[ოთხშაბათის საკითხავი] ვაისს შევეყარეთ, ვაის არ უნდა შევეყაროთ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სლოვაკი ვლადიმირ ვაისი. ეროვნული გუნდის ყოველ ახალ დამრიგებელს ოპტიმიზმით ვეგებებით და ამ მხრივ, ნურც სლოვაკს დავჩაგრავთ, თუმცა დრომ გვასწავლა, რომ ამ ოპტიმიზმშიც მოზომილნი უნდა ვიყოთ, არც ფიქრი უნდა გაგვექცეს შორს და არც კალამი...

პირველი
რა მენიშნა უპირველეს ყოვლისა სლოვაკი სპეციალისტის კარიერაში? საქართველოს ნაკრებს ჰყოლია ბევრი მწვრთნელი, მაგრამ სლოვაკი პირველია, ვინც ჩვენს ეროვნულ გუნდში სანაკრებო გამოცდილებით მოდის.

კი ბატონო, როცა საქართველოს ნაკრებში მოდიოდა, რევაზ ძოძუაშვილს უკვე მოეხდინა ხმაურიანი სენსაციები ლატვიის ნაკრებში და თვით საქართველოც
დაემარცხებინა, მაგრამ, თუნდაც დოკუმენტების მიხედვით, ძოძუაშვილი არ ყოფილა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი.

ასე რომ, ვლადიმირ ვაისი პირველია. იმედია, ეს გარემოება სლოვაკი სპეციალისტის მუშაობაში თავს საჩვენოდ იჩენს, თორემ საკლუბო დონეზე ვაისის წარმატებები და თუნდაც ის, რომ უსახელო "არტმედია" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, დიდი ვერაფერი ბედენაა.

რაღა შორს წავიდეთ, საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა - კაცი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა მწვრთნელის რანგში. როგორ დაასრულა გერმანელმა, ყველამ ვიცით. ჩვენ არ გვინდა, რომ ვაისმაც ასე დაასრულოს.

ვარსკვლავები არ სჭირდება?
თუ ვაისის სამწვრთნელო ბიოგრაფიას გადავხედავთ, ერთ ნიშანდობლივ მომენტს აუცილებლად აღმოვაჩენთ - მას შედეგის მისაღწევად არ სჭირდება ვარსკვლავები. ასე იყო "არტმედიაში". ამ გუნდმა ისე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მისი არც ერთი ფეხბურთელის გვარ-სახელი არ ვიცოდით მანამ, ვიდრე სლოვაკური კლუბი მისთვის ისტორიულ შედეგს დადებდა.

სლოვაკეთის ნაკრებსაც არ ჰყოლია ვარსკვლავები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ მაინც მოახერხა ჯგუფიდან გასვლა და ამ ჯგუფში ვარსკვლავებით თავმომწონე იტალია ჩატოვა. სლოვაკეთს მაშინ ჰყავდა ბევრი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ ვარსკვლავები არ ჰყოლია.

ეს თვისება ვაისს აუცილებლად დასჭირდება საქართველოს ნაკრებში. დრო იყო, ვარსკვლავები გვყავდა, ახლა აღარ გვყავს. არადა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენ ასეთებს შევხვდებით. მართალია, ჩვენს ჯგუფში არ არის გრანდი, მაგრამ ავსტრიას ჰყავს დავიდ ალაბა, უელსს - გარეთ ბეილი, ნახევარი სერბეთი კი ვარსკვლავებია...

საშინაო მწვრთნელი ხომ არ არის?
ვაისი ძალიან წარმატებული მწვრთნელია სლოვაკეთის მასშტაბით. ნაკრებსა და "არტმედიაში" მის მოღვაწეობას უკვე შევეხეთ. წარმატებული იყო ის ბრატისლავის "სლოვანშიც", რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მუშაობას, იმავეს თქმა ჭირს. მას არაფერი გამოუვიდა რამენსკოეს "სატურნში", თუმცა ეს მთლად გასაკვირი არ არის. "სატურნში" ფული კი ჩაიდო, მაგრამ თვით რუსებიც კი აღიარებდნენ, რომ ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო მიზნების გამო შექმნილი კლუბი. დღეს ეს გუნდი საერთოდ აღარ არსებობს.

ბოლოს იყო ყაზახური "ქაირათი". ამ კლუბთან ერთად ვაისს ტიტულები არ მოჰკლებია, მაგრამ მან მაინც ვერ შეძლო მთავარი - ყაზახური ფეხბურთის გრანდი ქვეყნის ჩემპიონი ვერ გახადა.

ფეხბურთს უყვარს პარადოქსები. ვაისი "ქაირათიდან" რომ წამოვიდა, ალმათური კლუბის ხელმძღვანელობა თბილისს ეწვია და კახა ცხადაძეს შესთავაზა სამსახური. ცხადაძემ მაშინ შორს დაიჭირა - ნაკრების მწვრთნელი ვარ და ჩემი გეგმები მხოლოდ საქართველოს უპირველეს გუნდს უკავშირდებაო...

ციფრები, ციფრები გვაინტერესებს...
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ცხადაძე... ციფრების გამო აღარ წვრთნის საქართველოს ნაკრებს. ვაისის პრესკონფერენციაზე სლოვაკი სპეციალისტის ხელფასზე ზოგადი ლაპარაკი კი იყო, მაგრამ ზუსტი ციფრები არ დასახელებულა.

არადა, უნდა დასახელდეს. საფეხბურთო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხის ეკონომია გაკეთდა ნაკრებიდან ცხადაძის დათხოვნით. საფეხბურთო საზოგადოება უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ მოარული ხმები ტყუილია და ცხადაძე იმიტომ არ დაუთხოვიათ, რომ "ამ ფედერაციის კაცი არ იყო".

მძიმე საჯილდაო ქვა
მთლიანობაში, ვაისი არ ჩანს ცუდი მწვრთნელი, მაგრამ ის განსაკუთრებით მძიმე გამოცდის წინაშე დგას. მე ასე ვფიქრობ - მას ჯერ არ გაუწვრთნია ისეთი "რთული" გუნდი, როგორიც საქართველოს ნაკრებია. ევროპულ წესრიგს ნაჩვევ ვაისს შეხება მოუწევს მისთვის აბსოლუტურად უცხო რეალობასთან. მან უნდა შექმნას ნაღდი გუნდი იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც:

* ცუდი გუნდების ძირითად შემადგენლობებში ვერ ხვდებიან და თავი ვარსკვლავები ჰგონიათ;
* ნორმალურ გუნდებში სათადარიგოთა სკამზე სხედან;
* საშუალო გუნდებში თამაშობენ და მეტის ამბიცია აქვთ, თუმცა ეს "მეტი" ჯერ არ ჩანს;
* თავიანთ კლუბებში საერთოდ არ თამაშობენ და ამ კლუბებისთვის თავი ჯერ ვერ დაუღწევიათ;
* და ყველა ამ ფეხბურთელს აერთიანებს ქართული ხასიათი, რომელსაც, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, საერთო არაფერი აქვს ევროპულთან.

ვაისის წარმატება ჩვენი წარმატებაა და ახლა მთელი საქართველო მისი ქომაგია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ის გვარიანად რთული მისიის წინაშე დგას...

რა გვინდა ჩვენ?
საქართველოს ნაკრებს დღეს ძალიან უჭირს კვალიფიციური ფეხბურთელები. ისინი ცოტანი არიან, თუმცა იმდენი კი მოიძებნება, რომ მომავალ შესარჩევში ბოლომდე ვიბრძოლოთ.

ვაისის რაც მომეწონა, ის არის, რომ იმთავითვე არ ააგო ოცნების ფუჭი კოშკები, თუმცა მაინც მეტი კონკრეტულობაა საჭირო. ზუსტად რა გვინდა მომავალ შესარჩევ ციკლში, ეს ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა უნდა გვითხრას...

კარგია, რომ ის ფულის საშოვნელად არ ჩამოსულა ჩვენში, მაგრამ ჩვენ შედეგი გვინდა. მით უმეტეს, ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ბევრი აკრიტიკებდა - რად დაისახე პროგრამა-მინიმუმად მესამე ადგილიო...

ჩვენ ვაისს უკვე შევეყარეთ და დიდი იმედი მაქვს, ვაის არ შევეყრებით!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
chemi azrit ar unda gaeshvat cxadadze magram tu mainc ushvebden daenishnat geguchadze magari mwrtvnelia
zura
01:43 19-03-2016
0
ცხადაძემ სად გაიარა პრაქტიკა და რას მიაღწია მწრთვნელობით?! კარგით რა ცხადაძეს რაც უსმინე ელემენტარულად წინადადების ლოგიკურად დალაგება და აზრის გადმოცემა ვერ მოახერხა და მისი სტრატეგიის ახსნა ხომ წარმომიდგენია :) ცხადია რომ ცხადაძე იმ ხელფასს მარტო არ იჯიბავდა და ამაზე თვითონაც ინტერვიუშიც მიანიშნა... მოკლედ მორჩა ცხადაძე და ძალინაც კარგი !!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული