ალბანეთი VS საქართველო - პრესტიჟი და თავმოყვარეობა

AutoSharing Option
დღეს, 16 ნოემბერს, ტირანის "ქემალ სტაფაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის უპირველეს გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება. სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით, "ქემალ სტაფაზე" გასამართი მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ვერ ვნახავთ. შევიტყვეთ, რომ საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და ალბანურ მხარეს შორის ტრანსლაციაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ლობჟანიძე ძირითადში ბრუნდება?
სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს - ეროვნული გუნდის ფეხბურთელების თავმოყვარეობა, ქართველი ქომაგის იმედი და, რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთის პრესტიჟი, რომელიც კიდევ ერთხელ გვარიანად შეირყა ესტონეთთან ნაწვნევი საგარეო მარცხის (0:3) შემდეგ...

დიახ, ეს ის შემთხვევაა,
როცა საქართველოს ნაკრებს უკანდასახევი გზა აღარ აქვს. ჩვენმა გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ ტალინური კატასტროფა (აღარ ვიცით, რა ეპითეტი მოვუძებნოთ იმ საშინელებას, რაც მეორე ტაიმში მოხდა), გარკვეულწილად, შემთხვევითობა იყო და პროგრესი, რომელსაც ბოლო დროს ვხედავდით, გრძელდება.

ჩვენს მუდმივ მეტოქესთან ნათამაშები მატჩების ისტორიულ ექსკურსს აღარ მოვყვებით, ამაზე ცალკე სტატიაში მოგითხრობთ. აქ, ტრადიციულად, თამაშისწინა სიტუაციაზე ვისაუბროთ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე კარგა ხანია, ტირანაშია და ალბანეთთან სათამაშოდ ემზადება. ეროვნულ გუნდს შეუერთდა კვიპროსული "ომონიას" მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე, ვინც ესტონეთთან შეხვედრა გამოტოვა (ორშაბათს თამაში ჰქონდა და ტალინში ჩასვლა ვერ მოასწრო).

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ 28 წლის მარჯვენა მცველი ძირითად შემადგენლობაში იქნება. ასევე ველოდებით, რომ კახა ცხადაძე სასტარტო თერთმეტეულში რამდენიმე კორექტივს შეიტანს...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ალბანეთთან მატჩში დააკლდებიან ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, ნიკა კვეკვესკირი, ლევან ყენია, საბა კვირკველია და თორნიკე ოქრიაშვილი. თავადაც ხედავთ, გუნდი განახევრებულია, მაგრამ რას ვიზამთ, რა საკადრო რესურსიც გვაქვს, ფონს იმით უნდა გავიდეთ.

ესტონეთთან მატჩამდე, უკანასკნელ წამს შეემატნენ ეროვნულ გუნდს თბილისის "დინამოს" მცველი გიორგი გველესიანი და ტალინის "ფლორას" ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი.

ალბანეთთან მატჩში აღარ გვინდა ისეთი ნაკრები ვნახოთ, როგორიც ტალინში ვნახეთ - დემორალიზებული და დამდგარი. ალბანეთთან მატჩისთვის საქართველო ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენშე", პორტუგალია);
მცველები: გიორგი ნავალოვსკი ("დილა"), გიორგი ფოფხაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("ქარშიაქა", თურქეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი გველესიანი ("დინამო", თბ), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბ), გია გრიგალავა ("პაფოსი", კვიპროსი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), მათე ცინცაძე ("დინამო", თბ), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გუგა ფალავანდიშვილი ("დილა"), მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია), ლუკას ჰუფნაგელი ("ფრაიბურგი", გერმანია), ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა", ესტონეთი);
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ბაჩანა ცხადაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("პაფოსი", კვიპროსი).

არწივები მაღლა ფრენენ
სულ ცოტა ხნის წინათ ამას ვერავინ წარმოიდგენდა - იტალიელი სპეციალისტის, ჯანი დე ბიაზის გაწვრთნილი ალბანეთი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ფაქტია - ალბანელებმა საქმე თანმიმდევრობით, მიზანმიმართულად გააკეთეს.

დე ბიაზი იტალიაში ცნობილი მწვრთნელია. სხვადასხვა დროს მას გაუწვრთნია "ტორინო", "უდინეზე" და "ლევანტე". უკეთესი გახდა ალბანეთის ეროვნული ჩემპიონატიც - აგერ, "სკენდერბეუ" და აგერ, ევროპალიგის ჯგუფიც.

ახლო წარსულში ცნობილი ალბანელი ფორვარდის, იგლი ტარეს (რომელიც დღეს რომის "ლაციოს" სპორტული დირექტორია) ხელშეწყობითა და გავლენით, მისი არაერთი თანამემამულე მოეწყო იტალიაში. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. გარდა ამისა, ალბანელებმა რამდენიმე კოსოვოელი ფეხბურთელიც დაიყოლიეს მათი ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ამ კოსოვოელთა უმრავლესობა შვეიცარიის ჩემპიონატში თამაშობდა.

სწორედ კოსოვოს გაეჯიბრა ამხანაგურად საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ალბანეთი. შეხვედრა 2:2 დასრულდა. ამ თამაშზე თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებთ, რადგან კოსოვო და ალბანეთი ხშირად ამხანაგობენ და მათი შეხვედრები სულ "მშვიდობიანად" მთავრდება.

ლიდერები
როგორც ყველა გუნდს, თანამედროვე ალბანეთის ნაკრებსაც ჰყავს თავისი ლიდერები. იტალიაში თამაშობენ მეკარე ეტრიტ ბერიშა (ლაციო), მცველი ელსაიდ ჰიუსაი (ნაპოლი), ნახევარმცველები - ლედიან მემუშაი (პესკარა) და არმანდო ვაჯუში (ლივორნო), ასევე - ფორვარდი რეი მანაი (ინტერი).

ლიდერებად ითვლებიან კაპიტანი ლორიკ ცანა (ნანტი, საფრანგეთი), ამირ აბრაში (ფრაიბურგი, გერმანია), შკელჟენ გაში, ტაულანტ ჯაკა (ორივე - ბაზელი, შვეიცარია), არმანდო სადიკუ (ციურიხი, შვეიცარია) და სოკოლ ჩიკალეში (ბაშაქშეჰირი, თურქეთი).

დე ბიაზის ორი დებიუტანტი
ალბანელთა იტალიელი თავკაცი საქართველოსთან მატჩისათვის 25 ფეხბურთელს ამზადებს. სანაკრებო სიაში ორი დებიუტანტია: შვეიცარიული "ლუგანოს" 23 წლის მცველი ფრედერიკ ვესელი და იტალიური "ინტერის" 18 წლის ფორვარდი რეი მანაი. მანაის ორი შეხვედრა უთამაშია მილანური გრანდის შემადგენლობაში.

ალბანეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები:
ეტრიტ ბერიშა ("ლაციო", იტალია), ალბან ჰოჯა ("პარტიზანი", სერბეთი), ორგესტ შეჰი ("სკენდერბეუ");
მცველები: ანსი აგოლი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ნასერ ალი, არლინდ აიეტი (ორივე - "ბაზელი", შვეიცარია), ლორიკ ცანა ("ნანტი", საფრანგეთი), ბერატ ჯიმშიტი ("ციურიხი", შვეიცარია), ფრედერიკ ვესელი ("ლუგანო", შვეიცარია), ანდი ლილა ("იანინა", საბერძნეთი), ელსაიდ ჰიუსაი ("ნაპოლი", იტალია);
ნახევარმცველები: ამირ აბრაში ("ფრაიბურგი", გერმანია), მიგიენ ბაშა ("ლუცერნი", შვეიცარია), საბიენ ლილაი ("სკენდერბეუ"), ლედიან მემუშაი ("პესკარა", იტალია), ტაულანტ ჯაკა ("ბაზელი", შვეიცარია), ჰეროლინდ შალა ("ლიბერეცი", ჩეხეთი), ბექიმ ბალაი ("რიეკა", ხორვატია), სოკოლ ჩიკალეში ("ბაშაქშეჰირი", თურქეთი);
თავდამსხმელები: შკელჟენ გაში ("ბაზელი", შვეიცარია), ოდისეი როში ("რიეკა", ხორვატია), არმანდო სადიკუ ("ციურიხი", შვეიცარია), ერმირ ლენიანი ("ნანტი", საფრანგეთი), რეი მანაი ("ინტერი", იტალია).

კიდევ ერთი ინფორმაცია ტირანიდან, ალბანეთს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა: ელსაიდ ჰიუსაიმ ("ნაპოლი", იტალია) და ლედიან მემუშაიმ ("პესკარა", იტალია) თავთავიანთ კლუბებს მიაშურეს. როგორც გავიგეთ, ჯანი დე ბიაზის მათ ნაცვლად გუნდისთვის ახალი მოთამაშეები არ დაუმატებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ალბანეთთან მატჩში დააკლდებიან ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, ნიკა კვეკვესკირი, ლევან ყენია, საბა კვირკველია და თორნიკე ოქრიაშვილი.
როდის გახდა ყენია და კვეკვესკირი წამყვანები, ბეგლარიშვილი, რომ იქნება ნაკრებში იმ ნაკრების..................
0
პირდაპირი რეპორტაჟი არ არის?
Beqa
16:21 16-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული