TimeLine: ნაკრების ბედი ოღონდ თუთიყუშს არ მივანდოთ

AutoSharing Option
პედრო, პედრო! დონალდო! პამადა! - ასეთ შეძახილებს მოჰყვებოდა ხოლმე თუთიყუშის, ხელისგულის, "კარტის" გაშლის შეთავაზება... დაახლოებით ასეთ მკითხაობას დაემსგავსა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი. იმედია, საქმე იქამდე არ მივა, 29 მარტის მატჩის (ყაზახეთთან) წინ თუთიყუშს ამოაღებინონ მოგრძოდ დაკეცილი ფურცლები. თუმცა, თუ ასე მოხდა, გამოდის, რომ არჩევანი მრავალფეროვანი იყო.

ყველაფერი კი გაურკვევლობით დაიწყო:

პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა განაგრძოს ნაკრების მწვრთნელად მუშაობა კახა ცხადაძემ, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა - ჩემთვის ყველაფერი გადაწყვეტილია, ცხადაძე გუნდს აღარ გაუძღვებაო.

ჩემთვის
ისიც გაურკვეველია, რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მაღალი ხელფასი. ეს ხომ, ლოგიკურად, ხარისხის წინა პირობა უნდა იყოს: როგორც ფეხბურთელებს აქვთ სატრანსფერო ფასი, ასევე აქვთ მწვრთნელებს. რაც უფრო ძლიერია სპეციალისტი, მით მეტია მისი ფასი. ჰოდა, როგორ შეიძლება საქართველოს ნაკრებისთვის იაფფასიანი მწვრთნელი გემეტებოდეს?

გამოდის, რომ ცხადაძე მაღალ ხელფასს არ იმსახურებს? მე კი მიმაჩნია, რომ წინამორბედებზე მეტად იმსახურებს.

დასაწყისში "კარტი" ვახსენე. ქართულად ბანქოა. ამავე გვერდზე გამოქვეყნებულ ნახატზე კახა ცხადაძის კარიკატურა გასულ "კარტშია" დახატული, ოღონდ, კობიაშვილს იგი ჯერაც ხელში აქვს, რადგან კახა ცხადაძეს ფეხბურთის ფედერაციასთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და ოფიციალურად ჯერაც ეროვნულის თავკაცია.

რით ვერ შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეჩერებაზე? - ესეც გაუგებარია...

ახლა იმაზე ვფიქრობ, ვის დანიშნავენ ნაკრების თავკაცად. მეტი საფიქრალი არა გაქვსო? - შეიძლება მითხრას... ბევრმა შეიძლება მითხრას. საფიქრალის მეტი რა არის, მაგრამ ნაკრების თავკაცის ბედი მართლა მაღელვებს, რადგან მინდა საკალათბურთო და სარაგბო მატჩების დარად საფეხბურთო ნაკრების თამაშებისასაც ტრიბუნები პირამდე გაივსოს. ვინც კალათბურთის ნაკრების შესარჩევ შეხვედრებს არ დასწრებია, ძნელად წარმოიდგენს, რა ემოციაა, როცა შენი გუნდის ყოველი შეტევისას ფეხზე წამოხტები, ხოლო მეტოქის იერიშისას შენი ხმა გამაყრუებელ ყვირილში იკარგება, ბოლოს კი კაპიტანი მიკროფონით გამოდის და სავსე ტრიბუნებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

ასეთი სიტუაცია სპორტის სასახლეში 2014 წლის სექტემბერში, პორტუგალიასთან საკალათბურთო მატჩისას იყო. მინდა, ეს მოხდეს ფეხბურთშიც, 2017 წლის 6 ოქტომბერს უელსთან თამაშისას.

ვერ წარმომიდგენია, საქართველოში არ მოიძებნოს 16 ისეთი ფეხბურთელი, რომლის შეკვრა-შეთამაშებით, ერთ ოჯახად ქცევით ირლანდიის, სერბეთის, უელსის, ავსტრიისა და მოლდოვის თბილისში დამარცხება ვერ შევძლოთ. ეს ხომ ტრიბუნაზე ქომაგსაც დააბრუნებს და მსოფლიოს ჩემპიონატსაც ძალიან მივუახლოვდებით.

ამ 16 ფეხბურთელს სჭირდება კაცი, რომელიც გამოცდილიც იქნება, კარგი ფსიქოლოგიც, დიპლომატიც, ტაქტიკოსიც, ენერგიულიც...

ასეთი მწვრთნელი ევროპაში ბევრია, მაგრამ კარგი ყველას სათავისოდ უნდა - უმეტესობა დაკავებულია. შუა სეზონში, გიჟმაჟ მარტში სასურველი კანდიდატის მოძიება ერთი-ორად რთულია. აჩქარებით კი საქმე არ გამოვა, შეიძლება "პრიკუპში" ტუზის ნაცვლად შვიდიანი გვერგოს და როგორც "პრეფერანსშია", ახლად აღებული "კარტის" მალევე გადაგდებამ მოგვიწიოს.

ფეხბურთის ფედერაციაში როგორც ამბობენ, ნაკრების თავკაცის ვინაობას მომდევნო კვირაში გავიგებთ. ვინ იქნება ახალი დამრიგებელი? ჯენარო გატუზო? ფრანკო ფოდა? გია გეგუჩაძე?

ვიდრე სვლა არ მოუწევს, ლევან კობიაშვილი "კარტს" არ ჩამოვა... მას ხელში სამი ქაღალდი უჭირავს - როგორც თავად თქვა, ორ უცხოელთან აწარმოებს მოლაპარაკებას და ერთ-ერთი მალე მთავარ მწვრთნელად გამოცხადდება. თუ კანდიდატი ორია, სამი "კარტი" რატომ უჭირავს - გაგიკვირდებათ. პასუხი მარტივია: ვაითუ, ბოლო მომენტში არც ერთი უცხოური ვარიანტი არ გამოვიდეს. ასეთ შემთხვევაში ხომ უნდა გვყავდეს დაზღვევის მიზნით ქართველი მწვრთნელი? - გია გეგუჩაძე... ან იქნებ ისევ ცხადაძე?

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელის შოთა არველაძის ნაკრებში ჩამოსვლა ამ ეტაპზე გამორიცხულია - მისი დანიშვნა ფედერაციას სურდა (ძალიან უნდოდა, თუ არა, ეს ცალკე თემაა), თუმცა მისი კანდიდატურა ამ ეტაპზე გასულებშია, ისევე როგორც ფოლკერ ფინკესი...

ადრე თუ გვიან, შოთას საკითხი კვლავ გააქტუალურდება. იმედი დავიტოვოთ, ეს "მომდევნო დარიგებაზევე" არ მოხდება, რადგან ძალიან მინდა ახალი მწვრთნელი (29 მარტამდე რომ დანიშნავენ) იმდენად წარმატებული იყოს, რუსეთში წაგვიყვანოს და სხვაზე არ ვიფიქროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
"ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე" იქნებ განმარტოთ ავტორო რატომ არის არველაძე წარმატებული მწვრთნელი? რა წარმატებას მიაღწია სადაც იმუშავა????
ushangi
15:42 12-03-2016
0
ძლივს აზრზე არ მოხვედით თქვენ ჯურნალისტებიი? რომ ცხადაძის მოხსნა არ შეიძლებოდა. ცზადაძემ ძლივს დაალაგა გუნდი აათამაშა აზრიანად, იყო მოლოდინიდიდი მაგრამ ქართველთა შურიანობამ და ბოღმამ თავი კვლავ უკვე ალბათ მიდიარდჯერ იჩინა თავი, ვაი თუ წინა პრეზიდენტის მოყვანილამ არ გაიყვანოს ფინალშიო შანს ხედავენ და მთლიანად საკუთარი თავის მნიშვნელოვან გადაწყვეტილების აღნიშვნასა და საკუთარი კადრების მოყვანა მოუნდა, როდესაც ამ ... საერთოდ განათლწების აზრზედაც არაა.
simarTle
21:45 12-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული