წვიმიანი ტურნირი ჩინეთში ტომაშ ბერდიხის ტრიუმფით

AutoSharing Option
სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ შენჟენის ტურნირის ორგანიზატორები. ჩინეთის ამ ქალაქში შაბათს დილით დაიწყო წვიმა და კვირა საღამომდე არ შეწყვეტილა. ამის გამო, ფინალური მატჩის ჩატარება ორშაბათისთვის დაიგეგმა.

არადა, შაბათამდე ყველაფერი განრიგის მიხედვით მიდიოდა. და პროგნოზებიც მართლდებოდა. ფავორიტები იგებდნენ და ნახევარფინალამდე გააღწიეს პირველ ოთხ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა - ტომაშ ბერდიხმა, მარინ ჩილიჩმა, ტომი რობრედომ და გილერმო გარსია ლოპესმა.

რეიტინგის მიხედვით ფავორიტებმა - ბერდიხმა და ჩილიჩმა ბრწყინვალედ დაიწყეს ნახევარფინალები და ორივემ პირველი სეტი ერთნაირი ანგარიშით მოიგო - 6:1. როგორც ჩანს, ორივემ გადაწყვიტა მალე მოემთავრებინა
საქმე, რადგან წესით, ფინალის თამაში იმ დღესვე მოუწევდათ. მაგრამ, როცა ორივე მატჩში მეორე პარტიის შუა ნაწილი მიმდინარეობდა, შენჟენში ისევ გაწვიმდა და თამაშები რამდენიმე საათით ისევ შეწყდა.

პაუზის შემდეგ, ბერდიხმა გადამწყვეტი გაქცევა შეძლო და მოუგო რობრედოს - 6:1, 6:4. ჩილიჩმა კი პირიქით, წვიმის შემდეგ ვერ შეძლო წარმატებით განვრცობა. 4:4-ზე მარინს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და მისი რეალიზების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ისიც 6:1, 6:4-ს მოიგებდა, მაგრამ ამის ნაცვლად, ხორვატმა 5:6-ზე საკუთარი მოწოდება წააგო და პარტია გარსია ლოპესს გადაულოცა.

გადამწყვეტი სეტი ჩილიჩმა არადამაჯერებლად დაიწყო და ესპანელს ადრეული ბრეიკის საშუალება მისცა. წარმატებით ფრთაშესხმულმა ესპანელმა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და ბოლო გეიმი "მშრალად" მოიგო - 1:6, 7:5, 6:3.

ჩინური ამინდის კაპრიზები არ შეწყვეტილა და საბოლოოდ, ფინალი ორშაბათსთვის გადაიტანეს.

ბერდიხმა მძლავრად დაიწყო, ადრეული ბრეიკი გააკეთა და მშვიდად მიიყვანა პირველი სეტი მოგებამდე - 6:3. ამასთან, ჩოგბურთელებს პირველი სეტის მსვლელობისას, ერთი საათით მოუწიათ კორტის დატოვება. როგორც იქნა, ადგილობრივი დროით 16 საათზე მატჩი განახლდა და აღარ შეწყვეტილა.

გარსია ლოპესმა შეძლო მეორე სეტში უპირატესობის მოპოვება - 3:0, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა. ბერდიხმა დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, ტაი-ბრეიკზე კი მეტოქეზე ერთით ნაკლები შეცდომა დაუშვა - 7:6(7). მე-13 გეიმში ჩეხმა მეტოქის მოწოდებაზე ერთი სეტბოლი მოიგერია.

ეს ტიტული პირველია ამ სეზონში ჩეხისთვის და მე-11 კარიერაში. ტომაშს "ჩემპიონთა რბოლაში" 4250 ქულა დაუგროვდა და მას ხელს აღარაფერი შეუშლის ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი ითამაშოს.

ფინალი
ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 1)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 4) 6:3, 7:6(7).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული