გვჯერა, ეს ბიჭები აუცილებლად იპოვიან თავიანთ გზას და არცთუ ურიგო გუნდებს, თუმცა პოლონეთთან ევროშესარჩევ მატჩამდე არცთუ ბევრი დროა დარჩენილი და ეჭვგარეშეა, კახა ცხადაძეს თავსატეხი არ მოაკლდება.
მაგალითად, უგუნდოდ დარჩა ფორვარდი ოთარ მარცვალაძე. მას ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა აღარ ჰქონდა რუსულ "ტოსნოში" და გაცლა არჩია. "ტოსნოს" მთავარმა მწვრთნელმა ევგენი პერევერტაილომ მარცვალაძის გუნდიდან წასვლა ლეგიონერებზე
საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირს შეტევაში და მარცვალაძე უდავოდ იმ ფეხბურთელთაგანია, რომელზე დაყრდნობასაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აპირებს. ოთარს აქვს სანაკრებო დონეზე თამაშის გამოცდილება, რაც ჩვენს რეალობაში ერთობ ფასობს.
არასახარბიელო მდგომარეობაშია "ტოსნოს" კიდევ ერთი ქართველი - მეკარე ნუკრი რევიშვილი. საკმარისია აღინიშნოს, რომ მას წლეულს არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია გუნდის შემადგენლობაში.
და საერთოდაც, რუსეთის პირველ ლიგაში ლეგიონერებზე არსებული მკაცრი ლიმიტი, შესაძლოა, სხვა ჩვენებურებსაც შეეხოთ. მათი ბედი კი ჩვენთვის სულერთი ვერაფრით იქნება, რადგან საქართველოს ნაკრების კანდიდატთა სიაში მათი გვარებიც გვხვდება.
პოლონეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრები აუცილებლად დადგება ერთი დიდი პრობლემის წინაშე - ნაკრების ორი მეკარიდან არც ერთს არ აქვს სათამაშო პრაქტიკა. რევიშვილზე უკვე ვთქვით. უარეს სიტუაციაშია გიორგი ლორია, თუმცა მას ბრალი არაფერში მიუძღვის - საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე, სანაკრებო ინტერესების გათვალისწინებით, გმირულად იტანდა გასაჭირს ბერძნულ ოფი-ში, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ეს გუნდი დაიშალა და ლორიაც (მასთან ერთად, გიორგი მერებაშვილიც, რომელსაც ცხადაძე ასევე მოიაზრებს ნაკრების პოტენციურ წევრთა შორის) ჰაერში გამოეკიდა.
ფეხბურთში მეკარისთვის უმნიშვნელოვანესია სათამაშო პრაქტიკა, მით უმეტეს, აქედანვე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ საქართველოს ნაკრების გოლკიპერს, ვინც უნდა იყოს ის, სამუშაო არ მოაკლდება პოლონეთთან ევროშესარჩევ შეხვედრაში...
ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა ვისურვოთ და ჩვენს ფეხბურთელებს ვურჩიოთ - მეტი დაკვირვება გამოიჩინონ, სანამ გუნდს შეარჩევენ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"