რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მცველ ამისულაშვილს, ბოლო ხანს მასზე ითქვა, რომ შესაძლოა, სულ მალე ის თბილისის "დინამოში" აღმოჩნდეს. შემდეგ ამ თემაზე ლაპარაკი მიწყნარდა.
საინტერესოა, რა ხდება დღეს? "ლელო" ამისულაშვილს შეეხმიანა...
- ერთი დღით ჩამოვედი თბილისში და ახლა ისევ თურქეთში მივფრინავ. დრო ჯერ მაქვს და შეგვიძლია, მშვიდად ვისაუბროთ,
- როგორი იყო პირადად თქვენთვის სეზონის პირველი ნახევარი?
- "ქარშიაქას" თურქეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში ბოლოსწინა, მე-17 ადგილი უკავია. გუნდის მიზანი სუპერლიგაში გადასვლა იყო. მართალია, ეს ახლაც შესაძლებელია, რადგან ცხრილში ძალიან დიდი სიმჭიდროვეა და პლეი ოფის ზონას ბევრით არ ჩამოვრჩებით, მაგრამ მიზნის მიღწევა ძალიან გაჭირდება... არადა, ძალიან ბევრი დასანანი თამაში წავაგეთ. ესეც არ იყოს, კლუბში ფინანსურად ძალიან მძიმე სიტუაციაა და მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირება ძალიან ჭირს.
- ხელფასებს ვერ იღებთ?
- უკვე ხუთი თვეა, ხელფასი არ ამიღია...
- შევახსენოთ გულშემატკივარს: რა სახის კონტრაქტი გაქვთ "ქარშიაქასთან"?
- ხელშეკრულება 1+1 სისტემით გავაფორმე. თავიდან შეთანხმება ასეთი იყო - კონტრაქტი ავტომატურად უნდა გახანგრძლივებულიყო იმ შემთხვევაში, თუ "ქარშიაქა" სუპერლიგაში გადავიდოდა. ახლა აქ ისეთი სიტუაციაა, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. მწვრთნელის წასვლა, ფინანსური კრიზისია...
საერთოდ, ეს თურქული ფეხბურთისთვის დამახასიათებელია - აქ სულ პრეზიდენტის არჩევნებს ელოდებიან...
- ითქვა, ალეკო ამისულაშვილს, დიდი ალბათობით, თბილისის "დინამოში" ვიხილავთო...
- ჯერჯერობით, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. "ქარშიაქასთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ ძალაშია. მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, ჩემსა და კლუბს შორის ხელშეკრულება, დიდი ალბათობით, გაწყდება.
- თუ საიდუმლო არ არის, საქართველოში რატომ ჩამოხვედით?
- არაფერი განსაკუთრებული: თავისუფალი დრო გამოჩნდა და ერთი დღით ჩამოვედი... ახალ წლამდე თურქეთში კიდევ ორი ტურია დარჩენილი.
- "ქარშიაქაში" რამდენი ლეგიონერია?
- სულ 5 უცხოელი ვიყავით. ორი წავიდა, სამნი დავრჩით.
- რას ამბობენ, სიტუაცია როდისთვის შეიძლება გამოსწორდეს?
- დეკემბრის ბოლოს კლუბის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. ყველა ამას ელოდება და ამის იმედი აქვთ.
- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ "ქარშიაქას" უჩივლოთ?
- ეს ვარიანტიც არის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მირჩევნია, კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკო. ვფიქრობ, შევხვდებით ერთმანეთს, დავილაპარაკებთ და მივალთ საერთო გადაწყვეტილებამდე.
- საინტერესოა, რა დონისაა თურქეთის პირველი ლიგა?
- ძალიან უცნაური ჩემპიონატია. არანაირ ლოგიკას არ ემორჩილება, ყველამ შეიძლება ყველას მოუგოს. პირველადგილოსანი ბოლო გუნდთან რომ მარცხდება, ეს არავისთვისაა სენსაცია... რაც შეეხება ფინანსურ პირობებს, თუ ცალკეულ სირთულეებს არ ჩავთვლით, მაგალითად, როგორიც ჩვენთანაა, დაფინანსება ნორმალურია. თამაშები თავიდან ბოლომდე დაძაბულად მიდის...
ისე, ჩემთვის სადებიუტო სეზონია იმ მხრივ, რომ კარიერის განმავლობაში არასოდეს მითამაშია უმაღლესზე რანგით დაბალ ლიგაში... აქაურ კლუბებს საკმაოდ ნორმალური დონის ლეგიონერები ჩამოჰყავთ - ისეთი მოთამაშეები, რომლებიც უკვე გამოცდილნი არიან და სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში აქვთ ნათამაშები.
- მე პირადად, მიმაჩნია, რომ "ქარშიაქა" არ არის ის კლუბი, რომელიც ალეკო ამისულაშვილის ამბიციებს შეეფერება...
- ახლა შეიძლება ბევრი რამ სხვანაირად ჩანს... ისე, მადლობელი ვარ ასეთი სიტყვებისთვის... და ერთსაც გეტყვით - ჩემზე მეტად მართლა არავის უნდა, რომ ძლიერ გუნდში ვთამაშობდე.
- ჩვენი საუბრის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. თქვენი აზრით, როგორი იყო 2015 წელი კახა ცხადაძის გუნდისთვის?
- რა თქმა უნდა, საწყენი იყო ის ჩავარდნა, რაც ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დაგვემართა. ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. იყო მიზეზებიც... თუნდაც ის, რომ არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა... მაგრამ ესტონეთთან მარცხს, ჩემი აზრით, მიზეზების ძებნა არ სჭირდება. ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. ან, თუ გნებავთ, ალბანეთთან ბოლო წამებზე გაშვებული ორი გოლი...
რა თქმა უნდა, ჩავარდნა ცუდია, თუმცა ეს ყველა კლუბისა თუ ნაკრების ცხოვრებაში ხდება. ყველა მატჩში ვცდილობთ, ვითამაშოთ ფეხბურთი და ქომაგიც, ალბათ, ხედავს ამას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"