8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" უმასპინძლებს გიბრალტარს, 11 ოქტომბერს კი ლაიპციგის "რედ ბულ არენაზე" თვით მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ეთამაშება.
"ლელო" კაკაბაძეს შეეხმიანა და ინტერვიუ სთხოვა...
- ოთარ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთხელ გამოძახებას! ადრე არ გვისაუბრია ამაზე და იქნებ ახლა გვითხრათ, რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა
- მადლობა მოლოცვისთვის. უბედნიერესი ადამიანი ვარ, საქართველოს ნაკრებში რომ გამომიძახეს. სიტყვებით ძნელია ამ გრძნობის გადმოცემა.
- წინ გიბრალტართან მატჩია და რატომღაც გვგონია, რომ დიდი ალბათობით, შეიძლება, თქვენი დებიუტი შედგეს ქვეყნის მთავარ გუნდში. მზად ხართ ამისთვის?
- რასაკვირველია, მზად ვარ საქართველოს ნაკრებში დებიუტისთვის. მეტიც - მოუთმენლად ველი იმ წამს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იქნება ჩემს ცხოვრებაში.
- საინტერესოა თქვენი აზრი საქართველოს ნაკრების უახლოეს ორ შეხვედრაზე...
- გიბრალტართან აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ეს ყველამ ვიცით, თუმცა არის მეორე მომენტი - დღეს ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დაფასება სჭირდება.
გერმანიასთან მატჩს რაც შეეხება, ეს იქნება უმძიმესი თამაში. ახლა მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია - ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ არ წავაგოთ.
- რას იტყვით გორში გამართულ შეხვედრაზე, სადაც "დინამომ" მტკივნეული მარცხი იწვნია?
- ძალიან რთული თამაში გამოვიდა გორში. სამწუხაროდ, დავმარცხდით და ამის მიზეზი, პირველ რიგში, ალბათ თავად ჩვენშია.
- ოთარ, საინტერესოა, როგორ აფასებთ ეროვნული ჩემპიონატის ზოგად დონეს?
- საქართველოს ჩემპიონატი ნამდვილად არ არის იოლი სათამაშო, როგორც ბევრს შეიძლება ეგონოს. დონეზე ზუსტად რომ გითხრათ, სხვაგანაც უნდა მქონდეს ნათამაშები. აქედან გამომდინარე, ვერ ვუპასუხებ ამ კითხვას სრულყოფილად. რომელიმე ჩემპიონატს ხომ უნდა შევადარო ჩვენი პირველობა?
- აქვე, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზეც ვთქვათ, რომელსაც ესპანეთთან ელის პრინციპული მატჩი. ამ გუნდში თქვენი ბევრი მეგობარი თამაშობს და თავადაც ახალგაზრდულში დაიწყეთ ევროშესარჩევი ციკლი...
- ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მატჩები ერთმანეთს ემთხვევა. ისე გამოვიდა, რომ ესპანეთთან მატჩში ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დავეხმარები. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემს მეგობრებს. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. მჯერა, ბიჭებს შეუძლიათ ესპანეთის ნაკრების დამარცხება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"