სფფ რუსეთის სამხედრო კომისარიატში კახა ცხადაძის დაბარებას ეხმაურება

AutoSharing Option
რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის სამხედრო კომისარიატში კახა ცხადაძის დაბარების თაობაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეხმაურება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სფფ-ის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია გაკვირვებას იწვევს, რადგან ცხადაძე არასდროს ყოფილა რუსეთის მოქალაქე.

"სრულიად გაუგებარია გავრცელებული ინფორმაცია, რადგან კახა ცხადაძე რუსეთის მოქალაქე არასდროს ყოფილა. იმ მისამართზე, რა მისამართიც წერია, ნაკრების მწვრთნელი 15 წლის წინ, 2000 წელს ცხოვრობდა", - აცხადებენ ფედერაციაში.

პრესსამსახურის თქმით, საქართველოში კომისარიატში დაბარების თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მოსულა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს რუსეთის სამხედრო კომისარიატში იბარებენ. ამის შესახებ
ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას რუსული საიტები ავრცელებენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო კომისარიატში ცხადაძის გამოძახების მიზეზი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული მონაცემების დაზუსტებაა. დოკუმენტი კი გაგზავნილია მისამართზე, სადაც ცხადაძე 2000 წლის შემდეგ აღარ ცხოვრობს. ეს ბინა, რომელიც ცხადაძემ მოსკოვის "დინამოსგან" მიიღო, 15 წლის წინ გაყიდა.

კახა ცხადაძე ფეხბურთელობისას მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს", გერმანული "აინტრახტის", ინგლისური "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა. მას, საქართველოს ეროვნული გუნდის გარდა, სსრკ-ისა და დსთ-ის ნაკრებებშიც უთამაშია.

კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2014 წლიდანაა. ამჟამად ის ეროვნულ გუნდს ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ამზადებს. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს, 11 ოქტომბერს კი სტუმრად მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული