თორნიკე შენგელიას დიაგნოსტიკას სლოვენიაში დღეს ჩაუტარებენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთიდან სლოვენიაში ჩასვლის შემდეგ ვარჯიშები განაახლა.

რუანის ტურნირიდან სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში დაბრუნებული ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მგზავრობის დღეს, 22 აგვისტოს დაასვენა. მეორე დღეს კი "ტერმე ოლიმპიას" კომპლექსში საკმაოდ ნაყოფიერი - ორსაათნახევრიანი ვარჯიში ჩაატარა.

მთავარი მწვრთნელი ნაკრების წევრებისგან მაქსიმალურ მზადყოფნას და ფიზიკურ გამძლეობას ითხოვს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე სხვა, გაცილებით დატვირთული გრაფიკია. თუ წინა წელს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში თამაშები 3-4 დღის ინტერვალით იყო, ევრობასკეტზე 6 დღეში 5 თამაში გვაქვს და ამიტომაცაა, ნაკრების ვარჯიშების წლევანდელი გრაფიკი გაცილებით დატვირთული
რომაა.

კალათბურთელები მრავალნაირ - შეტევით და დაცვით კომბინაციებზე მუშაობენ; რა თქმა უნდა, ტყორცნებზეც ვარჯიშობენ და ტრენაჟორებზეც. ყველა მაქსიმალურად იხარჯება. სრულფასოვნად არ ივარჯიშა თორნიკე შენგელიამ, რომლის დატვირთვასაც ექიმები ერიდებიან.

"თორნიკე შენგელია მწყობრშია, ტკივილი აღარ აწუხებს, მაგრამ სანამ გარანტია არ გვექნება, რომ მისი ტრავმა საბოლოოდ მოშუშებულია, სრული დატვირთვით მის ვარჯიშს ვერ გავრისკავთ.

24 აგვისტოს შენგელიას კლინიკაში წავიყვანთ და დიაგნოსტიკას ჩავუტარებთ. თუკი პასუხი დამაკმაყოფილებელი იქნება, ის სრულფასოვან ვარჯიშზე გადავა, მსუბუქად კი დღესაც ივარჯიშა", - განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ ითქვა სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ არ ვათამაშებთ, თამაში მაინც სულ სხვა დატვირთვებს მოითხოვსო. ახლა ამბობენ მსუბუქად ვარჯიშობსო. ან ისინი მიჰქარავენ, ან ჟურნალისტებს ვერ მოაქვთ ჩვენამდე მწვრთნელ-ექიმების ნათქვამი.
odala
17:44 24-08-2015
0

სიახლეები პოპულარული