საქართველო-შოტლანდია 1:0 - პოზიტივი ტენდენციად უნდა იქცეს! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა არ დაარღვია ოდინდელი ტრადიცია და შესარჩევ ციკლში ერთი დასამახსოვრებელი თამაში მაინც ჩაატარა.

2007 წლის მსგავსად, ჩვენს გამონათებას შოტლანდიის ნაკრები შეეწირა. მაშინ კლაუს ტოპმიოლერის გუნდის კარგ თამაშს გაგრძელება აღარ მოჰყოლია. იმედია, აქ დაირღვევა ტრადიცია და ეროვნული გუნდის კარგი თამაში პროცესში გადაიზრდება.

ამაზე გაამახვილა კიდეც ყურადღება ნამატჩევს კახა ცხადაძემ, რომელმაც ქვეყნის პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ოფიციალური თამაში მოიგო.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

თავი
დანვე ვიტყვით, რომ თამაშის ოქმში მითითებული საქართველოს ნაკრების ტაქტიკური სქემა პირობითია. სამი ცენტრალური მცველის ამბავი გასაგებია. უჩა ლობჟანიძესა და გიორგი ნავალოვსკის კი მცველებს მხოლოდ პირობითად თუ მივაკუთვნებთ - მთელი შეხვედრის განმავლობაში ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრების იერიშებში.

მინდვრის ცენტრში ორი საყრდენი ვიხილეთ - ჯანო ანანიძე და ჯაბა კანკავა. ორივე მათგანი ქმნიდა და შლიდა კიდეც. ცენტრში ამ დუეტის გარჯას, რასაც მალევე მივუბრუნდებით, მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა თამაშის საბოლოო შედეგზე.

ცხადაძემ შოტლანდიის კარზე სამი შემტევი მიუშვა - თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი და ლევან მჭედლიძე, ოღონდ ამათგან ეს უკანასკნელი გამოკვეთილი იყო. ერთხელაც დამტკიცდა, რომ თუ ამ ფორმაციის ნაკრებში თამაში დალაგდება, შეტევაში შექმნა შეგვიძლია.

ასეთი გამარჯვებები მხოლოდ კარგი გუნდური თამაშის შედეგად მოდის. საქართველომ ითამაშა გუნდურად, აწყობილად და ხარისხიანად. თამაშის მთელ რიგ მონაკვეთებში მოწინააღმდეგეზე უკეთესად გვეჭირა ბურთი. თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, სქოთებს ამ კომპონენტში მცირე უპირატესობა აქვთ. ვფიქრობთ, ეს სადავოა, მაგრამ თუ მაინც ასეა, ისევ და ისევ ბოლო 10 წუთის ხარჯზე, როცა ანგარიშში ჩამორჩენილმა მეტოქემ მთელი გუნდით შემოგვიტია. განსაკუთრებით, ის ეპიზოდი გვენიშნა, სტუმრებს ბურთი დაახლოებით სამწუთ-ნახევრის განმავლობაში რომ დავუმალეთ...

მაგრად ითამაშეს მცველებმა, ყველა რგოლი აკეთებდა თავის საქმეს, მაგრამ განსაკუთრებით 4 ფეხბურთელი უნდა გამოვარჩიოთ:

დიდებული იყო მჭედლიძე, ვინც იმდენი იომა, იმდენი ბურთი მოიგო და იმდენჯერ გაამწვავა სიტუაცია, ბარე ორ მატჩს ეყოფოდა; საუკეთესოდ ითამაშა საყრდენად გამწესებულმა ანანიძემ; ძალიან მყარად იდგა გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა. უმაღლეს დონეზე ითამაშა საბა კვირკველიამაც... და სადაც 4, იქაც 5 იყოს - ყაზაიშვილს გოლი უნდა დავუფასოთ.

"ფეარ პლეის" საერთაშორისო დღეს გამართული შეხვედრა მნიშვნელოვნად გაალამაზა ორივე გუნდის გულშემატკივართა ხმაურიანმა ქომაგობამ. ნერვული დაძაბულობა მინდორზე წამითაც კი არ განელებულა...

პირველი სახიფათო შეტევა ქართველებისა იყო. ყაზაიშვილი მეტოქის კარისკენ სახიფათოდ გაიჭრა. მას მჭედლიძე და ოქრიაშვილი ეხსნებოდნენ, თუმცა ვაკომ, რატომღაც, კარში დარტყმა გადაწყვიტა და კარგად ვერ გამოუვიდა.

იქვე, სქოთები მოგვეძალნენ. სტივენ ნეისმიტი ნუკრი რევიშვილთან პირისპირ გასვლას ლამობდა, თუმცა ქართველთა დაცვამ მომხდური დროულად ალაგმა. გვარიანი საფრთხე ავიცილეთ.

21-ე წუთზე ზეაქტიური მჭედლიძე დიდებულად გაისარჯა - ერთბაშად 3 მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და კარშიც დაარტყა, თუმცა "ემპოლის" ფორვარდს ოდნავ დააკლდა სიზუსტე.

შოტლანდიელთა პასუხი წამიერი იყო. მათ რიგებში გამორჩეულმა ნეისმიტმა საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა, თუმცა კარგად მოთამაშე კვირკველიამ ვარდნაში განმუხტა სიტუაცია და ბურთი კუთხურზე გადააგდო.

თანდათან თამაში პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა. მორიგი მომენტი გორდონ სტრაჩანის გუნდისა იყო. ენდრიუ რობერტსონის გადაცემის შემდეგ სტივენ ფლეტჩერი ვარდნაში ცდილობდა გატანას, თუმცა სიტუაცია ისევ კვირკველიამ განმუხტა თავდადებული ვარდნით.

38-ე წუთზე ნანატრი გოლი გავიტანეთ. კანკავას გადაცემის შემდეგ მჭედლიძემ მაღალი ბურთისთვის თავდადებით იბრძოლა და ყაზაიშვილს დაუგდო. ვიტესელიც დიდებულად გაისარჯა - ჩამოხსნა ბურთი, მცველი მოძრაობაში მოიშორა და საჯარიმოს გარედან ცაციათი გამოზომილი დარტყმით შანსი არ დაუტოვა სტუმართა კარის დარაჯს.

ტაიმის ბოლომდე საგოლე მომენტი კიდევ გვქონდა. ცენტრიდან კარგად წავიღეთ ბურთი, ჯანომ მარცხნიდან გახსნილ ოქრიაშვილს გადააწოდა, კუთხე მახვილი იყო და შემტევმა "პოდსებია" გააკეთა და ისეთი გოლის გატანა მოინდომა, როგორიც თავის დროზე ბელორუსს შეუგდო... სამწუხაროდ, სქოთი მცველი ჩვენებურის მოძრაობას არ აჰყვა და ბურთი კუთხურზე გადააგდო.

მეორე ტაიმის დასაწყისი კვლავ საქართველოს ნაკრების აქტიურობით აღინიშნა. თუმცა მანამდე სქოთებმა ნაკუთხურალი ბურთი კარში ჩაგვიხვიეს და იმათმა ფორვარდმა ნუკრი რევიშვილი კარში "შეიტანა". მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. ჩვენ წინ შოტლანდიელმა ჟურნალისტებმა ეს ეპიზოდი არაერთხელ დაატრიალეს, ყველაფერი კარგად გამოჩნდა და ხმა არ გაუღიათ - არბიტრს დაეთანხმნენ...

ისევ საქართველოს შეტევა. ანანიძის პასის შემდეგ გურამ კაშია ურტყამდა დევიდ მარშალის კარში. დარტყმა სასურველად ძლიერი ვერ გამოვიდა და ბურთი მეკარემ ხელებში დააფიქსირა.

მე-60 წუთისათვის სტრაჩანმა ორმაგი შეცვლით თამაში გადააწყო. მან მცველი მოხსნა და მინდორზე თავდამსხმელი შეუშვა, თუმცა ამ საქმიდან ბევრი არაფერი გამოვიდა. სახიფათო მომენტი კვლავ საქართველომ შექმნა.

ისევ მჭედლიძე! ლევანმა ძალუმად წაიღო ბურთი, მიუახლოვდა საჯარიმოს და მარცხენათი ყუმბარისებურად დასცხო - მეტოქე მარშალის ნახტომმა გადაარჩინა.

"ახალი სისხლი" ცხადაძემაც შეუშვა გუნდში - ოქრიაშვილის ნაცვლად მინდორზე გიორგი მერებაშვილი გამოჩნდა. ოქრიაშვილმა უკმაყოფილო ჟესტიკულაციით დატოვა მინდორი და მწვრთნელსაც ხელი არ ჩამოართვა. აქ მხოლოდ ერთი დადებითი მომენტია - ოქრიაშვილს თამაში უნდოდა და ეს კარგია, ამბიციისა და ემოციის გარეშე არც ფეხბურთი ვარგა და არც ფეხბურთელი, მაგრამ ზომიერებას არავინ უნდა გადასცდეს.

აქ არ დავიწყებთ იმის გარჩევას, რამდენად გამართლებული ან გაუმართლებელი იყო ეს შეცვლა, ეს არ არის ახლა პრინციპული საკითხი; მთავარი ისაა, რასაც ფეხბურთელი უნდა შეეგუოს - შეცვლა მწვრთნელის საქმეა და გადაწყვეტილებაზეც ის აგებს პასუხს!

ამ არასასიამოვნო ფაქტზე მეტს აღარ დავწერთ. აღარ დავწერთ თუნდაც იმიტომ, რომ ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების თავკაცმა ძალზე ტაქტიანად ისაუბრა მომხდარის თაობაზე და ვფიქრობთ, აღარ არის საჭირო ცეცხლზე ნავთის დასხმა.

...შოტლანდიამ კი წაგების საფრთხე იგრძნო და მოგვეძალა, მაგრამ ბოლო წუთებში ზედიზედ მოწოდებულ კუთხურებს თუ არ ჩავთვლით (რასაც დიდი საფრთხეც არ მოჰყოლია), შტურმი ეგრეც ვერ მოგვიწყო. საქმე მხოლოდ ნახევარმომენტამდე მივიდა - კვირკველიას ფეხიდან აჭრილი ბურთი რევიშვილმა იოლად მოიხელთა.

ერთ მომენტში ჩვენც მოვიცალეთ შეტევისთვის. ანანიძე-მჭედლიძის კომბინაციის შემდეგ ემპოლელი მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბადეს ბურთი გარედან მოარტყა.

...უსაშველოდ გაწელილი კომპენსირებული დროც (რუმინელმა რეფერიმ 4 წუთის დამატება კი ბრძანა, მაგრამ საბოლოოდ 5 გამოვიდა) ამოიწურა და 3 ქულა ალალად დაგვრჩა, თანაც სოლიდური თამაშიდან გამომდინარე.

რა თქმა უნდა, ცხადაძეს ძალზე ბევრი სამუშაო აქვს. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს და, როგორც ზემოთ ვთქვით, ის პროცესში უნდა გადაიზარდოს, ტენდენციად უნდა იქცეს, მაგრამ კარგი ისაა, რომ:

გვყავს მწვრთნელი, ვინც ნიუანსებში გრძნობს თამაშს...
ბურთის აღარ გვეშინია...
მას უმისამართოდ აღარ ვიგერიებთ...
ვცდილობთ შეტევას და კომბინირებას, რაც ფეხბურთის დედააზრია...
ვცდილობთ პირველ ნომრად თამაშს, რაც ბოლო წლებში დაგვავიწყდა და ხანდახან გამოგვდის კიდეც...
ჯერ ეს ვიკმაროთ.

მთავარია, პროცესი გაგრძელდეს, პოზიტივი ტენდენციად იქცეს!

ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი. VII ტური
04.09.15. თბილისი. "დინამო არენა". 25 000 მაყურებელი
საქართველო-შოტლანდია 1:0
გოლი: 1:0 ყაზაიშვილი (38)
საქართველო (5-2-2-1): რევიშვილი - ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია, ნავალოვსკი - კანკავა, ანანიძე (82. დაუშვილი) - ყაზაიშვილი, მჭედლიძე (90. ვაწაძე) - ოქრიაშვილი (71. მერებაშვილი).
სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე, ხიზანიშვილი, ცხადაძე, კვეკვესკირი, ფოფხაძე, ყენია, გველესიანი, კაკაბაძე.
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
შოტლანდია (4-2-3-1): მარშალი - ჰატონი, მარტინი, მულგრიუ, რობერტსონი (59. ჰენლი) - მორისონი, ბრაუნი - ანია (75. გრიფიტსი), მელოუნი, ნეისმიტი (59. ფორესტი) - ს. ფლეტჩერი.
სათადარიგოები: გორდონი, მაკგრეგორი, რიჩი, მაკარტური, უიტეკერი, რასელი, დ. ფლეტჩერი, გრირი, მარტინი.
მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი
გაფრთხილება: კაშია (9), ანანიძე (44), ნავალოვსკი (78)
არბიტრი: ო. ჰატეგანი (რუმინეთი)

სტატისტიკა
47% ბურთის ფლობა 53%
8 კარში დარტყმა 4
3 ზუსტი დარტყმა 0
5 კუთხური 7
5 თამაშგარე 2
14 ჯარიმა 6
* * *
პარასკევს D ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ცენტრალური მატჩი იყო ფრანკფურტში, სადაც იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ჯგუფის ლიდერი პოლონეთი ისტუმრა, 3:1 დაამარცხა და ადამ ნავალკას კრებულს პირველი ადგილი ჩამოართვა.

04.09. ფრანკფურტი. 49 500 მაყურებელი
გერმანია-პოლონეთი 3:1
გოლები: 1:0 მიულერი (12), 2:0 გიოტცე (19), 2:1 ლევანდოვსკი (37), 3:1გიოტცე (82)
გერმანია: ნოიერი, ჩანი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი, შვაინშტაიგერი, კროოსი, მიულერი, იოზილი, ბელარაბი (53. გიუნდოგანი), გიოტცე (90. პოდოლსკი).
მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
პოლონეთი: ფაბიანსკი, პიშჩეკი (43. ოლკოვსკი), შუკალა, გლიკი, რიბუსი, გროსიცკი (83. პეშკო), იედოლოვიცი, კრიხოვიაკი, მილიკი, ლევანდოვსკი, მაჩინსკი (53. ბლაშჩიკოვსკი).
მწვრთნელი: ადამ ნავალკა
გაფრთხილება: შვაინშტაიგერი, კროოსი - რიბუსი, გროსიცკი
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

04.09. ფარუ (პორტუგ.). 1000 მაყურებელი
გიბრალტარი-ირლანდია 0:4
გოლები: 0:1 კრისტი (26), 0:2 კინი (49), 0:3 კინი (51-პენ), 0:4 ლონგი (79)
გიბრალტარი: პერესი, ბარნეტი, ი. ჩიპოლინა, რ. ჩიპოლინა, გარსია, სარჯენტი (85. გალინგი), უოლკერი, ბარდონი, კ. კაშიარო (61. გიოსლინგი), ლ. კაშიარო, დუარტე (73. იომე).
მწვრთნელი: ჯეფ ვუდი
ირლანდია: გივენი, კრისტი, ოში, კლარკი, ბრეიდი, მაკარტი (70. ქუინი), ველანი, ჰულაჰანი (77. მაკგრეიდი), ჰენდრიქსი, კინი (71. ლონგი), უოლტერსი.
მწვრთნელი: მარტინ ონილი
გაფრთხილება: ბარნეტი, კ. კაშიარო - ვალტერსი
არბიტრი: მარიო სტრაჰონია (ხორვატია)

დღეს
ირლანდია-საქართველო 22:45
პოლონეთი-გიბრალტარი 22:45
შოტლანდია-გერმანია 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა რაგბიში შოტლანდიისთვის მოგვიგია ოდესმე ???
0
ერთი თამაში არაფერია, ისეთ ქვეყანაში სადაც რომელიმე სპორტი ფეხბურთზე მაღლა დგას იქ ცხოვრება და ერთინი საზოგადოება არ არსებობს!
giga
02:36 08-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული