ნემსაძე არცთუ დიდი ხნის წინათ შეუდგა სამწვრთნელო აღმართს და მისი მოსაზრებები უთუოდ საინტერესოა...
- საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებში მთავარ პოზიტივად მიმაჩნია ის, რომ გუნდი ბოლომდე შეეგუა კახა ცხადაძის სქემას - ხუთი მცველი, აქედან ორი - ფლანგელი, შემტევები და ცენტრალური თავდამსხმელი, რომელსაც ბევრი შეუძლია.
- მაშ, ბოლომდე მივიდა კახა ცხადაძის ჩანაფიქრი
- ძალიან ძნელია, 3-4 დღეში მიიტანო ფეხბურთელებამდე ყველაფერი ის, რასაც ფიქრობ. ამის მიუხედავად, ცხადაძემ ეს მოკლე ხანში შეძლო. დღეს საქართველოს ნაკრები სულ სხვანაირად თამაშობს და ეს ფაქტია.
- ცხადაძემ ახალი ამპლუა მოუნახა ჯანო ანანიძეს. მოგეწონათ ჯანო საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე?
- ძალიან მომეწონა. ჩვენ მინდვრის ცენტრში ორი საყრდენი გვყავს - ჯაბა კანკავა და ჯანო ანანიძე. ჯაბა 80 პროცენტით ჩამშლელია და 20 პროცენტით ქმნის, ჯანო კი - პირიქით. ისინი ძალიან კარგად ერწყმიან ერთმანეთს.
- გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს შემტევი ფეხბურთის თამაში შეუძლია...
- შეუძლია და ცხადაძის სქემის მთავარი არსიც სწორედ ესაა. ამ სქემაში შეტევისკენ სწრაფვა იწყება სწორედ იქ, სადაც მარჯვენა და მარცხენა მცველები აქტიურად ერთვებიან იერიშებში. სწორედ აქედან ქმნის საქართველოს ნაკრები რიცხობრივ მეტობას მოწინააღმდეგის ნახევარზე, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია.
შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელები კი საქართველოს ნაკრებში ნამდვილად არიან - თუნდაც იგივე ჯანო, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი...
- რა უნდა იყოს ცხადაძის პირველი რიგის ამოცანა ეროვნულ გუნდში?
- ამისკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგმულია და წინსვლა კიდევ უნდა გავაგრძელოთ - ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ არავინ არ არის ჩვენზე მეტი. რეალურად ეს ასეცაა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ მხრივ უკვე ჩაატარა დიდი სამუშაო - ეს ნათლად ჩანს...
- ფეხბურთი და ემოცია - თქვენ თავად ხანგრძლივი კარიერა გქონდათ, იყავით საქართველოს ნაკრების კაპიტანი. სად გადის აქ ზღვარი ფეხბურთსა და ემოციას შორის? ვგულისხმობ თორნიკე ოქრიაშვილის თემას...
- აქ დაცული უნდა იყოს ოქროს შუალედი, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება. ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე და მილიონობით გულშემატკივარი ელოდება მის თამაშს.
რა თქმა უნდა, მე ციდან არ ჩამოვფრენილვარ და ვიცი, რომ ფეხბურთელი და ემოცია არაფერს გაუყვია. ფეხბურთელს რომ შეცვლა გაუხარდება, უნდა დაახურო ქუდი და სახლში გაუშვა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და შენ არამც და არამც არ უნდა შეეხო პირადულს.
მომხდარმა ნათლად გვიჩვენა, თუ რამხელა შინაგანი კულტურის ადამიანია კახა ცხადაძე. მან დიდი დიპლომატია გამოიჩინა და ეს უკვე მისასალმებელია. სხვათა შორის, ველაპარაკე კახას ამ საკითხზე... მისმა მიდგომამ შედეგი გამოიღო და ყველამ ვნახეთ, რომ ირლანდიაში ოქრიაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა.
როცა საქართველოს ნაკრების მაისურა გვაცვია, პირადულზე მაღლა საქვეყნო საქმე უნდა დავაყენოთ!
- როგორ ფიქრობთ, გვაქვს იმის რესურსი, რომ ამ გუნდიდან თუნდაც საშუალოევროპული დონის ნაკრები მაინც "გამოიძერწოს"?
- გვაქვს, ნამდვილად გვაქვს! ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ გერმანიასა და ესპანეთს აუცილებლად დავამარცხებთ, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ დიდ ტურნირებზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ.
- ფაქტია, ნაკრების გაძლიერებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს ეროვნული ჩემპიონატის უკეთესი ხვალინდელი დღე. როგორ უნდა გახდეს ჩვენი პირველობა თუნდაც ოდნავ უკეთესი, ვიდრე დღეს არის?
- ძალიან რთული თემაა. ჩვენ ვამბობთ, რომ ყაზახეთის გუნდი გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე და კიდევ აზერბაიჯანის ორი კლუბი - ევროპის ლიგაზე.
როგორ დაიწყეს ამ ქვეყნებში? ჩადეს ფული ბავშვთა ფეხბურთსა და კლუბებში, დაელოდნენ შედეგს და გარკვეული ხნის შემდეგ მიიღეს კიდეც ეს შედეგი. ყაზახებმა დიდი ყურადღება მიაქციეს ფეხბურთს. იქ ჰოკეიცაა განვითარებული და ველოსპორტიც. ფეხბურთმაც წამოიწია. ინვესტიცია ჩაიდო და შედეგი სახეზეა. აქ ლაპარაკია ასობით მილიონზე.
საქართველოში დღეს სხვა რეალობაა - ქვეყანას ჰყავს დევნილები, სოციალურად დაუცველები... ყველას გვინდა, რომ ფეხბურთში ჩაიდოს დიდი ფული, მაგრამ ამ ადამიანების, ზოგადად ქვეყნის ინტერესები ხომ გასათვალისწინებელია?!
- მაშ, რა უნდა ვქნათ?
- როცა ჩვენს ქვეყანაში იქნება იმაზე უკეთესი ეკონომიკური სიტუაცია, ვიდრე დღეს არის, ჩვენს ჩემპიონატს და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთსაც გაცილებით უკეთეს რეალობაში მოუწევს არსებობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამიტომ "ტოპ" კლუბების და ასევე სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს ტალატის მოძებნა, რადგან ეს სასარგებლოა ჩვენი ქვეყნის ღირსების დასაცავად, ასევე ბიზნესის კუთხითაც. მეტი ტალანტი თუ ითამაშებს შიდა ჩემპიონატში მეტი მაყურებელი მივა მოედანზე, მეტი სპონსორები ეყოლებათ, მეტი ხელფასი, მეტი გადასახადი შევა სახელმწიფოშიც, მეტი დაინტერესება იქნება სხვა ქვეყნებიდან, რაც ტრანსფერებს მოუხშირებს, რაც გარდაუვალია, თუ ტალანტი გყავს უცხოეთიდან წინადადებას ვერ წაუხვალ, ტრანსფერის ნაწილი კი ბიუჯეტში შევა, მერე სხვა ტალანტს მოძებნი და ა.შ. ეს უნდა იყოს ყოველდღიურობა