09:28 17-11-2015
ალბანეთი-საქართველო 2:2 - ბოლო წუთების სინდრომი [VIDEO]
AutoSharing Option
ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, ნიკა კვეკვესკირი, ლევან ყენია, საბა კვირკველია და თორნიკე ოქრიაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დააკლდნენ საქართველოს ნაკრებს ამ ორ ამხანაგურ მატჩში.
ესეც არ იყოს, ესტონეთთან წაგებული (0:3) შეხვედრის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დააანონსა, რომ ალბანეთთან მატჩისთვის ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იქნებოდა...
თავის მხრივ, ალბანელებმა ჰიუსაი და მემუშაი მოისაკლისეს - ისინი თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ, კოსოვოსთან ფრედ (2:2) დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ.
თამაში წუთიერი დუმილით დაიწყო საფრანგეთში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა პატივსაცემად. მანამდე კი შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნი და ასევე, ფრანგის ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად - "მარსელიეზა"...
დაიწყო თამაში და... მე-2 წუთზე გავიტანეთ. გიორგი ჭანტურიამ დიდებულად შეასრულა ჯარიმა და შეტევაში ჩართულმა ალეკო ამისულაშვილმა ახლო მანძილიდან რბილად გადაგზავნა ბურთი მეკარე ბერიშასგან შორეულ კუთხეში.
მე-5 წუთზე ალბანელმა ქომაგებმა მინდორზე პეტარდები გადმოყარეს, მერე აფეთქების ხმაც გაისმა... ცოტა კი შევშფოთდით, მაგრამ კვამლი გაიფანტა და მატჩი მალევე განახლდა. იქვე, ქართველთა მორიგი კარგი შანსი - ჭანტურიას მიერ ეშმაკურად დარტყმულს ბერიშა გაუმკლავდა.
ეს იყო და, ბურთი თითქმის მთლიანად ალბანელებმა მოიგდეს. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ნუკრი რევიშვილის კართან საგოლე მომენტი არ შექმნილა. ცხადი გახდა - საქართველოს ნაკრების თავკაცი აქცენტს გუნდურ ფეხბურთსა და სათამაშო დისციპლინაზე აკეთებდა, რაშიც ესტონეთში ძალიან მოვიკოჭლეთ.
26-ე წუთზე ჩვენებმა სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყეს. ჭანტურიამ ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა და უკანვე მიიღო პასი, თუმცა კარში ვეღარ დაარტყა. აქვე დავამატებთ, რომ საწყის წუთებშიც და მერეც ჭანტურია ქართველთაგან ყველაზე აქტიური იყო.
ალბანელთა პოზიციურმა შეტევებმა ჩვენს კართან სიტუაცია 37-ე წუთზე დაძაბა, როცა ლენიანის ჩაწოდების შემდეგ ბურთს ორი ალბანელი ჩაუწვა, თუმცა დაუცველ კუთხეში ვერცერთმა გადაგზავნა.
ცოტა ხანში, იტალიელმა არბიტრმა დავიდე მასამ ალბანელთა ფორვარდ გაშის გოლი გაუუქმა - თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ბოლომდე სამართლიანები რომ ვიყოთ, ესეც უნდა ვთქვათ - რეფერიმ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო.
ტაიმის ბოლოს თამაში გავათანაბრეთ. პოზიტიური შედეგი, თავდადება და ორგანიზაცია - ეს გვიჩვენა საქართველომ პირველ ტაიმში.
მეორე ნახევარი ალბანელებმა გახსნეს. ჩვენს საჯარიმოში შექმნილი არეულობით გაშიმ სცადა სარგებლობა, მაგრამ მისი თავურის შემდეგ რევიშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.
51-ე წუთზე მეორე გოლიც გავიტანეთ. ჯაბა კანკავამ კარგად იარა და ჭანტურიას მიაწოდა უპასა, დუისბურგელმა კი დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში გაახვია - 2:0!
არავითარი ალბანური შტურმი - მეორე ნახევრის დიდ ნაწილში საქართველო მეტოქეზე უკეთესი იყო. მწყობრად ვიგერიებდით შეტევებს და მინდვრის ყოველი გოჯისთვის ვიბრძოდით, ოღონდ, ეგ იყო, რომ კონტრშეტევის ორგანიზებისთვის ბურთი არ გვიჩერდებოდა, ხშირად ვკარგავდით.
მე-80 წუთზე ალბანელთა კაპიტანმა აგოლიმ ძალზე სახიფათო საჯარიმო შეასრულა და გადავრჩით, მაგრამ ვერ გადავრჩით 87-ე წუთზე - პარტნიორისგან თავით მიღებულ პასს ბაშამ ეგრევე დაჰკრა და დაახლოებით 12 მეტრიდან ბურთი რევიშვილისგან ახლო, დაბალ კუთხეში შევარდა.
ალბანელებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ და შეტევაზე გადმოვიდნენ. სამწუხაროდ, ვერ გავძელით - ციკალეშიმ დაახლოებით ისეთივე დარტყმა შეასრულა, როგორც ბაშამ, ოღონდ უფრო ეფექტურად - საჯარიმოს ხაზთან მკერდით ჩამოიღო ბურთი და ჰაერშივე ამოსცხო. ისევ დაბალი კუთხე და 2:2.
რას უნდა დავაბრალოთ ის, რომ თითქმის მოგებული მატჩი ფრედ გვექცა? ალბათ, იმას, რომ ჯერაც ვერ მოგვიშორებია პატარა გუნდის სინდრომი და გამარჯვებას ვერ ვიჯერებთ. ესტონური კოშმარის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან ფრე, თანაც გასვლაზე, არ არის ურიგო შედეგი, მაგრამ გამარჯვება ხომ, ფაქტობრივად, ჯიბეში გვედო...
აშკარაა - ცხადაძის გუნდს მატჩის ბოლო წუთებზე ზნედ კონცენტრაციის დაკარგვა დასჩემდა. მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა, სხვა პრობლემებთან ერთად, ამაზეც უნდა იმუშაონ. საჯარიმოსთან დღეს აღარავინ ერთობა ინდივიდუალიზმით და არც ორჯერ ტოვებს ვინმე მარტოს მეტოქის შემტევს.
მატჩის შემდეგ:
კახა ცხადაძე: ჩვენი ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს
გიორგი ჭანტურია: ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
16.11.15. ტირანა. "ქემალ სტაფა". 8 000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ამისულაშვილი (2), 0:2 ჭანტურია (51), 2:1 ბაშა (87), 2:2 ციკალეში (90+3)
ალბანეთი: ბერიშა (74. ჰოჯა), ლილა (29. ჯიმშიტი), ლენიანი (57. ბაშა), აგოლი, სადიკუ, გაში (65. ციკალეში), ლილაი, ჯაკა (57. შალა), აიეტი, ვესელი, როში (64. მანაი).
სათადარიგოები: შეჰი, რაჰმანი.
მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, დაუშვილი, ჭანტურია (90. კაკაბაძე), ყაზაიშვილი (81. კობახიძე), გელაშვილი (75. ცხადაძე).
სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე, გველესიანი, ცინცაძე, ფოფხაძე, ბეგლარიშვილი, ფალავანდიშვილი, ჰუფნაგელი, ვაწაძე.
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: აიეტი (22), ლობჟანიძე (45), ჭანტურია (75), ნავალოვსკი (81)
არბიტრი: დავიდე მასა (იტალია)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
2-0 ის სჰემდეგ ფრეს ზალიან დიდი კუსჰი ჰქონდა ლაივ ტოტალიზატორში, და მგონი გარიგებას ჰგავდა.
0
0
ეჭვებს ბადებს!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული