თვალსაზრისი: რატომ ვერ ვუგებთ ყაზახეთს?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფრედ ითამაშა ყაზახეთთან თბილისურ ამხანაგურ მატჩში.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ყაზახეთს ვუგებდეთ, მით უმეტეს - საკუთარ კედლებში, მაგრამ მხოლოდ ამბიცია არაფერს ნიშნავს. თითქოს, ისეთი ფეხბურთელებიც გვყვანან, ყაზახეთის ყალიბის გუნდს რომ უნდა ეყოს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

საკლუბო ამბები
ყაზახეთის ნაკრებში თიოთქმის არ არიან ლეგიონერები. ამ გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობა ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს. ყაზახეთის პირველობა კი რამდენიმე თავით აღემატება ჩვენს მრავალტანჯულ ეროვნულ ჩემპიონატს.

დაგვერწმუნეთ - რომ არა
ყაზახური საკლუბო ფეხბურთის მაღალი დონე, თბილისში მათ ძლევას მოვახერხებდით. ყაზახი ფეხბურთელები ვერ არიან ლიდერები თავიანთ კლუბებში, თუმცა სახელოვანი და კლასიანი ლეგიონერების გვერდით საშუალო დონეზე თამაშს კი სწავლობენ.

ყაზახეთის ჩემპიონატში მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელები, სხვადასხვა დროს მაღალ დონეზე რომ უთამაშიათ, განსაკუთრებით - რუსულ პრემიერლიგაში. თუნდაც, უკრაინელი ანატოლი ტიმოშჩუკი ავიღოთ. ის ახლაც იცავს უკრაინის ნაკრების ღირსებას, წლების განმავლობაში კი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსა" და თვით მიუნხენის "ბაიერნშიც" აგორებდა ბურთს.

ყაზახეთისა პირველობაზე ასევე თამაშობენ სხვადასხვა აფრიკული ქვეყნების წარმომადგენელი ფეხბურთელები. ისინი თავიანთ ქვეყნებში ნაკრებების ღირსებას იცავენ.

ყაზახურ საკლუბო ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს. აგერ, "ასტანამ" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. ყაზახებმა ევროპა ლიგაზეც მიაღწიეს წარმატებებს...

მოკლედ, ძალიან სწრაფად ვითარდებიან და ამ განვითარების მთავარი მიზეზი ფულია.

ეს ის შემთხვევაა, როცა დროა, კუდი ყავარზე აღარ გვქონდეს გადებული. ევროთასებზე, სადაც კი გადაგვეყარნენ, ყაზახურმა კლუბებმა კუდით ქვა გვასროლინეს და წინასასეზონო შეკრებებს ხომ ნუღარ იკითხავთ - ლამის ასტრონომიული ანგარიშებით გვიგებენ ანტალიასა თუ მის შემოგარენში.

ჩვენ ვამაყობთ იმ კლუბებით, რომლებშიც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ და ის კი გვავიწყდება, რომ ამ კლუბებს თავისუფლად გაუწევს კონკურენციას (თუ არ აჯობებს) ძალიან ბევრი ყაზახური გუნდი.

მე არ მეგულება ბევრი ქართველი ლეგიონერის ისეთი კლუბი, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოსა" და ლისაბონის "ბენფიკას" ეჭიდავება. არადა, "ასტანამ" ეს ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო.

ნამყოფი ვარ ყაზახეთში და საკუთარი თვალით მინახავს იქაური საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ასტანის სუპერთანამედროვე სტადიონის მშენებლობა, მაგრამ მაშინდელი მდგომარეობითაც კი იქაური ინფრასტრუქტურა ბევრად წინ იყო თუნდაც ჩვენს დღევანდელზე.

მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ყაზახებმა კიდევ უფრო წინ წაიწიეს, ჩვენ კი ჯერაც უკან-უკან მივდივართ. თუ ეს ვინმესთვის საკამათოა, ერთ ადგილს რომ ვტკეპნით, ამაზე ხომ მაინც ვერავინ შემოგვედავება...

ზემოთ ევროტურნირები ვახსენე და, მხოლოდ ერთი ისეთი ქართული კლუბი მახსოვს, ყაზახური ბარიერი რომ გაიარა - რუსთავის "ოლიმპი". ანუ, ფაქტები თავისთავად ყველაფერზე მეტყველებენ.

მგონი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რამდენიმე კვალიფიციური ლეგიონერის ყოლა სულაც არ ნიშნავს ძლიერ ნაკრებს.

Sportall.Ge

სათამაშო პრაქტიკა
გადავხედოთ საქართველოს ნაკრების იმ შემადგენლობას, რომელმაც სამშაბათს ყაზახეთთან ითამაშა. რამდენიმე ფეხბურთელს აშკარად აკლია სათამაშო პრაქტიკა თავის კლუბში. ეს, განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის საკვანძო მოთამაშეებზე ითქმის - ნუკრი რევიშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა ძალიან ცოტას თამაშობენ თავიანთ გუნდებში.

აქვე, უნდა მოვიხსენიოთ ლევან მჭედლიძეც, ვისაც "ემპოლის" სამწვრთნელო შტაბი ლიმიტირებულ სათამაშო დროს აძლევს.

ჯანო ანანიძეს კი მეტი შეუძლია და მეტიც მართებს. ამას უკვე დიდი მარჩიელობა აღარ სჭირდება - ჯანომ აუცილებლად უნდა დატოვოს მოსკოვის "სპარტაკი", სადაც ის უკვე დიდი ხანია, მხოლოდ ეპიზოდურ როლებშია.

ჯანო უკვე კარგა ხანია, აღარ არის ბავშვი. მას საფეხბურთო სიმწიფის წლები უდგას და თვისობრივად ახალ დონეზე უნდა გავიდეს. ვფიქრობ, ეს გაზაფხული გადამწყვეტი იქნება მის კარიერაში - ან წავა "სპარტაკიდან" და ნაღდ ევროპულ ფეხბურთს ეზიარება, ანდაც...

ფიზიკური მომზადება
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი თამაშის მიმოხილვის კომენტარებში მკითხველმა მისაყვედურა - ყველაფერზე რომ წერ, რატომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უსუსტეს ფიზიკურ მომზადებას არ ახსენებო?!

იქნებ, სიტყვა "უსუსტესი" გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ ამ მხრივ რომ ძალიან მოსამატებელი გვაქვს, ვფიქრობ, ამაზე კამათი არ ღირს. ბევრი ისეთი გუნდი და ნაკრები ვიცით, თამაშებს მხოლოდ ამ კომპონენტზე დაყრდნობით რომ იგებს. საქართველო არ არის ასეთი და თავისი საფეხბურთო კრედოებიდან გამომდინარე, ვერც იქნება, მაგრამ ისიც დაუშვებელია, რომ რამდენიმე ფეხბურთელის ფიზიკური მომზადების დონე სანაკრებო სტანდარტებს არ შეესაბამება.

დაუშვებელია, როცა ნაკრების ფეხბურთელს ფიზიკური მომზადება მხოლოდ ერთი ტაიმი ჰყოფნის. შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრი გვქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე გვარ-სახელების ჩამოთვლას მოვერიდებით...

...ოღონდ, მხოლოდ ამ ეტაპზე, რადგან ვლადიმირ ვაისი ამას ჩვენზე უკეთ შეამჩნევდა და ვაცადოთ ამ კომპონენტის გამოსწორება. დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ მხრივ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბს უკვე ექნება მდიდარი სტატისტიკური მონაცემები და მას ნაკრების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის გამოიყენებს.

ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!
ლევან მჭედლიძემ ყაზახეთთან შეხვედრაში ვერ ითამაშა. იმ წამსვე გაჩნდა ვერსია, თითქოს "ემპოლის" ფორვარდს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელთან. მჭედლიძე ისეთ ადგილას და ისე იჯდა, ეს ეჭვი იქვე გაგვეფანტა, გუშინ კი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სლოვაკ სპეციალისტთან კონფლიქტი კატეგორიულად უარყო.

ძალიანაც კარგი! ვაისს ახლა ქართული სარმები კი არა, ჩვენი თანადგომა სჭირდება, რადგან მისი წარმატება ქვეყნის წარმატება იქნება. ნაკრები კი ის ადგილი არ არის, სადაც ერთმანეთს უნდა ვეკამათოთ.

რაც შეეხება მჭედლიძეს, ჩემი აზრით, დღეს ის აშკარად შეუცვლელი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრების თავდასხმაში. ის რომ ჯანმრთელად ყოფილიყო, მჯერა, ვაისი ყაზახეთთან შეხვედრას ფორვარდის გარეშე არ დაიწყებდა.

ზოგადად, როცა მჭედლიძე ჯანზეა, საქართველოს ნაკრების შეტევაში მეტი აგრესია და კლასია. დღეს გუნდს, ძირითადად, ტანად პატარა, ტექნიკური შემტევები ჰყავს და მჭედლიძე მათ შორის აშკარა გამონაკლისია.

ჯანმრთელი მჭედლიძე საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს და დარწმუნებული ვარ, ამაზე ვაისიც დამიკრავს კვერს.

გამოცდილებას თუ გაიზიარებს...
კარგი იქნება, თუ ვაისი მისი წინამორბედის გამოცდილებას გაიზიარებს. რა თქმა უნდა, ყველაფერში არა, მაგრამ ზოგიერთ საკითხში მაინც.

მე, მაგალითად, ვერ ვხედავ ანანიძის ადგილს მარცხენა შემტევის პოზიციაზე. კახა ცხადაძემ ჯანოს კარგი ადგილი მოუნახა და შოტლანდიასთან თბილისურ მატჩში აკი გამოჩნდა კიდეც - ანანიძე იდეალურად ერგება ეგრეთ წოდებული შემქმნელი საყრდენი ნახევარმცველის ადგილს.

ამით ორი პრობლემა იხსნება. ჯერ ერთი, ჯანოს ვიყენებთ სასარგებლოდ და მეორეც - ბურთი უფრო სწრაფად და ხარისხიანად ამოდის შეტევაში.

ცხადაძე უკვე წარსულია და ჩვენც გვესმის, რომ ფეხბურთში მწვრთნელები იცვლებიან, მაგრამ რაც კარგი და სასარგებლო იყო იმ დროში, რატომ უნდა დავკარგოთ?!

არა მგონია, ვაისისთვის სათაკილო იყოს პოზიტიური გამოცდილების გაზიარება. არ ჩანს ასეთი კაცი, რადგან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ზოგიერთი შეცდომა გულწრფელად აღიარა. ეს უკვე კარგია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
ფეხბურთი გარიბების სპორტია. ბავშთა ფეხბურთის სექციები უნდა იყოს უფასო. რამდენი ბავშვი ვერ დადის ფეხბურთზე უფულობის გამო.
gela
10:56 03-04-2016
0
რეალურად ქართული ფეხბურთი ჩიხშია შესული. გადაჭრილი აქვს მთავარუ არტერიები. დაიკარგა აფხაზეთის წყარო. რომელიც ერთ ერთი მთავარი პლაცდარმი იყო ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ხელოვნურად მოხდა რეგიონებში ფეხბურთი ჩაკვლა. ბათუმში სტადიოიც კი დაანგრიეს და დაშალეს ბათუმის გუნდი. სამეგრელოშიც სულს ღაფავს ფეხბურთი და ეს ყველაფერი ვფიქრობ რომ მიზანმიმართულად კეთდება. შეხედეთ რა დღღეშია დინამო. თითქოს არაფერი აკლია. პირობები. ბაზა. ფული. პრეზიდენტი მილიონერი. მეტი რა არის საჭირო იმისათვის რომ ნორმალური გუნდი ჩამოყალიბდეს. რა არის მიზეზი თუ აქ შეგნებულ ქმედებას არ აქვს ადგილი რათა საბოლოოდ დაასამარონ ჩვენთან ფეხბურთი და ხალხს ათქმევინონ რომ ისევ ჯობია რუსულ ჩემპიონატს მივეკედლოთ და გავაუქმოთ ეროვნული ჩემპიონატი. ყველაფერს აკეთებენ ამისათვის.
Lashamax
09:30 03-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული