ერთ-ერთი მათგანია ზაზა ახალაია. ფეხბურთის სტაჟიანი გულშემაატკივარი, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს სისტემატურად ესწრება, ქართული ფეხბურთის წარსულსაც კარგად იცნობს და აწმყოსაც...
მოპარული რეიტინგი
- საბჭოთა იმპერიის გარდაცვალებისას, რუსეთმა მიაღწია იმას, რომ ფიფაში ვიაჩესლავ კოლოსკოვის გავლენის წყალობით სრულიად არასამართლიანად და უსაფუძვლოდ მიითვისა საბჭოთა ნაკრების რეიტინგი, რომელიც განისაზღვრებოდა 1986 და 1990 წლების მსოფლიო ჩემპიონატებისა და 1988 წლის ევროპის პირველობის შედეგებით. ამ საფეხბურთო ფორუმებში
რუსეთი არ იყო დარწმუნებული ფეხბურთში საკუთარი ეროვნული ნაკრების წარმატებაში, ხოლო სპორტის სხვა სახეობებში, სადაც ეჭვიც არ ეპარებოდათ, უძლიერესის გასარკვევად და საერთაშორისო სარბიელზე გასასვლელად, ტურნირი ჩაატარეს.
მაგალითად, წყალბურთში გამართული ასეთი დამატებითი ტურნირი რუსეთის უდავოდ ძლიერი გუნდის დამსახურებული გამარჯვებით დამთავრდა.
უკრაინის, საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ფედერაციები რუსეთის საფეხბურთო კავშირს სთავაზობდნენ, ჩაეტარებინათ დამატებითი ტურნირი, რომლის გამარჯვებული მიიღებდა საბჭოთა ნაკრების რეიტინგით 1994 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის უფლებას. მაგრამ, კოლოსკოვის ძალისხმევით, რუსეთმა საბჭოთა ნაკრებისთვის განკუთვნილი ადგილი პირდაპირ მიიღო და შესაბამისად, შესარჩევ ტურნირში შედარებით სუსტი მეტოქეები შეხვდა. მაშინ მისი ყველაზე ძლიერი მეტოქე საკმაოდ სუსტი საბერძნეთი იყო...
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა რეიტინგში ვიაჩესლავ კოლოსკოვის "ჩალიჩით" მიღებული ადგილი არ იკმარა და საკუთარი ეროვნული ნაკრების გაძლიერებისთვის გარდაცვლილი იმპერიის რესპუბლიკებიდან სასურველ ფეხბურთელებს რუსეთის მოქალაქეობა 1994 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის პერსპექტივით შესთავაზა.
რეალურად, რუსეთი "შავი" სამყაროს ზეწოლით ცდილობდა, რუსეთის დროშით ასპარეზობაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ფრანკფურტის "აინტრახტის" მაშინდელი ცენტრალური მცველი კახა ცხადაძე დაეთანხმებინა. მაგრამ კახა პატრიოტი კაცია და საქართველოს ნაკრების სახელით თამაში არჩია...
თუმცა, ჩვენს ნაკრებს მაინც წაართვეს ერთი ფეხბურთელი - მაღალი კლასის მცველი ომარ თეთრაძე, მერე "რომაში" რომ ითამაშა.
ჩვენგან განსხვავებით კი უკრაინის ნაკრები, ფაქტობრივად, "გაძარცვეს" და გადაიბირეს იურანი, სალენკო, ნიკიფოროვი, ონოპკო, კანჩელსკისი და ციმბალარი...
ვისთან ვიმეგობრეთ?!
- ზემოთ ხსენებული საბჭოთა ნაკრების რეიტინგის მითვისებამ შემდეგი შესარჩევი ტერნირების ჯგუფების ფორმირებაზეც იქონია გავლენა. 1996 წლის შესარჩევი ტურნირისთვის განთესვისას რუსეთი პირველ კალათაში მოხვდა, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები - მესამეში, ხოლო ბელარუსი - მეოთხეში. შესაბამისად, რუსეთმა მიიღო უსუსტესი ჯგუფი, სადაც მათი ყველაზე ძლიერი მეტოქეები იყვნენ საკმაოდ საშუალო დონის საბერძნეთი და შოტლანდია, ხოლო საქართველოს ნაკრებს წილისყრამ შეახვედრა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გერმანია და მუნდიალის მეოთხეადგილოსანი ბულგარეთი, უკრაინელებს კი - მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იტალია და მომავალში 1998 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი ხორვატია.
მოკლედ, წილისყრამ "სიკვდილის ჯგუფებში" გაგვანაწილა.
ევრო 96-ის შესარჩევი ტურნირის შედეგებიც შესაბამისად ლოგიკური იყო. რუსეთი პირველი ადგილიდან ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავიდა, საქართველომ გერმანიის და ბულგარეთის შემდეგ მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო რუსეთის მიერ გაძარცვულმა და დასუსტებული უკრაინა - ხორვატიის, იტალიისა და ლიტვის შემდეგ მე-4 ადგილს დასჯერდა.
ჩვენს ნაკრებს მეტოქეებად ბერძნები და შოტლანდიელები რომ ჰყოლოდათ, საკმაოდ დიდი შანსი იქნებოდა, ისტორიაში პირველივე შესარჩევი ციკლი წარმატებით რომ დაეძლია. არადა, ჯგუფში გვყავდა დაახლოებით შოტლანდიის კლასის უელსი, რომელიც ჩვენებმა ორივე შეხვედრაში დაამარცხეს (5:0, 1:0).
არადა, პირველივე შესარჩევის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომდევნო შესარჩევში გაცილებით სუსტი მეტოქეები გვეყოლებოდა.
ფიფას არასამართლიანი, არასპორტული პრინციპებით მიღებული გადაწყვეტილება შემდგომში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მაინც არაერთგზის შეეძლო გაებათილებინა. სამწუხაროდ, საფეხბურთო და არასაფეხბურთო მიზეზების გამო, მწვერვალებს ვერ შევწვდით.
თუმცა იყო ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება და უზარმაზარი საერთო სახალხო სიხარული მაინც განვიცადეთ - 2003 წლის 30 აპრილს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თბილისში რუსეთის ნაკრებს მალხაზ ასათიანის გოლით რომ მოვუგეთ.
მაგრამ მანამდე იყო ამხანაგურ მატჩში ფრე - 1:1. ამ მატჩმა დიდი ეჭვი გააჩინა, რომ შედეგი შეთანხმებული იყო. და ეს მოხდა იმ ქვეყნის ნაკრებთან, რომელმაც უსირცხვილოდ მიითვისა არა მარტო რამდენიმე რესპუბლიკის ფეხბურთელთა მონაპოვარი და შედეგები, არამედ ეთნიკური კონფლიქტების ინსპირირება და გაღვივება მოახეხრხა, რომლის საჯარისო ფორმირებების უხეში ჩარევის შედეგად ასიათასობით ქართველი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა საკუთარი ისტორიული მიწა-წყალი.
საინტერესოა, ქართულმა ფეხბურთმა ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან "ამხანაგური" ყაიმით რა დივიდენდები მიიღო?!
ფიფას მდუმარება
- ნავთობსა და გაზზე ფასების ზრდასთან ერთად, პუტინმა მკვეთრად გაზარდა საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომის დაფინანსება. რუსეთის იმიჯის შესალამაზებლად მიიღო საეჭვო კენჭისყრაში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება. შემდგომ მიზნად მსოფლიოს უდიდესი სპორტული ფორუმის, საფეხბურთო მუნდიალის მასპინძლობა დაისახა. კვლავ დაიხმარეს უკვე მივიწყებული და პუტინის რეჟიმზე შემომწყრალი ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კოლოსკოვი, რომელიც რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტობიდან ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის "ედინაია რასსიას" ზოწოლით გადადგა...
არახალია 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში გამართული არჩევნების სკანდალური შედეგები: 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობა რუსეთმა მიიღო, ხოლო 2022 წლისა - ყატარმა. ამ უკანასკნელის განაცხადის უმთავრესი ნაკლია საშინელი კლიმატური პირობები - ზაფხულში სიცხე 40 გრადუსზე მეტია. რუსეთის კანდიდატურამ კი აჯობა ინგლისს, აშშ-ს, სამხრეთ კორეას, ავსტრალიას, იაპონიას, ერთობლივი განაცხადების შემტან ბელგია-ნიდერლანდებსა და პორტუგალია-ესპანეთს.
არადა, მას არაერთი ნაკლი ჰქონდა: დიდი ტერიტორია და, შესაბამისად, ქალაქებს შორის დიდი მანძილი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, უპირველესად, რკინიგზა, სასტუმროების დეფიციტი (განსაკუთრებით 3-ვარსკლავიანი სასტუმროების ნაკლებობა, რომელზეც გულშემატკივართა შორის დიდი მოთხოვნაა), მაღალი ფასები.
მოსკოვში უდიდესი პრობლემაა საავტომობილო "საცობები". ხშირად, ამ მხრივ სრული კოლაფსია და 2-3 საათით მოძრაობა შეუძლებელია...
მოგვიანებით, ფიფამ რუსეთს თავზე ხელი კიდევ ერთხელ გადაუსვა და გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გაითვალისწინა უკრაინაში მისი აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციებით გამოწვეული ამ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები. შედეგად, შეამცირა აუცილებელ მოთხოვნათა სტანდარტები - მასპინძელი ქალაქების რაოდენობა 13-დან 11-მდე დაიყვანა, სტადიონების მინიმალური ტევადობა 45 ათასიდან 35 ათასამდე და სავარჯიშო ბაზების რაოდენობა.
კიდევ კარგი, ბლატერი გადადგა, თორემ რუსეთს მორიგ შეღავათებს დაუწესებდა...
წაყრუება და ცინიზმი
- ცინიზმის უმაღლესი გამოვლინებაა, როცა ფიფას მიერ გაცხადებული დევიზია "არა რასიზმს" და რასისტული გამოხტომები ყველაზე ხშირად სწორედ რუსეთის სტადიონებზეა. ამავე დროს, სრულიად უგულებელყოფილია რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსია, უგულებელყოფილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული ეთნოწმენდა. დევიზით - "არა რასიზმს" - დაგმობილია სიტყვიერი შეურაცხოფა და ამავე დროს უგულებელყოფილია ფიზიკური აგრესია.
საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებები პირდაპირ აისახება ამ ქვეყნების საფეხბურთო ცხოვრებაზე: საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს გამოაკლდნენ საფეხბურთო კლუბები - სოხუმის "ცხუმი", გალის "მზიური", ოჩამჩირის "ამირანი", ცხინვალის "ლიახვი"...
ეროვნულმა ნაკრებმა დაკარგა პოტენციური შევსება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებიდან. უკრაინის პრემიერლიგა კი რუსეთის აგრესიის შედეგად 16-დან 14 კლუბამდე შემცირდა - გამოაკლდნენ სიმფეროპოლის "ტავრია" და "სევასტოპოლი", რამდენიმე უკრაინული კლუბი ("შახტარი, "დნიპრო", "ზორია", "ილიჩევეცი", დონეცკის "მეტალურგი") საკუთარ ქალაქებში ვერ თამაშობენ, ვერ ვარჯიშობენ საკუთარ ბაზებზე და იძულებულნი არიან, სხვა ქალაქებში დაიქირაონ ბაზები, რაც დამატებითი ხარჯია.
ასეთ პირობებში, ბევრმა ლეგიონერმა თამაში იუარა და კონტრაქტი გაწყვიტა. დონეცკის "შახტარი" და დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" ევროტურნირების მატჩებს კიევსა და ლვოვში ატარებდნენ და ყოველივე ეს ფიფას და უეფას რეაგირების გარეშე რჩებოდა...
რუსეთის საფეხბურთო კავშირის ჩინოვნიკები ისე გათავხედდნენ, რომ ყირიმის კლუბები "ტავრია" და "სევასტოპოლი" რუსეთის ჩემპიონატში შეიყვანეს და რამდენიმე შეხვედრაც ჩაატარებინეს. ამ კლუბებს მხოლოდ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პროტესტის და პრეზიდენტ პოროშენკოს აქტიური ჩარევის შემდეგ აუკრძალეს რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობა.
მაგრამ რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიმართ არავითარი სანქციები არ გატარებულა. ბოლო ინფორმაცია საერთოდ გამაოგნებელია - უეფა ყირიმის ჩემპიონატს დააფინანსებსო (?!).
სამწუხაროდ, საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" ხშირად იგნორირებულია, და არა მარტო რუსეთის მხრიდან.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთის "ჟილინას" საფეხბურთო სკოლის 14-წლამდელთა გუნდი აფხაზეთს ესტუმრა და სოხუმში ახრიკ ცვეიბას სახელობის საერთაშორისო ტურნირში ითამაშა. ეს ინფორმაცია "ჟილინას" ვებგვერდმა გაავრცელა, სოხუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით კი, სლოვაკები ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
ტურნირში ასევე ითამაშეს მოსკოვის "დინამოს", მახაჩყალის "ანჟისა" და ნალჩიკის "სპარტაკის" ასაკობრივმა გუნდებმა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შენ საერთოდ აზროვნებ?კითხვა და აზრის გამოტანა ისწავლე!