საქართველო ევრო 2016-ის შესარჩევში: პროგრესი არის, გაგრძელებაც უნდა იყოს!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთი შესარჩევი ციკლი მიაბარა ისტორიას. ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ადრეც უჩუქებია ჩვენთვის იმედი, მაგრამ ახლა სხვა საქმეა. ჩვენ ვნახეთ, რომ თუნდაც გერმანიასთან 29 მარტის მატჩის შემდეგ პროგრესი თვალსაჩინოა.

ყველამ ვიცით, რომ ემოციებში არ უნდა ჩავეფლოთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ჩვენი ოცნების ზღვარი და ნაკრებმა კიდევ უნდა მოუმატოს, მაგრამ ეს ციკლი ძნელად თუ დაგვავიწყდება. ციკლი, რომლის დასაწყისშიც ვიწვნიეთ არაერთი მტკივნეული მარცხი, ენდშპილი კი იყო იმედიანი და შედეგიც, ასე თუ ისე, უკეთესი მივიღეთ.

მოდით, კიდევ ერთხელ
გადავავლოთ თვალი გასული საკვალიფიკაციო ეტაპის პერიპეტიებს...

ცუდი დასაწყისი
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლის დაწყებამდე რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თბილისში დავამარცხეთ (2:0) ლიხტენშტაინის ნაკრები. მერე მოვუგეთ (2:0) საუდის არაბეთს, შემდეგ იყო ისევ მარცხი, ამჯერად - არაბთა გაერთიანებული საემიროების უპირველეს გუნდთან (0:1).

შესარჩევი ციკლი დავიწყეთ ჩვენთვის ძალიან უხერხულ ნაკრებთან - ირლანდიასთან, თბილისური მატჩით. 2014 წლის 7 სექტემბერს "დინამო არენაზე" დიდი ბრძოლა იყო. საბოლოოდ, მინიმალური ანგარიშით, 1:2 წავაგეთ.

ანგარიში 24-ე წუთზე ეიდენ მაკგიდიმ გახსნა. 38-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. "სამყურებმა" ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და იძალეს - ირლანდიელთა გამარჯვების გოლიც ამ მატჩის "პრიმამ" - მაკგიდიმ შეაგდო, თანაც ბოლო წუთზე.

საბოლოო ჯამში, ნორმალურად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. სასტარტო მარცხმა საქართველოს ნაკრებზე ძალიან ცუდად იმოქმედა...

შოტლანდიაშიც ვიბრძოლეთ, მაგრამ...
მომდევნო მატჩი გვქონდა გლაზგოში, "აიბროქსზე". თემურ ქეცბაიას ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა ტრადიციას არ უღალატა და ამჯერადაც იბრძოლა ფავორიტ შოტლანდიასთან, თუმცა... სქოთებმა მაინც გვაჯობეს. ეს განსაკუთრებით საცნაური იყო შეხვედრის პირველ ტაიმში.

ქართველთათვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა შოტლანდიელთა უსწრაფესი ფლანგელის, იკეჩი ანიას შეჩერება. მივიღეთ ავტოგოლი: 28-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში აკაკი ხუბუტიამ გაიტანა. მეტი გოლი ამ თამაშში აღარ გასულა...

გასეირნება ფარუში
ევროპული ფეხბურთის ახალმოსახლე გიბრალტართან საქართველოს ნაკრებს უნდა მოეგო და მოიგო კიდეც. ის კი არა, ქართველი ქომაგი ჩვენი ფეხბურთელებისგან შეტევაში უფრო შედეგიან თამაშს ელოდა.

პორტუგალიის ქალაქ ფარუში (გიბრალტარის საშინაო ასპარეზი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს) გამართული მატჩი, ცხადია, ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა. გოლები ნიკა გელაშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და ჯაბა კანკავამ გაიტანეს.

რა თქმა უნდა, ქეცბაიას შეგირდთა გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა, მაგრამ მაინც ვერ დავრჩით ბოლომდე კმაყოფილნი. არბიტრმა გიბრალტარს არ ჩაუთვალა გოლი, რომლის ჩათვლაც თავისუფლად შეეძლო...

ქეცბაიას ეპოქის დასასრული
...უკვე ის პერიოდია, როცა საქართველოში ბევრი ღიად აფიქსირებს აზრს, რომ ქეცბაია თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ურთიერთობა დაეძაბა ჟურნალისტებთან.

2014 წლის 14 ნოემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე", საქართველოს ნაკრებში ქეცბაიას ეპოქა დასრულდა. პოლონეთთან მატჩში განცდილი მარცხი ლაკმუსის ქაღალდივით იყო - გამოჩნდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.

ქართული ფეხბურთის უახლეს ისტორიაში პოლონეთთან თბილისური თამაში (განსაკუთრებით - მეორე ტაიმი) ერთ-ერთი უცუდესი იყო. სტუმრებმა საქართველოს ნაკრების კარში 4 უპასუხო გოლი (გლიკი, კრიხოვიაკი, მილა, მილიკი) გაიტანეს.

ცხადაძის დასაწყისი
2014 წლის ბოლოს საქართველოს ნაკრები კახა ცხადაძემ ჩაიბარა. 2015 წლის 25 მარტს პირველი ამხანაგური მატჩი თბილისში გვქონდა, მალტასთან. ეროვნული გუნდის თამაში, რა თქმა უნდა, არ იყო იდეალური, მაგრამ გამარჯვებამ (2:0) გაგვახარა და იმანაც, რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ "პირველ ნომრად" ვითამაშეთ.

გოლები ჯაბა კანკავამ და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს. ეს იყო და, სულ ოთხ დღეში, 29 მარტს, ხახაში ეგრევე მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ჩავუვარდით.

"დინამო არენაზე" მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა ალალად მოგვიგო მარკო როისისა და თომას მიულერის გოლებით, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენს გარჯას უიმედო არ ეთქმოდა...

შეკრების სიკეთე
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან წაადგა ავსტრიული შეკრება. მართალია, მისი შედეგი წამიერად ვერ ვნახეთ, მაგრამ მწვრთნელმა გუნდს მოარგო თავისი ტაქტიკა, ერთ ოჯახად შეკრა და "ზემოდან" თამაშსაც დაეჩვია.

ვითამაშეთ მეტად სასარგებლო ამხანაგური მატჩი უკრაინასთან. მართალია, დავმარცხდით (1:2), მაგრამ შეკრულ და ბრძოლისუნარიან მოწინააღმდეგეს მთელ რიგ ეპიზოდებში ვაჯობეთ.

კრავეცისა და კონოპლიანკას გოლებს "ჯვაროსანთაგან" მათე ვაწაძემ უპასუხა ეფექტური თავურით.

ბოლო წუთის კოშმარი
ამის შემდეგ, 13 ივნისს, იყო ევროშესარჩევი გასვლითი მატჩი პოლონეთთან. 62 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრები კარგად უმკლავდებოდა (ძირითადად, მეკარე გიორგი ლორიას საიმედო თამაშის ხარჯზე) ფავორიტის იერიშებს... და ამ დროს მილიკმა გაგვიტანა.

საქართველომ თამაში გამოასწორა და მოწინააღმდეგის კარისკენ გაიწია, გიორგი ნავალოვსკის დარტყმულმა ხარიხაც შეაზანზარა, მაგრამ... 89-ე(!) წუთიდან ჩვენი გუნდისთვის ნამდვილი კოშმარი დაიწყო. ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკმა (4-წუთიან მონაკვეთში) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

ეს იყო მომენტი, რომელიც ჩვენი გუნდის ცხოვრებაში არამც და არამც აღარ უნდა განმეორდეს. ეს იყო მომენტი, როცა ქვეყნისთვის მოთამაშე 11 ქართველი ერთად გაჩერდა...

როგორც იქნა!
4 სექტემბერს თბილისს შოტლანდიის ნაკრები ეწვია. სქოთებს ახსოვდათ უმწარესი თბილისური გამოცდილება და საქართველოსთან სათამაშოდ სრული სერიოზულობით მოემზადნენ.

ისტორია განმეორდა და შოტლანდია ევროპულ მატარებელს დიდწილად საქართველოს ნაკრებთან განცდილი მარცხის გამო ვერ შეახტა. ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში, 38-ე წუთზე, არნემის "ვიტესის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

საქართველო ძალიან გაახარა ამ გამარჯვებამ. ვნახეთ, რომ ევროპული კლასის მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად ფეხბურთელებიც გვყავს და მწვრთნელის კვალიფიკაციაც მოგვდევს.

ცუდი მეორე ტაიმი
7 სექტემბერს საქართველო დუბლინში ეთამაშა ირლანდიას. პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო. მეორე ნახევარში ძალა გამოგველია - შოტლანდიასთან მომქანცველმა მატჩმა, როგორც გამოჩნდა, დიდი ენერგია წაიღო.

ირლანდიელთაგან ერთადერთი გოლი უოლტერსმა გაგვიტანა. წავაგეთ, მაგრამ გაჩნდა საფუძვლიანი იმედი, რომ თუნდაც მომავალ ციკლში საქართველოს ნაკრებს, იმავე ირლანდიასთან, შინაც და გარეთაც, დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლია.

იმედის მატჩი
8 ოქტომბერს თბილისში ვისტუმრეთ გიბრალტარი, თუმცა ყველა გერმანიასთან მატჩის მოლოდინით ვცხოვრობდით. ამადაც თუ იყო, რომ ევროპული ფეხბურთის უდავო აუტსაიდერს მხოლოდ 4 გოლი ვაკმარეთ (მათე ვაწაძე-2, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი).

მერე იყო ლაიპციგური მატჩი. თომას მიულერისა და მაქს კრუზეს გოლებით გერმანიამ გვიან გაგვტეხა, მაგრამ ამათ შორის იყო ჩვენი გუნდის კაპიტნის, ჯაბა კანკავას გოლი, რომელიც პორტუგალიურმა გამოცემა "ა ბოლამ" ზინედინ ზიდანის მიერ 2002 წელს "ლევერკუზენთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში შექმნილ შედევრს შეადარა. მანუელ ნოიერმა კი, როგორც თავად თქვა, ვერ გაარჩია, გერმანია საქართველოს ნაკრებს ეთამაშებოდა თუ იტალიას ან ესპანეთს.

მარტო ის რად ღირს, რომ გერმანელთაგან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ნოიერი დაასახელეს - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, რომელმაც ოქრიაშვილსა (ორჯერ) და ნიკა კვეკვესკირს სამი "მკვდარი" ბურთი აუღო...

საუკეთესონი
ეს ამ წერილის ავტორის აზრია და არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზიაროს - საქართველოს ნაკრების ორი საუკეთესო მოთამაშე, ამ შესარჩევ ციკლში, ჯაბა კანკავა და ვაკო ყაზაიშვილი არიან.

ჯაბა მთელი ციკლის, ვაკო კი, მეტწილად, შესარჩევის მეორე ნახევარში ეროვნული გუნდის ლიდერებად მოგვევლინნენ. მომავალ საკვალიფიკაციოში მათგან კიდევ უფრო მეტს ველით, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენი ნაკრებისგან.

მომავალი
მომავალ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან უელსი, ავსტრია, ირლანდია, სერბეთი და მოლდოვა. პროგრამა-მინიმუმი მესამე ადგილის დაკავებაა, მაქსიმუმი კი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლა.

თუ ჩვენ ვივლით პროგრესის გზაზე, თუ ფეხბურთელები ჯანზე იქნებიან, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, რეალურად ვიბრძოლოთ დასახული ამოცანის შესრულებისთვის.

ჩვენი ჯგუფი ძალიან თანაბარია. აქ ბოლომდე იქნება ბრძოლა და დაიკარგება ბევრი ქულა. საქართველოს აქვს რესურსი, ჯგუფში წარმატებული თამაშით ევროპა გააკვირვოს. გააკვირვოს ისევე, როგორც ეს ისლანდიამ, ალბანეთმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ გააკეთეს.

ეს უნდა შევძლოთ და ისიც ვიცოდეთ, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობა სრულიად საკმარისია საშუალოევროპული დონის გუნდის ჩამოსაყალიბებლად.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე კი საქართველოს ნაკრებს სჭირდება კარგი შეკრებები და კარგი სპარინგები. იმედია, ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ამ საქმეს თავს მოაბამს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი სტატია იყო ძალიან ხშირად კარგ სტატიებს წერს ეს ავტორი , მაგრამ ძალიან ბევრი აკრიტიკებს რატომ ? არ ვიცი
irakli arqania
23:25 14-10-2015
0
Eg yvelaferi kai magram rato miachnia bevrs chveni shemdegi jgufi ioli ver vxvdebi albat imitom rom grandebi ar arian arada urtulesi jgufia. avstria romelic dzalian dzlierad chaatara shesarchevi da rac mati tamashi maxsovs aseti gundi didi xania ar yoliat.irlandia dzalian uxerxuli metoqe chventvis da aramarto chventvis.serbeti romelmac chaagdo es shesarchevi magram didi potencialis nakrebia tundac shemadgenlobit.uelsi chventvis kargad dacdili gundia magram dzalian mogonierebuli,shekruli da yavt beili.moldovaze arafers vityvi magram isinic chventan gaigijeben tavs. Ase rom gagvichirdeba chemi azrit. Gmertma qnas gavidet
Givi
02:26 15-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული