დობროვოლსკი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქის საჭესთან დგას - სწორედ მოლდოვას გადაგვყარა წილისყრამ მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და დობროვოლსკი ერთად თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ნაკრებში.
კიდევ რა შეგვიძლია ვთქვათ დობროვოლსკიზე? ალბათ ის, რომ დიდებული ფეხბურთელი იყო საბჭოთა პერიოდში და მერეც, როცა სსრკ დაიშალა.
გვახსენდება დობროვოლსკი, როგორც კიშინიოვის "დაჩიას" მთავარი მწვრთნელი. მაშინ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონს" სწორედ დობროვოლსკის "დაჩია" დაუპირისპირდა და ორმატჩიან დუელში დაამარცხა. საპასუხო შეხვედრის შემდეგ დობროვოლსკიმ ქოში უკუღმა ჰყარა - მარგველთა მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაუშურებია.
მოლდოვის ნაკრების გარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უელსი, ავსტრია, ირლანდია და სერბეთი იქნებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"