შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველ მატჩში ჩვენი ნაკრები ამხანაგურად ყაზახეთის ნაკრებს "დინამო არენაზე" გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
"ქართული სპორტის ქომაგების" მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ქართული სპორტის ქომაგები" 6 წელია, რაც ვარსებობთ. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს ორგანიზაციას არც ერთი საფეხბურთო მატჩი არ გამოუტოვებია, სა
გუშინ საკმაოდ ციოდა, თუმცა, ჩვენთვის ცუდი ამინდი დაბრკოლება არასდროს ყოფილა. მით უმეტეს, ახალი წელი, ახალი ფედერაცია, ახალი მწვრთნელი, განახლებული იმედები და სულაც რომ ეთოვა ან თბილისს თალხი დაეხურა, ქომაგები "დინამო არენაზე" ჩვეულად ვიგუგუნებდით.
გუშინდელ მატჩზე შევეცადეთ საფეხბურთო გარემო შეგვექმნა და ქალაქში ქომაგური მსვლელობაც მოვაწყვეთ - შეძახილებით, სიმღერებით და პირო-შოუებით. მოტივაცია არც ცარიელ სტადიონს დაუკარგავს და კიდევ უფრო მეტი შემართებით დავიწყეთ ჩვენი ნაკრების გამხნევება (ეს ჩვენი მოვალეობა, პასუხისმგებლობა და ცხოვრების წესია). 90 წუთი ჩვენი ტრიბუნა არ გაჩერებულა, ვცდილობდით, გამარჯვების მოპოვებაში დავხმარებოდით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ...
ბევრს არაფერს ვითხოვთ თქვენგან, ბიჭებო (!). ქომაგები ვართ ის ხალხი, რომელიც არასდროს მიგატოვებთ, ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით წაგების და მოგების დროსაც. ეს ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოვიგებთ, მაგრამ ყოველთვის გვინდა, რომ თავაწეულებმა დატოვოთ მინდორი. ისე არ უნდა გახვიდეთ მინდვრიდან, რომ რაღაც დააკლოთ თქვენს შესაძლებლობებს, მხოლოდ ერთს ვითხოვთ მინდორზე, იბრძოლეთ ბოლომდე, დაგვანახეთ, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებთ. ჩვენც თქვენ გვერდით ვიბრძოლებთ ტრიბუნიდან და თქვენთან ერთად გავიზიარებთ ყველაფერს.
გაითავისეთ კარგად, თუ რა არის თქვენს მაისურებზე ამოტვიფრული; გაითავისეთ, რომ ჰიმნის დროს თავაწეულებმა, გულით იმღეროთ და შეიგრძნოთ, რას ნიშნავს სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ვინ დგას ტრიბუნაზე თქვენი თამაშის სანახავად, იმედების გასამართლებლად (ვიღაცეებისთვის 5 ლარი არაფერია, მაგრამ გუშინ სწორედ ის ხალხი იყო მოსული სტადიონზე, ვისთვისაც ეს თანხაც ბევრს ნიშნავს)...
იბრძოლეთ თითოეული მაყურებლისთვის, ვინც ტრიბუნაზეა, ვინც ტელეეკრანებიდან გიყურებთ, დედაქალაქიდან თუ რეგიონებიდან. მოგვეცით იმის საშუალება, რომ ყველგან ვიამაყოთ თქვენი თავით. ჩვენ არ გვინდა თავჩაღუნული ბიჭების ცქერა და მათი ქომაგობა. ჩვენ ჩვენი ეროვნული ნაკრებების ყოველთვის გვჯეროდა და მომავალშიც ასე იქნება, პირველები გაგაკრიტიკებთ და პირველები დაგიცავთ, მაგრამ თქვენგანაც მეტს მოვითხოვთ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ვიქნებით, ვერ დაგვაშორებს ვერც ერთი მარცხი თუ ფრე.
დაბოლოს, გუშინდელი მატჩის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენი ტრიბუნისკენ წამოვიდა მადლობის (ან ბოდიშის) სათქმელად. მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილი ყველაზე ახლოს მოვიდა. ემოციები საკმაოდ გვქონდა მოზღვავებული და ჩვენი სათქმელის მცირე ნაწილი იქვე ვუთხარით (თუმცა შესაძლოა თორნიკე ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა გუშინდელი თამაშის შემდეგ ამას).
კარგი იქნებოდა, თუ ყველა გაითავისებდა თავის პასუხისმგებლობას, რაც უთუოდ ოდნავ უკეთესი მომავლის წინაპირობა იქნება”, - ნათქვამია განცხადებაში.