გოგა გახოკიძე: საქართველოს ნაკრებს სულ გაუჭირდება, სანამ...

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე, საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ ყოფასა და მის პლუს-მინუსებზე გოგა გახოკიძეს გავესაუბრეთ.

39 წლის გახოკიძეს არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია ეროვნულ ნაკრებში, "ალანიაში", პსვ-სა თუ "ტვენტეში"...

- ეროვნული ნაკრებით დავიწყოთ. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ქვეყნის მთავარმა გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში? განსაკუთრთებით გვაინტერესებს თქვენი აზრი პოლონეთის ნაკრებთან მატჩზე...
- თუ არ ჩავთვლით პოლონეთთან თამაშის ბოლო სამ წუთს, ორივე შეხვედრა მომეწონა. საქართველოს ნაკრების თამაშში შედარებით პროგრესს ვხედავ. პოლონეთში 0:4 არ უნდა წაგვეგო. ის კი არა, გიორგი ნავალოვსკის რომ გაეტანა, შესაძლებელი იყო,
ქულაც აგვეღო.

საქართველოს ნაკრებში ვხედავ მეტ სათამაშო ორგანიზაციას. ვფიქრობ, ეს მალე აისახება შედეგზე. თუნდაც ის რად ღირს, რომ გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომელთა იმედიც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში გვქონდეს. ვგულისხმობ თუნდაც ვაკო ყაზაიშვილსა და იმავე ნავალოვსკის. რა თქმა უნდა, პრობლემა ბევრია, მაგრამ მომავალს იმედით ვუყურებ.

- სამი გაშვებული გოლი სამ წუთში - გახსენდებათ ასეთი რამ?
- ფეხბურთი ისეთი რამეა, წინასწარ ვერაფერს გათვლი. პირველი, რაც მახსენდება, "მანჩესტერი"-"ბაიერნის" ლეგენდარული ფინალია. ხომ გახსოვთ, "ბაიერნს" თასი, ფაქტობრივად, ხელში ეჭირა, მაგრამ...

- ფაქტია, ქართული ფეხბურთი ძალზე მძიმე დღეშია. როგორ გესახებათ "გზა ხსნისა"?
- ჩემი აზრია და, გთხოვთ, დაწერეთ პირდაპირ - საქართველოს ნაკრებს სულ გაუჭირდება და ჩვენ სულ ქართული ფეხბურთის საშველი გზების ძიებაში ვიქნებით, სანამ ეროვნულ ჩემპიონატს არ ეშველება. შეიძლება, ჩვენ გვქონდეს ცალკეული გამონათებები, მაგრამ არ გვექნება სტაბილურობა. არადა, გვყავს ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც მერე იკარგებიან...

- ...და რატომ იკარგებიან?
- იმიტომ, რომ არ გვაქვს მაღალი დონის ჩემპიონატი და ამასთან ერთად, საქმეში ქართული მენტალიტეტიც ერთვება.

- საიდან უნდა დავიწყოთ?
- ბავშვთა ფეხბურთიდან. ჩვენთან ბევრი სკოლაა, მაგრამ ყველგან არ არის შესაბამისი პირობები. როგორ დავიჯერო, რომ საქართველოში ხელოვნურ საფარზე ვარჯიში მოსწონს და სიამოვნებს ბავშვს? ჰოლანდიაში "ტვენტეს" უამრავი ბუნებრივი მინდორი აქვს ბავშვებისთვის. მე რაც უშუალოდ მინახავს და ვიცი, იმას ვამბობ. ჩვენ ხელოვნურებზე გადავედით... მგონი, ღირს დაფიქრებად.

- ალბათ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არც არაფერი გამოვა...
- რა თქმა უნდა, ასეა. სახელმწიფო პლუს ფეხბურთის მოყვარული ბიზნესმენი - ასე უნდა გადარჩეს ქართული ფეხბურთი. იმ ბიზნესმენს ალალად უნდა უყვარდეს ფეხბურთი. ბევრს უთქვამს ჩემთვის, ფეხბურთი რა ხარჯიანი სფეროაო. კი, არის ხარჯიანი, მაგრამ გამარჯვების სიხარულიც დიდია. ვინც დახარჯავს მილიონს და მერე იმ მილიონს კიდევ მილიონს დაამატებს, ასეთი ბიზნესმენები გვჭირდება.

- საქართველოს ნაკრებში მოიკლო კონკურენციამ, გვაკლია გამოკვეთილი ინდივიდები - ეთანხმებით ამ შეფასებას?
- ფაქტია, იკლო კონკურენციამ, თუნდაც ნაკრებში. პსვ-ში ვთამაშობდი და იყო შემთხვევები, საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი. ყველას გვახსოვს, რომ ასე იყო...

- დღევანდელი ახალგაზრდა ფეხბურთელები ცუდ პირობებში იზრდებიან...
- ჩვენ უარეს პირობებში გავიზარდეთ. რა ვიცი, სად აღარ მივარჯიშია... ჩვენი თაობა, ფაქტობრივად, ქვიშაზეა გაზრდილი. ახლა სხვა დროა, მაგრამ მაინც...

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა. რამდენიმე გუნდს კი ძალიან უჭირს...
- ძალიან მტკივა გული ამის გამო. თუნდაც, ფოთის "კოლხეთი" ავიღოთ. იქ ჩემი უახლოესი მეგობარი, ლაშა ჯაკობია მუშაობს. ეს არის გუნდი, რომელმაც თავის დროზე მე გზა გამიკვალა დიდ ფეხბურთში...

- თქვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხმარებით კარიერის აწყობაში. რაიმე სატრანსფერო სიახლე ხომ არ გაქვთ?
- ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას და სიახლეები ამ კუთხით კიდევ შეიძლება იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
გახოკიძის მორიგი ბჟუტური.
roma
11:07 21-06-2015
0
მწვრთნელები და ბავშვები არაფერ შუაშია. სანამ ნორმალური სისტემა არ აეწყობა. ენთუზიაზმის დრო წავიდა-პროფესიონალიზმის დროა.
garoxa
09:05 21-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული