თამაშის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს კომენტარი ვთხოვეთ.
"უპირველესად, გამარჯვებას ვულოცავ გუნდს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს. დღეს ეჭვი არავის გვეპარებოდა, რომ სამ ქულას მოვიპოვებდით. მართალია, მეორე ტაიმით ძალიან კმაყოფილები არ ვართ და მეტსაც ველოდით, მაგრამ მთლიანობაში კარგია, რომ მოვიგეთ და 3 ქულა ავიღეთ.
მთავარია, ფეხბურთელებმა გერმანიასთან შემდეგ თამაშამდე ძალების აღდგენა მოახერხონ, რადგან ყველამ იცის, რა დონის მოწინააღმდეგესთან გვექნება საქმე.
კობიაშვილს ფედერაციის ახალი გენმდივნის თაობაზეც ვკითხეთ:
"საუბარია რამდენიმე კანდიდატზე, მაგრამ დღეს მათ ვერ დავასახელებ. ალბათ, შემდეგ კვირაში აღმასკომს მოვიწვევთ. ცნობილია, რომ რიგგარეშე ყრილობის თარიღია დასადგენი, სადაც აღმასკომის ახალი წევრები უნდა ავირჩიოთ. მათგან შეირჩევიან ვიცე-პრეზიდენტები. რაც შეეხება გენერალურ მდივანს, დღეს ამ მოვალეობას ისევ დიმიტრი ბოკერია ასრულებს. შემდეგ კვირას კი ამ თემაზე უფრო კონკრეტულად ვილაპარაკებთ".
მისი თქმით, ფედერაციაში ახალი სუბიექტების გაწევრიანება რეალურია:
"თუ კლუბებს გაწევრიანების სურვილი ექნებათ, შემოიტანენ განცხადებას, განვიხილავთ და როგორც წესია, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ძველ ფედერაციასთან პრეტენზია ამასთან დაკავშირებით გვქონდა. ჩემი პოზიცია კი ცნობილია და არ შემიცვლია - ყველაფერი წესდების მიხედვით უნდა გაკეთდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"