ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კახა ცხადაძე განსაკუთრებით ჯაბა კანკავას მეწყვილე საყრდენ ნახევარმცველს ეძებდა, რომელიც ბურთის დაჭერასა და განაწილებას მოახერხებდა.
ამ პოზიციაზე მან რამდენიმე ფეხბურთელი მოსინჯა, რომელთა შორისაც ჯანო ანანიძე აშკარად გამოირჩეოდა, მაგრამ მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ლეგიონერს ახლა ტრავმა აქვს და
23 წლის ფეხბურთელმა გიბრალტართან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ბევრი ფიქრობდა, რომ ცხადაძე აზერბაიჯანის ჩემპიონატის მოთამაშის გერმანიასთან დაყენებას ვერ გარისკავდა. ცხადაძემ კი გარისკა და კვეკვესკირის პოტენციალიც გამოჩნდა.
ლაიპციგში საქართველოს ნაკრებმა ღირსეული თამაში რომ აჩვენა, ამაში თავისი პოზიტიური როლი კვეკვესკირმაც ითამაშა: ბურთიც კარგად ამოჰქონდა და თანაგუნდელებს შეტევაში დროული და მწვავე გადაცემებით ამარაგებდა. ჩვენების მიერ შექმნილი მომენტების უმრავლესობაშიც სწორედ გუნდის დებიუტანტი მონაწილეობდა.
ნიკა კვეკვესკირი ჯერ კიდევ გერმანიაში იყო და ბაქოში გამგზავრებას აპირებდა, როცა დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...
- თქვენგან ჯერ ზოგადი შეფასება გვაინტერესებს. რას იტყვით თამაშზე?
- თამაშმა გაორებული გრძნობა დამიტოვა მეც და, ალბათ, ყველასაც. ერთი მხრივ, კმაყოფილები ვართ, რომ ასე ღირსეულად ვითამაშეთ. მეორე მხრივ, ძალიან დასანანი მარცხი იყო. დავინახეთ, რომ აშკარად მეტი შეგვეძლო და იმედია, ღირსეული წაგებით ბოლოჯერ ვიქნებით კმაყოფილები.
- ასეთ სიტყვებს ფეხბურთელებისგან იშვიათად ვისმენთ...
- არა, რატომ? რაც ახლა ვთქვი, ის ჩვენი ბიჭების განწყობასაც ასახავს. ამიერიდან, უფრო დიდ მიზნებს დავისახავთ, რადგან ჩემი აზრით, ამ ნაკრებს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია.
- მოულოდნელი იყო, ასეთ სოლიდურ მეტოქესთან ცხადაძე რომ გენდოთ, არადა, გიბრალტარამდე ნაკრებში არ გითამაშიათ...
- აქამდე მხოლოდ რამდენიმე შეკრებაზე გამომიძახეს, დებიუტი კი გიბრალტართან მქონდა... უპირველესად, იმას ვიტყვი, ჩემი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო და ის უკვე ამიხდა. მაგრამ წინ კიდევ ბევრი ოცნება და მიზანია, რომელიც ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება და იმედია, ეს თაობა ქართველი გულშემატკივრის გახარებას შეძლებს...
რაც შეეხება სირთულეს, რასაკვირველია, ნაკრების დონეზე თამაში რთულია, მიუხედავად იმისა, რა დონის მოწინააღმდეგე გყავს. საბედნიეროდ, ჩემი სადებიუტო მატჩისთვის შედარებით სასურველი მოწინააღმდეგე - გიბრალტარი გვყავდა. ეს თამაში ნაკრებთან გაშინაურებაში დამეხმარა. პლუს ამას, ადაპტაციის გავლაში ბიჭებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ მეც და ასევე სხვა ახალწვეულებსაც.
- გიბრალტართან კარგი მატჩი არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია და ნერვიულობა და დაძაბულობა დიდად არც გეტყობოდათ. საერთოდ, ასეთი ხართ?
- შეიძლება მატჩამდე იყოს რაღაც დაძაბულობის მომენტი, მით უმეტეს, როცა მსოფლიო ჩემპიონს ეთამაშები, მაგრამ როცა მინდორზე გავდივარ, არასოდეს ვფიქრობ, მეტოქე ძლიერია თუ სუსტი. უბრალოდ, გავდივარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო და თამაშისგან სიამოვნება მივიღო.
- ბურთის "ამოტანა" და, რაც მთავარია, ზუსტი პასებით თანაგუნდელების მომარაგება და თამაშის გამწვავება ნაკრების პრობლემა იყო. გულშემატკივრებს მოეწონათ თქვენი თამაში. აქამდე რამდენიმე პოზიციაზე მოგსინჯეს. ეს არის თქვენი საყვარელი ადგილი მოედანზე?
- ძალიან მიხარია, გულშემატკივარი თუ დადებითადაა განწყობილი. მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოზიციას რაც შეეხება, ბაქოს "ინტერში" ზუსტად ამავე პოზიციაზე ვთამაშობ და აქამდეც, ძირითადად, საყრდენად მიწევდა თამაში. ასე რომ, ეს ადგილი ჩემთვის ნამდვილად არ არის უცხო. საყრდენ ნახევარმცველად ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.
- პირველი საგოლე მომენტისას შეტევა თქვენ წამოიწყეთ, მეორე ტაიმში კი, თქვენი დარტყმის შემდეგ, გერმანია ნოიერმა გადაარჩინა. როგორ გაიხსენებთ ამ ეპიზოდს?
- ბურთს ისეთი ტრაექტორია ჰქონდა, უცებ გავიფიქრე, რომ გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ... კარში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იდგა და მან ეს ამ შემთხვევაშიც დაამტკიცა.
- ჩვენს გოლამდე და შემდეგაც იყო საკმაოდ დიდი მონაკვეთი, როცა ძნელი გასარკვევი იყო, რა დაემართათ გერმანელებს. შორიდან როგორ ჩანდა ეს ერთია და, მოედანზე მყოფს უკეთ გეცოდინებათ - მართლა ანერვიულდნენ მსოფლიოს ჩემპიონები?
- რთულია ნერვიულობაზე ან დაბნეულობაზე ლაპარაკი, როცა საქმე გერმანიის ნაკრებს ეხება... თუმცა იყო მონაკვეთები, როცა ჩვენ უკეთ ვთამაშობდით, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე. ეს მათთვის, ალბათ, მოულოდნელი იყო...
- წარმატებასა და კარიერულ წინსვლას გისურვებთ. თქვენმა და საერთოდ, ნაკრების თამაშმა დაგვაიმედა, რომ ფეხბურთი ქართველების თამაშიც არის. მაგრამ ამით არ უნდა დაკმაყოფილდეთ და პროგრესზე უნდა იფიქროთ...
- ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, გავხდეთ ის თაობა, რომელიც ქართველ ხალხს დიდი ხნის ოცნებას აუხდენს. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ... პირადად ჩემთვის კი მთავარია, კარგ ჩემპიონატში მოვხვდე, რათა ფიზიკურადაც და საერთოდაც, უფრო მოვუმატო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"