დავხუროთ ღირსეული წაგების თემა - კახა ცხადაძის სრული პრესკონფერენცია

AutoSharing Option
21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა და განვლილი შესარჩევი ციკლის შეფასების გარდა, ქვეყნის პირველი გუნდის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა...

დავხუროთ ღირსეული წაგების თემა
- მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ პრესკონფერენციაზე მობრძანებისთვის, - ასე დაიწყო ცხადაძემ პრესკონფერენცია, - მოდით, ერთხელაც გადავავლოთ თვალი გასულ თამაშებს, გავიხსენოთ, რა და როგორ მოხდა...

მალტასა და გერმანიასთან მატჩებში ჩვენ ვითამაშეთ სუფთა ემოციაზე. მალტასთან გამარჯვება იყო სწორედ ამ ემოციის შედეგი. გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი, გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები...

ამ ორ თამაშში ხშირი იყო ქაოსი მინდორზე და
სიმართლე უნდა გითხრათ, ეს არც გამკვირვებია.

ახალი მწვრთნელი, ახალი სქემა - ამ ყველაფერთან ადაპტირება გარკვეულ დროს მოითხოვს. ჩვენ ვიცოდით, რომ მშვიდად უნდა გაგვეგრძელებინა მუშაობა და ასეც მოვიქეცით...

ამას მოჰყვა ავსტრიული შეკრება, რომელიც ძალიან წაგვადგა. ჩვენ ვეთამაშეთ უკრაინის ნაკრებს და ძლიერ მოწინააღმდეგეს აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. წავაგეთ ეს მატჩი, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება - მეტოქეზე უკეთესი ხარ, მაგრამ მაინც მარცხდები...

პოლონეთთან მატჩის პირველი 20 წუთი ჩაგვივარდა. აქ იყო რამდენიმე მომენტი, მაგალითად, გასვლითი მატჩის სინდრომი, შიშის სინდრომი... მეორე ტაიმში ჩვენ ვითამაშეთ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი იქამდე, სანამ არ გავუშვით მეორე გოლი...

მას შემდეგ, რაც მეორე გოლი გავუშვით, დადგა დიდი ჩავარდნა, რაც აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ამ ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო, რაც მოხდა...

შოტლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრები უკვე მზად იყო შედეგის "დასადებად" და ასეც მოხდა. შოტლანდიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ გუნდის დამარცხება და თან ისე, რომ ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, ვითამაშეთ გუნდური, კომბინაციური თამაში, ვითამაშეთ გამართული ფეხბურთი... აქედან გამომდინარე, ჩვენი გამარჯვება აბსოლუტურად კანონზომიერი იყო.

ირლანდიასთან შეხვედრაში კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. ამის შემდეგ, მეორე ნახევარში, დაღლა დაგვეტყო და თამაში ჩავაგდეთ. ირლანდიასთან გამოჩნდა, რომ გვაქვს "მოკლე სათადარიგო სკამის" პრობლემა და ამ პრობლემაზე უნდა ვიმუშაოთ...

შოტლანდიასთან მატჩმა ძალიან ბევრი ძალა წაიღო. მოკლე მონაკვეთში კი ძალების აღდგენა ვეღარ მოხერხდა. რამდენიმე ფეხბურთელი საკუთარ თავს გადაახტა და ისე ითამაშა, მაგალითად - ვაკო ყაზაიშვილმა. ბოლო 13-14 წუთის განმავლობაში 10 კაცით დავრჩით და რაიმეს შეცვლა წარმოუდგენელი იყო...

მივედით გიბრალტართან შეხვედრამდე. გვაქვს ამბიცია, რომ ასეთი დონის გუნდთან მოვიგოთ და თანაც, მოვიგოთ დიდი ანგარიშით. ჩვენ მოვუგეთ გიბრალტარს, მოვუგეთ დიდი ანგარიშით და თან ისე, რომ გერმანიასთან მატჩისთვის ძალებიც შევინახეთ...

რაც შეეხება გერმანიასთან მატჩს, მეტოქე საამისოდ სრული სერიოზულობით ემზადებოდა. მატჩის წინა დღეს, დილით, ვესაუბრე გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრს, ანდრეას კიოპკეს. მან მითხრა, რომ ბუნდესნაკრებში განწყობა ბოლომდე საბრძოლო იყო...

გერმანიის ნაკრებს ჰქონდა კონკრეტული მოტივაცია. მათ ჯიბეში სულაც არ ედოთ ევროპის ჩემპიონატის საგზური და ეს ყველაზე კარგად თავად იცოდნენ. ბევრი, ალბათ, ფიქრობდა, რომ 0:6-ს ან 0:7-ს წავაგებდით, მაგრამ ასე არ მოხდა - წავაგეთ მინიმალური ანგარიშით და მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა შევუქმენით. 1:1-ზე ორი მომენტი გვქონდა და ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა...

თუმცა წავაგეთ და საკითხს მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, ჩვენ გვაინტერესებდა, რა გზა გავიარეთ თბილისში, გერმანიასთან 29 მარტის შეხვედრის შემდეგ და ესეც ვნახეთ...

წაგების გამო კმაყოფილები ვერ ვიქნებით. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დაიხუროს "ღირსეული წაგების" თემა ქართულ ფეხბურთში. მსოფლიოში არ არსებობს ცნება - "ღირსეული წაგება". ჩვენც აღარ უნდა გამოვიყენოთ ის. წაგება წაგებაა...

- იპოვა თუ არა საქართველოს ნაკრებმა თავისი თამაში და რას გეგმავთ მომავალ შესარჩევ ციკლში?
- ჩვენ შევძელით ის, რომ საქართველოს ნაკრებს დავუბრუნეთ რწმენა. ეს აუცილებელი იყო, რადგან ვკითხულობდი ინტერვიუებს და ვუყურებდი ტელევიზორში, რომ თავად ფეხბურთელები ამბობდნენ - ესა და ეს არ შეგვიძლიაო, ამას და ამას როგორ მოვუგოთო?!.

ამ ნაკრებმა დაამტკიცა, რომ შეუძლია შოტლანდიის დამარცხება და შეუძლია, რომ მსოფლიოს ჩემპიონს ტოლ-სწორად ეთამაშოს. ერთია, რომ თუ მოვდუნდით და რაღაც გამოგვეპარა, მაშინ ეს პოზიტივი სულ მალე გადაიქცევა ნეგატივად. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.

სელექცია, გადაკეთებული ფეხბურთელები და ორი სქემა
- აგრძელებთ თუ არა სელექციის პროცესს? ნიკა კვეკვესკირის მაგალითმაც გამოაჩინა, რომ არიან ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ნაკრების გაძლიერება...
- მე სხვა სამუშაო არც მაქვს. როცა არ არის მატჩისთვის სამზადისი, მაშინ სწორედ სელექციაზე ვარ კონცენტრირებული, ეს პროცესი კი გრძელდება. აი, სულ ახლახან დავბრუნდი უკრაინიდან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს ამოუწურავი რესურსი და რაც გვაქვს, ის აუცილებლად ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ...

ნაკრებში დავუძახეთ კვეკვესკირსა და ფალავანდიშვილს. ფალავანდიშვილი "დილას" ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოს ჩემპიონატში, მათე ცინცაძესთან ერთად, საუკეთესოა თავის პოზიციაზე.

კვეკვესკირს აქვს ერთი შესანიშნავი თვისება: ის ძალიან თამამია. მისთვის სულერთია, ვის ეთამაშება. ფალავანდიშვილი ვათამაშეთ გიბრალტართან მატჩში და ცოტა მორიდებულად გამოიყურებოდა. ხშირად აკეთებდა გვერდზე პასს და ამაზე მივუთითე კიდეც. ფალავანდიშვილს შეუძლია სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ნაკრებს...

კვეკვესკირს არც დასჭირდა დრო, ისე შეეგუა საქართველოს ნაკრებს. ჩვენ ვცდილობთ, აუცილებლობის შემთხვევაში "გადავაკეთოთ" ფეხბურთელები. მაგალითად, ჯანო "გადავაკეთეთ". კაშიას "გადაკეთებაც" ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ - ის თავის პოზიციაზე გამორჩეულია...

- თქვენ ახლახან დაბრუნდით უკრაინიდან, სადაც ჩვენი ლეგიონერების თამაშს მიადევნეთ თვალი. რას იტყვით ჯაბა ლიპარტიასა და თემურ ფარცვანიაზე?
- დავიწყებ ფარცვანიათი. მას ეტყობა, რომ მძლავრი უკრაინული სკოლა აქვს გავლილი. ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ მისი გამოძახებისგან, თუმცა დაკვირვებას გავაგრძელებთ...

რაც მთავარია, ფარცვანიას აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი და ეს უკვე მისასალმებელია. თანაც, ის ისეთ პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც აუცილებლად უნდა მოიმატოს კონკურენციამ...

რაც შეეხება ჯაბა ლიპარტიას, ის თავის კლუბში უფრო ხშირად შეცვლებზე შედის ხოლმე, მაგრამ თამაშს ამწვავებს. ასე იყო ამჯერადაც. ლიპარტია უკანდაწეული, მეორე ფორვარდია. იმ სქემაში, დღეს ჩვენ რომ ვიყენებთ, ეს პოზიცია არ მოიაზრება, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი - აუცილებლად დავამუშავებთ მეორე ტაქტიკურ სქემასაც.

როცა ნაკრებში მოვედი, მაშინვე ვთქვი, რომ გვექნებოდა ორი ძირითადი მოდელი. მეორე სქემა დაგვჭირდება, თუნდაც - საშინაო შეხვედრებში...

ეს სქემა გულისხმობს ერთი შემტევი ფეხბურთელის დამატებას და პლეიმეიკერით თამაშს, განსაკუთრებით - საშინაო შეხვედრებში. ჩვენ გვყავს ასეთი ფეხბურთელები - ჭანტურია, ოქრიაშვილი, ყენია...

- რუსეთში რამდენიმე ფეხბურთელია ქართული გვარით. მათთან დაკავშირებით რა ხდება?
- მე ვერაფერს ვიზამ... ნაკრებში თამაში თავად ფეხბურთელის სურვილი უნდა იყოს...

ურიგო არ იქნება, თუ გაჩნდება ფინანსური მოტივაცია
- თორნიკე ოქრიაშვილი ადრე ხშირად ერთობოდა ინდივიდუალური ქმედებებით. გერმანიასთან მატჩში კი ის, ძირითადად, გუნდურად თამაშობდა. ამ თემაზე ესაუბრეთ მას?
- ჩვენ ყველანი შეთანხმებულები ვართ, რომ მთავარი არის გუნდური თამაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს გუნდის წარმატებისთვის. ოქრიაშვილი იშვიათად ხვდება "გენკის" ძირითად შემადგენლობაში. ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ თორნიკემ უნდა იბრძოლოს, რათა დაიმკვიდროს ადგილი სასტარტო 11 კაცში.

- თუ შეხვდით ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს? ხომ არ არის რაიმე ცვლილება ნაკრების გრაფიკში?
- ჩვენ ვერ შევცვლით ნაკრების მზადების გეგმას, რადგან ამას თავად უეფა გვიწესებს. როგორც კი ლევანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, პირველივე დღეს შევხვდით და ვისაუბრეთ.

გუშინ კიდევ ვილაპარაკეთ, ოღონდ, ცხადია, ახლა უფრო მეტი კონკრეტიკა იყო ჩვენს საუბარში...

მალე ამხანაგურ მატჩს გავმართავთ ტალინში, ესტონეთთან. ნოემბერში მეორე ტესტ-მატჩის ჩატარებაც გვინდა. მიდის ამ საკითხზე მუშაობა. სამწუხაროდ, ისე არ არის ჩვენი საქმე, რომ ვისაც ხელს დავადებთ, ყველას ვეთამაშოთ...

მომავალი წლის მარტსა და მაისში არის ამხანაგური მატჩებისთვის გამოყოფილი დღეები. აგვისტოში ვეღარ ვითამაშებთ, რადგან აღარ არის ამის საშუალება. ასე რომ, მაისში გამართული საკონტროლო მატჩის შემდეგ უნდა ვეთამაშოთ ავსტრიას...

ამის გათვალისწინებით, ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ათდღიანი ევროპული შეკრება, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ორი ამხანაგური მატჩი. ამ დროს ევროპის წამყვანი ნაკრებები კონტინენტის პირველობისთვის მოემზადებიან და ეს ფაქტორი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.

აქვე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მექნება ერთი თხოვნა - თუ არის შესაძლებელი, ფეხბურთელები წავახალისოთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში, ისევ და ისევ ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით!

ჩვენი პროგრამა-მინიმუმი არის მესამე ადგილის დაკავება. ამ შემთხვევაში, ურიგო არ იქნება, თუ გაჩნდება ფინანსური მოტივაცია. პირველი და მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში, ეს ისედაც გათვალისწინებულია ჩემს კონტრაქტში...

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ეროვნული გუნდი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ითამაშებს. რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე, თუნდაც ამხანაგური მატჩების გათვალისწინებით?
- მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ვუყურებ ამ საკითხს! საქართველოს ნაკრები ეკუთვნის მთელ ჩვენს ქვეყანას და კარგი იქნება, თუ რეგიონებშიც ითამაშებს. აქ არის რამდენიმე მომენტი. სტუმარი გუნდის მიღება-დაბინავება უნდა მოხდეს შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

არის სტადიონების პრობლემაც... ჩვენ გვინდოდა, გვეთამაშა ქუთაისში, მაგრამ მინდორი იქ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამის გამო ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ.

- თქვენი აზრით, სპორტული თვალსაზრისით, რა არის დღეს საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა?
- ჩვენ კიდევ უნდა მოვუმატოთ ყველა იმ კომპონენტში, რომელშიც უკვე გავაუმჯობესეთ თამაში...

- სანდრო კობახიძემ არაერთ პოზიციაზე ითამაშა. სად არის მისი ოპტიმალური ადგილი?
- მინდა, სანდროს მადლობა ვუთხრა! ის უნივერსალური ფეხბურთელია. მის დარი რამდენიმე მოთამაშე რომ გვყავდეს გუნდში, ძალიან კარგი იქნებოდა. რომელ პოზიციაზეც უნდა დააყენო, ყველგან ამართლებს... მის ადგილს ვხედავ მარცხენა ფლანგზე ან საერთოდ, ფლანგების შემტევად.

დღევანდელ ფეხბურთში მოთამაშის უნივერსალიზმს განსაკუთრებული ფასი ადევს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
არ მესმის ფეხბურთში და საერთოდ სპორტში რას ნიშნავს ღირსეული წაგება,ასეთი გამოთქმა არ არსებობს,ისევე როგორც ეკონომიკაში უფასო ფული,ეს გამოთქმები გაკეთებულია არაკვალიფიკაციური ადამიანების მიერ.
roma
14:01 22-10-2015
0
რა ვქნა, ვერ დავეთანხმები ცხადაძეს კობახიძესთან მიმართებაში. მე მგონია,რომ კობახიძე ძალიან,ძალიან უნიჭო და მდორედ მოაზროვნეა.და რასაც მიაღწია უდიდესი შრომის შედეგია.არ მიყვარს ასეთი ფეხბურთელი.მე ჭანტურია,ყაზაიშვილი,დვალი,თავის დროზე გუცაევი,დარასელია ყიფიანი და საფეხბურთო აზროვნების გენია და ეტალონი კახა ასათიანი.აი ესენი არიან და იყვნენ ფეხბურთელები
ნუკრი
14:52 22-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული