კახა ცხადაძე: მეტი ახალგაზრდის მიწვევა დავიწყე, გოგიას თემა დახურულია...

AutoSharing Option
ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი ფინიშს უახლოვდება. საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, "დინამო არენაზე", შოტლანდიას უმასპინძლებს, 7 სექტემბერს კი ირლანდიასთან დუბლინის "ავივა სთედიუმზე" ითამაშებს.

"ჯვაროსნების" დამრიგებელი კახა ცხადაძე ეროვნულ გუნდში საკადრო ცვლილებებს რომ ამზადებს, "ლელო" ამაზე უკვე წერდა. ეროვნულ გუნდში "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერის, 20 წლის საყრდენი ნახევარმცველის, მათე ცინცაძის მიწვევა არავის გააკვირვებს, რადგან მას თემურ ქეცბაიაც აკვირდებოდა და მის მიმართ ცხადაძეც თავიდანვე კეთილგანწყობილი გახლდათ.

სიახლე არც თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობა იყო, რომ ეროვნული გუნდის შეკრებაზე მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძეც იქნებოდა -
დიდი ხანია, რაც ამ ახალგაზრდით დაინტერესებაზე იყო ლაპარაკი, მალტა-გერმანიასთან შეხვედრებამდე კი ნაკრებთან ერთად ივარჯიშა კიდეც.

მათ გარდა, ცხადაძე პირველად დაინტერესდა პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში მოასპარეზე "ფეირენშეს" 25 წლის მეკარე გიორგი მაკარიძით, რომელსაც ქვეყნის მთავარ გუნდში დებიუტი ჯერ კიდევ კლაუს ტოპმიოლერის დროს ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ნაკრებში აღარ გვიხილავს.

ნაკრებში მიიწვიეს ბაქოს "ინტერის" მოთამაშეებიც - ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი (რომელიც ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო ეროვნულ გუნდში აღარ თამაშობდა) და ცენტრალური ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი.

კახა ცხადაძეს სხვა შესაძლო სიახლეებსა და, ზოგადად, საკადრო პოლიტიკაზე ინტერვიუ ვთხოვეთ:

- როგორც ამბობენ, მომავალი მატჩებისთვის შეკრებაზე საკმაოდ ბევრი ახალგაზრდის გამოძახებას აპირებთ...
- დავაზუსტებ: გუნდში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის მიწვევა დავიწყე. კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მირჩევნია, ისინი გავზარდოთ და 2-3 წელიწადში პერსპექტიული ნაკრები გვყავდეს, ვიდრე დინებას მივყვეთ - ერთწლიანი გუნდი არ გვჭირდება.

ოღონდ შენება და ფულის სწორად ხარჯვა დაგვჭირდება. ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ გაცილებით სწორი და გამართლებული გზა იქნება.

ასეთი ვითარებაა - ეროვნულ ნაკრებში ბევრი საინტერესო მოთამაშის მიწვევა გვსურს, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი სანამ აქვს, გვირჩევნია, ზოგიერთმა იქ ითამაშოს.

- აკაკი გოგიას საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ბოლოს და ბოლოს, ამ ბიჭს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს თუ არა?
- მას ხვალვე გამოვიძახებდი, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს.

- გადაწყვეტილების მიღებაზე ფეხს ითრევს თუ რა ხდება?
- ეს თემა დავხურეთ, რადგან გოგიას გერმანიის მოქალაქეობა აქვს. ამ ქვეყნის კანონმდებლობით კი, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. გოგიას მოწვევას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ის გერმანიის პასპორტზე იტყვის უარს და საქართველოს მოქალაქე გახდება.

- გიორგი პაპუნაშვილზე რას გვეტყვით? მას ნაკრებში სულ იძახებდით?
- გიორგის "ვერდერში" გადასვლამ ძალიან გაგვახარა. არ მიკვირს, აქედან წასული მოთამაშის ფუნქციონალური მდგომარეობა რომ დაბალია. გერმანიაში ის დაიხვეწება და ფუნქციონალურ მდგომარეობას გამოასწორებს - იქ ეს შესაძლებელია.

ახლა სწორედ ამაზე ამუშავებენ და დარწმუნებული ვარ, პაპუნაშვილი გერმანულ მოთხოვნებს მცირე ხანში შეეგუება და ათამაშდება.

- საერთოდ, ისეთი სურათი იქმნება, რომ ახალი ნაკრების ჩამოყალიბება გსურთ...
- რა თქმა უნდა! ჩვენი ჩანაფიქრია, რომ მიმდინარე შესარჩევი ეტაპის დარჩენილ შეხვედრებში მომდევნო საკვალიფიკაციო ციკლისთვის ბირთვი ჩამოვაყალიბოთ. აქცენტი უფრო ამაზეა გაკეთებული.

- ანუ ვეტერანებს ნელ-ნელა ჩამოაშორებთ გუნდს?
- არა, ეს გამორიცხულია, რადგან ნაკრებს გამოცდილი ფეხბურთელებიც სჭირდება. კანკავაზე ან კობახიძეზე უარს რატომ ვიტყვით?! ეს ხალხი გვჭირდება და მათ აუცილებლად მოვიწვევ.

საერთოდ, მე მეტი ახალგაზრდის მიწვევა მსურს და არა - ვეტერანების გაშვება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ორი თამაში 3 დღის ინტერვალით. რამდენად ხართ მზად? იქნებ აღდგენა მაინც ასწავლეთ? ამას მხოლოდ 1 ვარჯიში სჭირდება. თუ თამაშის დროს აღდგენასაც ასწავლით ჩვენი ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. ამას კი 2 ვარჯიში სჭირდება. ჩემი პროექტი ამ ყველაფრის შესახებ ფედერაციაში დევს, მაგრამ დღემდე არავინ დაინტერესდით.
გუჯა კახაძე
16:49 26-08-2015
0
ავტორს... შემდეგში გოროზია უხსენე რას ერჩის, ნორვეგიის ლიგა არ მოსწონს?
avtors
17:47 26-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული