ზურაბ ხიზანიშვილი: ეს არის მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია!

AutoSharing Option
33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა. შოტლანდიასთან თბილისურ მატჩში ის სათადარიგო იყო, ირლანდიასთან დუბლინურ ჯახში კი ძირითადში ვიხილეთ და კარგადაც ითამაშა. რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ "დანდისა" და "გლაზგო რეინჯერსის" ყოფილი მცველი მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც კი დაასახელა.

ხიზანიშვილმა საქართველოს ნაკრებში 93 მატჩი ჩაატარა და სანუკვარი ასიც აქვეა. ზურა დღეს ბაქოს "ინტერის" დაცვის ბურჯია. ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი კი წარმატებით თამაშობს აზერბაიჯანის ჩემპიონატში და 10 ქულით მესამე ადგილზეა.

"ლელო" ხიზანიშვილს ბაქოში დაუკავშირდა...

- ზურაბ, ახლა გვეძლევა საშუალება და პირველ რიგში გილოცავთ
საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას. შეაფასეთ შოტლანდიასა და ირლანდიასთან მატჩები...

- ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. მეც გამიხარდა. პირველად რომ დამიძახეს ნაკრებში, მაშინ რა გრძნობაც მქონდა, იგივე იყო ახლაც. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამხელა ემოციის მოზღვავებას ვიგრძნობდი...

რაც შეეხება თამაშებს, ორივე ძალიან რთული შეხვედრა იყო. ჯერ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ შოტლანდიასაც და ირლანდიასაც ჰქონდათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი. მიმაჩნია, რომ შოტლანდიასთან თამაში საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ჩაატარა. ჩვენს ქომაგს ენატრებოდა "პირველ ნომრად" მოთამაშე საქართველოს ნაკრები და მთელ რიგ ეპიზოდებში მათ ეს ნახეს...

ირლანდიაშიც არ გვითამაშია ცუდად. იქ დაღლილობის მომენტიც იყო. საგოლე შანსი მაინც გვქონდა, თუმცა არა - ასპროცენტიანი. ვგულისხმობ ლევან მჭედლიძის მომენტს.

ჩვენ მაინც უნდა გამოვარჩიოთ მთავარი - საქართველოს ნაკრები იცვლება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს მინდორზე. ეს წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

- შოტლანდიის ნაკრებში თქვენი ორი მეგობარი იყო. რას ამბობდნენ ისინი მატჩამდე და რა თქვეს თამაშის შემდეგ?
- ალან ჰატონთან და ალან მაკგრეგორთან ერთად "რეინჯერსში" ვთამაშობდი. ჰატონმა თბილისში ითამაშა, მაკგრეგორი კი სათადარიგო იყო. თამაშის წინ მოვიკითხეთ ერთმანეთი. უფრო ჰატონს ველაპარაკე. მას ახსოვდა 2007 წელს თბილისში წაგებული მატჩი და თქვა - ღმერთმა ქნას, აქედან 3 ქულით წავიდეთ, ჰაერივით გვჭირდება მოგებაო. ამიტომ მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ შოტლანდიამ საქართველო არ შეაფასა.

საერთოდ, ისეთი თამაში იყო, ერთი გოლი ყველაფერს თუ არა, ძალიან ბევრს რამეს რომ წყვეტს და ის გოლი ჩვენ გავიტანეთ. საქართველოს ნაკრები იყო უფრო მწვავე და მიზანდასახული, ღირსეულად მოვიგეთ. ახლა მთავარია, სტაბილურად გვქონდეს ასეთი მატჩები, რადგან შედეგს ყოველთვის სტაბილურობა განაპირობებს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ეპიზოდების გუნდი, უნდა ვისწავლოთ სტაბილურად მოგება.

- ირლანდიასთან მატჩი განსაკუთრებული იყო თქვენთვის. ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით და ბრიტანულმა პრესამ თქვენი გარჯა გამოარჩია. გამოჩნდა, რომ კვლავ მზად ხართ ამ დონეზე თამაშისთვის...
- არ დავმალავ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ბევრი არ ყოფილა ჩემს კარიერაში. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ცხადია, ვემორჩილებით ადამიანურ კანონებს. 6 ოქტომბერს 34 წლის ვხდები. როცა ფეხბურთელი ასაკში შედის, მისი დაღმართი იწყება.

მე პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ ჯერ არ დავბერებულვარ, რომ თავის დროზე ჩემი წასვლა ნაკრებიდან არ იყო სწორი ნაბიჯი, რომ მაშინ მე, "იაშკა" და "კობი" არ ვიყავით ბებრები. ისე გამოვიდა, რომ მაშინ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ოჯახიდან გამიშვეს. კი, ჩემი ფეხით წავედი, მაგრამ ჩემზე კარგად ვინ იცის, რომ გაშვებული ვიყავი...

აქვე, თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. სოციალური ქსელით მათი ბევრი მოლოცვა მივიღე, კეთილი სურვილები...

ვემზადებოდი იმ გუნდში დასაბრუნებლად, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ვემზადებოდი "სამტრედიაში", "დინამოში", "ინტერში"... ვაკეთებდი ყველაფერს და როგორ ფორმაში ვარ თუ ვიქნები მომავალში, ეს მწვრთნელის შესაფასებელია. ჩვენ, ყველანი უნდა დავდგეთ პირად ინტერესებზე მაღლა, როცა საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე და თუ ზურაბ ხიზანიშვილი ან სხვა არ იქნება მზად ამხელა გამოწვევისთვის, მაშინ მან არ უნდა ითამაშოს ნაკრებში.

Sportall.Ge

- 7 სანაკრებო მატჩიც და ზურაბ ხიზანიშვილი "ასიანი" იქნება. არის თუ არა ეს ისეთი მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია?
- 24-25 წლის ასაკში რომ დაგესვათ ჩემთვის ეს კითხვა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა, მომხდარიყო. გეთანხმებით - ეს არის ჩემთვის მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. როცა ხელის თითებზე შეგიძლია დათვალო დარჩენილი თამაშები...

ციფრებს სტატისტიკოსები ითვლიან, მაგრამ ეს ისტორიაცაა. მე ყველაფერი მივეცი ფეხბურთს, უზომოდ მიყვარს ის და ბედნიერი ვარ, რომ ეს შრომა დამიფასდა. ახალგაზრდები მოდიან. მათთვის, ალბათ, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ეს... და აუცილებლად უნდა ვთქვა - ეს არის მიზანი და არა თვითმიზანი. მე არ გამნელებია სპორტული ჟინი და ახლაც ისევე მიყვარს ფეხბურთი, როგორც 17 წლისას, თუმცა ზურა ხიზანიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, მან მხოლოდ სახელისთვის არ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებში...

საერთოდ, ჩემთვის ასაკი ფეხბურთში პირობითი მცნებაა. თუ 20 წლისა ვერ თამაშობ, ვერც 30 წლისა ითამაშებ და პირიქით. მე უკვე უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ 93-ჯერ წარმოვადგინე ჩემი ქვეყანა, მოვისმინე საქართველოს ეროვნული ჰიმნი... ამაზე დიდი პატივი ფეხბურთელისთვის არ არსებობს. ჩვენ უფრო მეტჯერ დავწყვიტეთ გული ქართველ გულშემატკივარს, ვიდრე გავახარეთ, მაგრამ ერთი ვიცი - საქართველოსთვის თავი არ დაგვიზოგავს.

- ჩვენ ვხედავთ, რომ გამოცდილი ფეხბურთელები ყველა ნაკრებში არიან. საქართველოს ნაკრებს ეტყობა პროგრესი და იმედით ვუცქერთ მსოფლიოს მომავალ შესარჩევს. იქნება ზურაბ ხიზანიშვილი ამ ყველაფრის ნაწილია?
- ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუ ვითამაშებ სისტემატურად კლუბში და ფორმაში ვიქნები, რატომაც არა?! 33 წლის ფეხბურთელი სკამზე ვერ დაჯდება კლუბში. ჯერ ვარ "ინტერის" ძირითადში და თავს კარგად ვგრძნობ. საქართველოს ნაკრებში ბევრი ძალიან კარგი მცველია. გეთანხმებით, გუნდს სჭირდება გამოცდილება, მეტადრე - დაცვის ხაზში. თუ დავაკმაყოფილებ სანაკრებო მოთხოვნებს და მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, ნაკრების სამსახურისთვის ყოველთვის მზად ვარ და ვიქნები!

- დაბოლოს, ბაქოს "ინტერზეც" გკითხავთ. აზერბაიჯანის ჩემპიონატში მესამე ადგილზე ხართ და ურიგოდ არც ევროპალიგაზე გითამაშიათ. არადა, შეკრებაც არ გაუვლია და სეზონის დაწყებამდე ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა...
- მართალი ხართ, შეკრება არ გვქონია და ფინანსური პრობლემებიც იყო. მე მაინც ასე ვიტყოდი, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზაურ სვანაძის წვლილია ძალიან დიდი. ხომ არიან ადამიანები, რომელთა ადამიანობა ზოგჯერ შეუძლებელს შეგაძლებინებს? სწორედ ასეთია ზაური. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მამაჩემის მეგობარია და მან ჩამომიყვანა აქ. არიან მწვრთნელები, რომელთაც ფეხბურთელებთან მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა აქვთ, ზაური კი ადამიანურადაც გვიგებს და საქმესაც ერთად ვეჭიდებით.

ჩვენ, ქართველებს, 200 პროცენტი მოგვეთხოვება. იცით, რომ ოთხნი ვართ აქ. მერე ადგილობრივებიც ხედავენ ჩვენს მიდგომას. ხედავენ, ვთქვათ, რომ ვეტერანი გიორგი ლომაია თავს არ ზოგავს და ისინიც ორმაგად ინდომებს... ევროპალიგაზე ნორმალურად ვითამაშეთ. "ბილბაოსთან" გაგვიჭირდა გასვლაზე და ეს ბუნებრივიცაა. ჩემპიონატში მესამე ადგილზე ვართ. მალე ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის შინ - "განჯასთან" და "ყარაბაღთან". ერთი იმის მეშინია, რომ მაინც შეკრებაგაუვლელი გუნდია და აცივდება თუ არა, ტრავმებმა არ შემოგვიტიონ. ეს ფეხბურთის დაუწერელი კანონია, თუმცა ყველა წესს ხომ აქვს გამონაკლისი?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მიდი ხიზან, მთავარია კარგად ითამაშო, ბოღმა "გრუზინებს' არ მოუსმინო; ეგ ხალხი ღმერთისგან განწირულია
morte
14:18 29-09-2015
0
ნეტავ მალე გასკდეთ ბოგმისგან.თქვენც დაისვენებთ და ჩვენც დაგვასვენებთ!!!ხიზანას ულევი წარმატებებიი...
ნინო
13:46 27-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული