ჩვენ და ალბანელები - დავივიწყოთ მოდური ტერმინები!

AutoSharing Option
ალბათ, უკვე დროა, ერთ დროს "მოდური" ტერმინები დავივიწყოთ! აი, მაგალითად, ასეთები: "ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა", "ბურთი მრგვალია", "თამაში ყველასთან შეიძლება" და ასე შემდეგ! ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენი დღევანდელი მეტოქის მაგალითიც იმის ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ შეძლო, ერთი შეხედვით, არასაფეხბურთო ქვეყანამ ამ ბოლო წლებში სერიოზული წარმატებების მიღწევა.

სერიოზული და უფრო მეტიც
ჰო, სერიოზულზე მეტი უნდა ვუწოდოთ იმ წინსვლას, ალბანურმა ფეხბურთმა რასაც მიაღწია: ჩვენი დღევანდელი მეტოქე ფიფას რეიტინგში ამჟამად 36-ე ადგილზეა! ალბათ, იმის შეხსენებაც ზედმეტი
უნდა იყოს, იტალიელი სპეციალისტის, 59 წლის ჯანი დე ბიაზის დამოძღვრილმა ალბანეთის ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური რომ მოიპოვა, თანაც - ყოველგვარი პლეი-ოფის გარეშე.

შესარჩევ ეტაპზე ალბანეთი თავის ჯგუფში მხოლოდ პორტუგალიას ჩამორჩა, სამაგიეროდ, უკან ჩამოიტოვა დანიის, სერბეთისა და სომხეთის ნაკრებები და პირველად მოიპოვა ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება!

...ალტინ რაკლი, რუდი ვატა, ერვინ სკელა, ალტინ ლალა, ალბან ბუში, ერიონ ბოგდანი, კლოდიან დურო, ფოტო სტრაკოშა, იგლი ტარე - აი, ალბანური ფეხბურთის ისტორიაში ის გამორჩეული მოთამაშეები, 90-იანი წლების დასაწყისიდან ნელ-ნელა რომ იმკვიდრებდნენ ადგილს ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში.

ასე, მაგალითად, რაკლი, სკელა და ლალა წლების განმავლობაში ბუნდესლიგაში გამოდიოდნენ, ვატა - "სელტიკში", ბოგდანი და ტარე კი საკუთარ გოლეადორულ შესაძლებლობებს იტალიურ გუნდებში ავლენდნენ: "ვერონაში", "სიენაში", "კიევოში", "ჩეზენაში", "ბრეშაში", "ბოლონიაში", "კალიარიში"...

ტარემ კარიერა სულაც "ლაციოში" დაასრულა და დღესდღეობით ამ კლუბის სპორტული დირექტორიც გახლავთ.
რამდენიმე მაღალი კლასი ფეხბურთელი ალბანეთის ნაკრებში ახლაც ასპარეზობს: 26 წლის მეკარე ეტრიტ ბერიშა ("ლაციო"), 33 წლის მცველი ანსი აგოლი ("ყარაბაღი"), 28 წლის ნახევარმცველი მიგჟენ ბაშა ("ლუცერნი"), 24 წლის ფორვარდი არმანდო სადიკუ ("ციურიხი") და სხვა.

თუმცა ყველაზე გამოცდილი და გამორჩეული, რაღა თქმა უნდა, ნაკრების კაპიტანი, 32 წლის ლორიკ ცანა გახლავთ, რომელმაც მთელი კარიერა მართლაც გამორჩეულ გუნდებში გაატარა ("პსჟ", "მარსელი", "სანდერლენდი", "გალათასარაი", "ლაციო"), ამ ზაფხულიდან კი საფრანგეთში დაბრუნდა (ექვსწლიანი პაუზის შემდეგ) და "ნანტის" ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ.

მოკლედ, ნამდვილად არ უნდა იყოს ალბანელთა ბოლოდროინდელი პროგრესი შემთხვევითობა, მით უფრო, რომ უკანასკნელ პერიოდში ამ ქვეყნის ნაკრებში ძალიან ბევრი ფეხბურთელის ნატურალიზაციაც მოხდა (უფრო შვეიცარიიდან და კოსოვოდან ჭარბობენ) და მათაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ალბანური სანაკრებო ფეხბურთის წინსვლაში.

მარადიული მეტოქე
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხშირად სწორედ ალბანელებთან გვიწევდა სანაკრებო დონეზე (ოთხჯერ მოვხვდით ერთად შესარჩევ ჯგუფში) პაექრობა: ოფიციალურ თუ ამხანაგურ მატჩებში 13-ჯერ დავუპირისპირდით და დადებითი ბალანსითაც შეგვიძლია ვიამაყოთ!

თავად განსაჯეთ: 8 მატჩი ჩვენ მოვიგეთ, 2 ფრედ დამთავრდა, 3 კი წავაგეთ (ბურთების სხვაობა: 21-11). ალბანელებს კი ყველაზე ხშირად საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე ამწუხრებდა: 6 გოლი გაიტანა და ექვსივეჯერ ოფიციალურ მატჩებში!..

საქართველოსა და ალბანეთის სანაკრებო დაპირისპირებებში არაერთი დასამახსოვრებელი ფაქტი მომხდარა, შოთა არველაძის მსგავსად, ბევრ ჩვენებურს სწორედ ალბანელებთან გაუბრწყინია; ამას გარდა, ბევრ ჩვენს ფეხბურთელსაც ალბანელებთან მატჩში ჰქონია სანაკრებო დებიუტი.

სულ პირველი პაექრობა გავიხსენოთ, ჩვენი ნაკრების იმდროინდელი მეკარის, აკაკი დევაძის ჩინებული თამაშით რომ იყო გამოსარჩევი და იმ ფაქტითაც, რომ ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი საგარეო გამარჯვება ოფიციალურ დონეზე! მეორე დაპირისპირებაც გამოსარჩევია, გოჩა ჯამარაულის ნამდვილ ბენეფისად რომ იქცა.

მესამე დაპირისპირება მალტის საერთაშორისო ტურნირზე მოხდა და სწორედ ალბანელებთან მატჩში შედგა დავით გვარამაძის სანაკრებო დებიუტი; დღესაც კარგად გვახსოვს ქართულ-ალბანური რიგით მეოთხე დაპირისპირება: 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი შეცვლაზე შემოსული არჩილ არველაძის გოლით რომ მოვიგეთ.

სამწუხაროდ, ეს იყო იმ ციკლში ჩვენი ნაკრების პირველი და...ბოლო მოგება; ეგ კი არა, სწორედ იმ ციკლში შეძლო ალბანეთის ნაკრებმა ჩვენთან პირველი გამარჯვების მოპოვება, თანაც, ეს იყო იოჰან ბოსკამპის უკანასკნელი მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

მერე იყო ოთხი დღის განმავლობაში ჩატარებული ორი ოფიციალური შეხვედრა - ჩვენი ნაკრების თავკაცის პოსტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია რომ ითავსებდა.

ამას მოჰყვა ალენ ჟირესის პერიოდი: ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, თბილისში ალექსანდრე იაშვილისა და გიორგი დემეტრაძის გოლებით მოვიგეთ და სწორედ ამ შეხვედრაში შედგა იმ დროისათვის 18 წლის ჯაბა კანკავას სანაკრებო დებიუტი. ტირანაში დავმარცხდით და ამ მატჩის შემდეგ ჟირესი დაგვემშვიდობა, მისთვის ბოლო სანაკრებო მატჩში კი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს ლაშა სალუქვაძემ, ზვიად სტურუამ და მიხეილ ბობოხიძემ.

...ასევე ალბანელების წინააღმდეგ ჩაატარეს საქართველოს ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ზვიად ელიავამ, გიორგი სეთურიძემ (კლაუს ტოპმიოლერის დროს), გრიგოლ ბედიაშვილმა (ექტორ კუპერის დროს); თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩატარებული ბოლო ორი მატჩი კი ერთნაირი ანგარიშით (2:1) მოვიგეთ და ორივე შემთხვევაში ჩვენმა ნაკრებმა თამაშის "შემობრუნება" მოახერხა.

აქვე იმასაც დავძენთ, რომ სულ ბოლო მატჩის შედეგი ფიფას თავის რეიტინგში არ გაუთვალისწინებია: მიზეზად ის დასახელდა, რომ ორივე გუნდმა შეცვლების ლიმიტს (ექვს-ექვსი ფეხბურთელი) გადააჭარბა...

ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია
ევროპის ჩემპიონატი
14.12.94. ტირანა. "ქემალ სტაფა". 20 000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 0:1
0:1 შ. არველაძე (18)
საქართველო: დევაძე, ზ. რევიშვილი, კუდინოვი, შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი (63. მ. ჯიშკარიანი), ინალიშვილი, ქინქლაძე, ქეცბაია, გოგრიჭიანი, შ. არველაძე (72. ჯამარაული).
კაპიტანი: მურთაზ შელია
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

ევროპის ჩემპიონატი
26.04.95 თბილისი. "ბორის პაიჭაძე". 25 000 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 2:0
1:0 შ. არველაძე (2), 2:0 ქეცბაია (41)
საქართველო: დევაძე, ღუდუშაური, კუდინოვი, შელია (75. ნ. ლობჟანიძე), გოგიჩაიშვილი, ინალიშვილი, ჯამარაული, ქინქლაძე, ქეცბაია, ყიზილაშვილი (60. ა. არველაძე), შ. არველაძე.
კაპიტანი: მურთაზ შელია
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

ამხანაგური მატჩი
08.02.1998 ლა ვალეტა. "ტა ქალი". 800 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 3:0
1:0 ქეცბაია (19), 2:0 ყაველაშვილი (29), 3:0 ა. იაშვილი (71)
საქართველო: გვარამაძე, ჩიხრაძე, შელია, სილაგაძე, კალაძე, ქეცბაია, შეყილაძე, ნემსაძე, ჯამარაული (74. კიკნაძე), ყაველაშვილი, ა. იაშვილი.
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

ევროპის ჩემპიონატი
05.09.98. თბილისი. "ბორის პაიჭაძე". 35 000 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 1:0
1:0 ა. არველაძე (66)
საქართველო: გვარამაძე, სილაგაძე (44. კიკნაძე), წერეთელი, კალაძე, კობიაშვილი, ქეცბაია (54. ზ. ჯანაშია), ნემსაძე, ჯამარაული, ცქიტიშვილი, ქინქლაძე, ა. იაშვილი (62. ა. არველაძე).
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაძევება: პინარი (71), ჯანაშია (80)

ევროპის ჩემპიონატი
09.10.99. ტირანა. "ქემალ სტაფა". 6 000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 2:1
1:0 რაკლი (30), 2:0 კოლა (36), 2:1 შ. არველაძე (53)
საქართველო: გრ. ჭანტურია, შეყილაძე, ჭიჭვეიშვილი, დიდავა, კალაძე, ჯამარაული, ნემსაძე, კობიაშვილი, გახოკიძე, ა. არველაძე (80. დ. ჯანაშია), შ. არველაძე.
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი

ევროპის ჩემპიონატი
06.09.03. თბილისი. "ბორის პაიჭაძე". 15 000 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 3:0
1:0 შ. არველაძე (8), 2:0 აშვეთია (17), 3:0 შ. არველაძე (43)
საქართველო: ლომაია, ბურდული (70. რეხვიაშვილი), ხიზანიშვილი, ქემოკლიძე, დ. კვირკველია, კობიაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული (58. ასათიანი), ა. იაშვილი, აშვეთია, შ. არველაძე (60. დემეტრაძე).
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელი: მერაბ ჟორდანია

ევროპის ჩემპიონატი
10.09.03. ტირანა. "ქემალ სტაფა". 10 000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 3:1
1:0 ჰასი (54), 2:0 ტარე (53), 2:1 შ. არველაძე (63), 3:1 ბუში (80)
საქართველო: ლომაია, დიდავა (54. ქინქლაძე), ხიზანიშვილი, ქემოკლიძე (40. რეხვიაშვილი), დ. კვირკველია, კობიაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ა. იაშვილი (54. დემეტრაძე), აშვეთია, შ. არველაძე.
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელი: მერაბ ჟორდანია
გაძევება: გახოკიძე (სათადარიგოთა სკამიდან)

მსოფლიოს ჩემპიონატი
08.09.04. თბილისი. "ლოკომოტივი". 20 000 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 2:0
1:0 ა. იაშვილი (15), 2:0 დემეტრაძე (90)
საქართველო: დევაძე, მჟავანაძე, ხიზანიშვილი, სალუქვაძე, კალაძე, ცქიტიშვილი, ასათიანი (58. კანკავა), ჯამარაული (77. დ. კვირკველია), კობიაშვილი, ა. იაშვილი, შ. არველაძე (88. დემეტრაძე).
კაპიტანი: კახა კალაძე
მწვრთნელი: ალენ ჟირესი
გაძევება: ბექირი

მსოფლიოს ჩემპიონატი
04.06.05. ტირანა. "ქემალ სტაფა". უმაყურებლოდ
ალბანეთი-საქართველო 3:2
1:0 ტარე (6), 2:0 სკელა (32), 3:0 ტარე (56), 3:1 ბურდული (85), 3:2 კობიაშვილი (90)
საქართველო: სტურუა, სალუქვაძე, ხიზანიშვილი, კალაძე, დ. კვირკველია, მაღრაძე (66. ბურდული), რეხვიაშვილი, ასათიანი (58. ვ. დარასელია), კობიაშვილი, ჯაკობია, დემეტრაძე (76. ბობოხიძე).
კაპიტანი: კახა კალაძე
მწვრთნელი: ალენ ჟირესი

ამხანაგური მატჩი
22.03.06. ტირანა. "ქემალ სტაფა". 2 000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 0:0
საქართველო: ლომაია (46. გრ. ჭანტურია), მაღრაძე, ღვინიანიძე, შაშიაშვილი, ელიავა, ალადაშვილი (88. სეთურიძე), მენთეშაშვილი (35. განუგრავა), კანკავა (46. გ. ფოფხაძე), გოგუა, გიგიაძე, ჯაკობია.
კაპიტანი: ლაშა ჯაკობია
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
გაძევება: გოგუა

ამხანაგური მატჩი
10.06.09. ტირანა. "ქემალ სტაფა". 1 500 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 1:1
0:1 დვალიშვილი (20, 1:1 აგოლი (58)
საქართველო: ბედიაშვილი, უ. ლობჟანიძე, კაშია, ხიზანიშვილი, გ. ფოფხაძე, სეთურიძე, რაზმაძე, კობიაშვილი (80. კლიმიაშვილი), მერებაშვილი (59. მარცვალაძე), ა. იაშვილი (76. დაუშვილი), დვალიშვილი (65. ალექსიძე).
კაპიტანი: ლევან კობიაშვილი
მწვრთნელი: ექტორ კუპერი

ამხანაგური მატჩი
29.02.12. თბილისი. "მიხეილ მესხი". 18 000 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 2:1
0:1 ჩანი (3), 1:1 კობახიძე (48), 2:1 ამისულაშვილი (87)
გამოუყენებელი პენალტები: დვალიშვილი (29. მეკარე), თარგამაძე (87. მეკარე)
საქართველო: ნ. რევიშვილი, კაშია, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა (46. დ. კვირკველია), კანკავა (90. ძარია), დაუშვილი (46. გელაშვილი), თარგამაძე (89. შ. გრიგალაშვილი), ანანიძე (74. ყენია), ს. კობახიძე, დვალიშვილი (60. მარცვალაძე).
კაპიტანი: ზურაბ ხიზანიშვილი
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ამხანაგური მატჩი
06.02.13. ტირანა. "ქემალ სტაფა". 1 200 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 1:2
1:0 ბოგდანი (25), 1:1 ვაწაძე (41), 1:2 ლობჟანიძე (82)
საქართველო: რ. კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, გრიგალავა (46. კანკავა), კანდელაკი (46. დ. კვირკველია), კაშია, ს. კობახიძე (63. ძარია), თარგამაძე, ძალამიძე (46. ოქრიაშვილი), ყენია (61. გელაშვილი), მჭედლიძე (21. ვაწაძე/76. თომაშვილი).
კაპიტანი: გურამ კაშია
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული