოგადი ტენდენციებისა და ეროვნული გუნდის მომავალზე აზრის გაზიარება თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" ყოფილ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს ვთხოვეთ...

- თავდაპირველად მალტასთან მატჩის ზოგადი შეფასება უნდა გთხოვოთ...
- უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ კახა ცხადაძეს წარმატებულ დებიუტს! რაც შეეხება
მალტასთან მატჩს, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური კუთხით. ნებისმიერ გუნდს თუ ნაკრებს სჭირდება თვითრწმენა, ეს კი გამარჯვებებს მოაქვს.

- საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ახალი ტაქტიკური სქემით და თამაშის დროს ტაქტიკა რამდენჯერმე გადაეწყო. ამაზე რას იტყვით?
- ცხადია, თავიდან ყველა სიახლე გვაფიქრებს. მოხარული ვარ, რამდენიმე სქემა რომ მოსინჯეს მწვრთნელებმა. ყველაფერი უნდა დაიხვეწოს. დრო არის და მჯერა, ასეც იქნება.

- ფაქტია, რომ ეროვნული გუნდი უფრო შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა, ვიდრე ადრე...
- რა თქმა უნდა, ეს ჩანდა. პირველი მატჩი იყო და, ბუნებრივია, ბოლომდე კმაყოფილი არც ერთი ჩვენგანი არ არის. ამ ფეხბურთელებს მეტი შეთამაშება სჭირდებათ და მჯერა, დროის გასვლასთან ერთად, ეს ხარვეზიც გამოსწორდება.

- ნუკრი რევიშვილი, ალეკო ამისულაშვილი, კახა მახარაძე, გიორგი ნავალოვსკი, ლევან ყენია... ამ ბიჭებს საქართველოს ნაკრებში კარგა ხანია, არ უთამაშიათ. როგორ ფიქრობთ, გამოადგებიან ეს ფეხბურთელები ქვეყნის პირველ გუნდს?
- საქართველოს ნაკრებში დღეს მთელი ჩვენი რესურსი უნდა ჩაიდოს, ეს რესურსი ბოლომდე უნდა იყოს გამოყენებული. ავიღოთ ლევან ყენია - ის ახალგაზრდაა, ნიჭიერია... თუნდაც სხვები. საერთოდ, როცა ნაკრებს ეხება საქმე, პასპორტში არ უნდა ჩავიხედოთ. შეუძლია ამა თუ იმ ფეხბურთელს ეროვნული გუნდისთვის სარგებლობის მოტანა? მაშინ ამ ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს.

- ცალკე გკითხავთ კახა მახარაძეზე, ვინც ჯერ კიდევ თქვენ მიერ გაწვრთნილ თბილისის "დინამოში" იძლეოდა იმედებს. ის დიდი ხანია, წავიდა საქართველოდან და ჩვენი ქომაგი მას მაინცდამაინც კარგად არ იცნობს. ორი სიტყვა მასზეც ვთქვათ...
- კახა ჩემს მეხსიერებაში დარჩა, როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი. მახარაძეს აქვს ერთი ფასდაუდებელი თვისება - მას ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. დღევანდელ ფეხბურთში კი ეს ყველა მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა. მეტსაც გეტყვით - "დინამოში" ჩემი მუშაობის დროს კახა მახარაძე... კარშიც კი ჩაგვიყენებია და არც იქ შეურცხვენია თავი.

მალტასთან მატჩში მას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ კარგა ხანია, არ უთამაშია ნაკრებში. მე მჯერა მახარაძის. მას შეუძლია, დიდი სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ნაკრებს.

- როგორ ფიქრობთ, არის რეზერვი? კიდევ შეიძლება ვიხილოთ ახალი ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, არის რეზერვი და იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი აგრძელებს მუშაობას ამ რეზერვის ათვისების მიმართულებით. ის კი არა, რატომღაც იმისიც მჯერა, რომ შემადგენლობაც გადახალისდება გარკვეულწილად. რა თქმა უნდა, სამუშაო ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაშში იყო ქაოსის მომენტები, მაგრამ ეს ბუნებრივია. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დიდი გზის დასაწყისშია.

- შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს მარჯვენა მცველის პრობლემა. გეგულებათ ჩვენში თუნდაც ისეთი მარჯვენა მცველი, რომელიც მხარს აუბამს მარცხენაფლანგელ გიორგი ნავალოვსკის, რომელიც მალტასთან მატჩში ძალზე აქტიური და ერთ-ერთი საუკეთესო იყო?
- სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენთან არიან ასეთი ფეხბურთელები. ახლა გვარებს ნუ დამასახელებინებთ. ერთიცაა - ნებისმიერი მწვრთნელი არჩევს სათამაშო მონახაზს მის ხელთ არსებული კონტინგენტის მიხედვით.

- გერმანიასთან კარს მომდგარ მატჩზეც გკითხავთ. რა უნდა დაუპირისპიროს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონს?
- ჩვენ ყველანი ვამბობთ და ვწერთ, რომ აი, გერმანია მოდის, ქვეცნობიერად მეტოქეზე "ვეწყობით"... ხომ შეიძლება, პირიქით მოხდეს?! საქართველოს ნაკრებს, გერმანიისგან განსხვავებით, არ აქვს ფსიქოლოგიური წნეხი. მათ კი ქულები და გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ.

თუ ვითამაშებთ უშიშრად, ლაღად, თამამად, თუ ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, რომელიც "ჩვენია", გერმანიას თბილისში სასურველი შედეგის მიღწევა გაუჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ გამიგია თქვენი აქ რო აკომენტარებთ.!აბა რათქვას ?ვსიო დაღუპულები ვართო?რა არშეიძლება რომ გაუჭირდეთ?ზუსტად თქვენნაირი პესიმიზმით შეპყრობილები ამბობდნენ ფრანგებთან და ესპანელებთან ..........ასე რომ ნუ წაიღეთ ტვინი ამ უარყობითი კომენტარებით რაა...
მედასხვა
18:18 29-03-2015
0
უსაფუძვლო ოპტიმიზმიდან,სისულელემდე ნახევარი ნაბიჯიც არაა.ასე რომ მწვრთნელიან გულშემატკივარიანად ცჰამოდიტ მიწაზე,თორემ შემდეგ ძირს დანარცხებით გამოფხიზლება უფრო მწარეა.როგოეც 0-ია იმის შანსი რომ ქართველი რეგბისტები დაამარცხებენ ავსტრალიას ინგლისში,იმაზე ნაკლებია შანსი იმისა რომ ჩვენი მოსეირნე ფეხბურთელები ფრეს მაინც მიაღწევენ გერმანიასთან.არ გჯერათ? ამაღამ დაიჯერებთ.სამწუხაროა,მაგრამ რეალობაა ესაა.
mamulo
16:21 29-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული