"ცხადაძის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ორიოდე დღის წინ ჩაატარა და ბუნებრივია, ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა - რა შეიცვალა ნაკრებში და რა მიმართულებით წავა.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან საკუთარი პლუსების გამოჩენა ბრაზილიას გაუჭირდა, ჩვენ კი გაცილებით მეტი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი.
მაგრამ არის რამდენიმე სიახლე. მართალია, გერმანიასთან წავაგეთ, მაგრამ ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან 7 კუთხური ჩავაწოდეთ -
ვეტერანი მოთამაშე, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს გამოარჩევს:
"მთავარი, რაც დავინახე და მომეწონა, ესაა: უპირველესად, სიახლე ტაქტიკიდან გამომდინარეობს. შეტევებზე მეტი აქცენტია გადატანილი. კახამ შეცვალა სათამაშო სქემა და რეალურად, 3 მცველს ათამაშებს, როდესაც მალტასთან დასჭირდა, 4 მცველზეც გადაერთო.
გარდა ამისა, მცველებს და ზოგადად მოთამაშეებს ბურთის უაზრო მოგერიება აუკრძალა - გუნდი არა გრძელი გადაცემებით, არამედ, აზრიანად, ბურთის ამოტანით ცდილობდა შეტევის წამოწყებას. იყო მცდელობა, რომ შეტევებში ფლანგის მცველები აქტიურად ჩაერთო. ეს 7 კუთხურიც ამ სიახლეების შედეგია.
ცხადია, მოგება გვინდა და მსგავსი სტატისტიკა ვერ დაგვამშვიდებს, მაგრამ ვიმეორებ: ამ ფაქტიდანაც ჩანს, რომ ცხადაძე გუნდს ცვლის, ნაღდი ფეხბურთის თამაშს სთხოვს და ეს მისასალმებელი ფაქტია".
ცქიტიშვილი "ჯვაროსნების" პრობლემაზეც გველაპარაკა:
"ჩვენი ნაკრების უპირველესი პრობლემა ის იყო, რომ მოთამაშეებმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს და ფეხბურთს აღარ თამაშობდნენ. შეტევებს გრძელი გადაცემებით იწყებდნენ და ყველაფერი დამოკიდებული იყო ცენტრალური თავდამსხმელის მარიფათზე, შეძლებდა თუ არა ის "მეორე სართულზე" ბურთის მოპოვებას და იერიშის გაგრძელებას.
თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა დაინახოს, რომ თამაში შეუძლია, მოგება ყველასთან შეიძლება და საკუთარი ძალების ირწმუნონ. ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელი იქნება და წარმატება ვერ მოვა.
გარდა ამისა, ცხადაძე გუნდს ახალი სქემით ათამაშებს და ბიჭებმა ეს დროულად უნდა აითვისონ, ბურთი კი შეტევისთვის გაცილებით სწრაფად ამოიტანონ".
ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ნაკრების დებიუტანტი ლაშა დვალი გუნდს კარგად მოერგო:
"გერმანიასთან შეხვედრაში რაც დავინახე, მოედანზე დვალის გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მომენტი იყო. ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭია. მაგრამ გამოუცდელია და სწორედ ამიტომ მომეწონა, რომ პოზიციას კარგად არჩევდა, შეტევებში თამამად ერთვებოდა და ბურთიც იოლად ამოჰქონდა.
ასე თუ გააგრძელა, ის დიდ ფეხბურთს ითამაშებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"