საქართველოს ნაკრები: არადა, ისინი ამინდს უნდა ქმნიდნენ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდში არსებულ პრობლემათაგან ერთ-ერთი მთავარი გამოჰყო - ნაკრების ბევრ ფეხბურთელს აკლია სათამაშო პრაქტიკა თავის კლუბში.

პრობლემა მართლაც ძალიან მტკივნეულია და ყაზახეთთან სათამაშოდ გამოძახებულ შემადგენლობაზე დაყრდნობით, მოდი, ვიმსჯელოთ, ვის რა პრაქტიკა აქვს საკლუბო ფრონტზე...

მეკარეები
გიორგი ლორია - საქართველოს ნაკრების მეკარე "კრილია სოვეტოვში" ხან თამაშობს და ხან - არა. გიორგი თავდაუზოგავად იბრძვის სამარული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად.

ნუკრი რევიშვილი - ხშირად არის "მორდოვიას" სათადარიგოთა სკამზე. ნებისმიერი მეკარისათვის სათამაშო პრაქტიკა შეუფასებელია და ასეა რევიშვილის შემთხვევაშიც.
საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ის უკეთეს გუნდს იმსახურებს.

როინ კვასხვაძე
- ქუთაისის "ტორპედოს" ძირითად მეკარესთან ერთად, პორტუგალიური "ფეირენშეს" კარის დარაჯი გიორგი მაკარიძეც უნდა ვახსენო, ვინც ყაზახეთთან მატჩისთვის ტრავმის გამო არ გამოუძახებიათ. სანამ დაშავდებოდა, მაკარიძე გუნდში მთავარი მეკარე იყო.

მცველები
ალექსანდრე ამისულაშვილი - თბილისის "დინამოს" დაცვის ლიდერს უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

უჩა ლობჟანიძე - ისიც სისტემატურად თამაშობს "დინამოში". ნაკრების მარჯვენა მცველი კლუბშიც, ფაქტობრივად, შეუცვლელია ამ პოზიციაზე.

საბა კვირკველია - ყაზანის "რუბინისთვის" უაღრესად ფასეული მოთამაშეა. მის გარეშე ამ გუნდის უკანა ხაზი წარმოუდგენელია.

გიორგი ნავალოვსკი - მას შემდეგ, რაც ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" დაბრუნდა, სისტემატურად თამაშობს. ეგაა, მისთვის უკეთეს გუნდს ვისურვებდით, ვიდრე რუსული პირველი ლიგის ბინადარია.

გურამ კაშია - "ვიტესის" კაპიტანს ცოტა ხნის წინ სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, ახლა კი ყველაფერი რიგზეა - კაშია ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა.

ლაშა დვალი - პოლონური "შლიონსკის" ახალწვეული სისტემატურად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში და უკვე გოლითაც გამოიჩინა თავი.

ნახევარმცველები
ჯაბა კანკავა - საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ერთ-ორ მატჩს თუ არ ჩავთვლით, ფრანგულ "რეიმსში" სათამაშო პრაქტიკა არ აკლია.

ნიკა კვეკვესკირი - ბაქოს "ინტერის" ერთ-ერთი ლიდერი.

სანდრო კობახიძე - დაბრუნდა "დნიპროში", სადაც ტრავმის გამო ჯერ არ მიეცა თავის გამოჩენის შანსი. სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება, ისევე, როგორც თავად სჭირდება ნაკრებს.

ჯანო ანანიძე - ალბათ, დროა, "სპარტაკი" დატოვოს. მისგან მხოლოდ ეპიზოდური როლები აღარ გვაკმაყოფილებს.

ლევან ყენია - ერთი შეხედვით, პრაღის "სლავიაში" სათამაშო დრო საკმაოდ აქვს, მაგრამ მისგან გაცილებით მეტს ველით.

თორნიკე ოქრიაშვილი - "ესქიშეჰირსფორის" შემადგენლობაში მას მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ წუთებს აძლევენ. ოქრიაშვილი უნდა გაეცალოს თურქული ლიგის აუტსაიდერს და საკუთარ თავს მეტი მოსთხოვოს. ეს ცხადზე ცხადია.

ნიკა ძალამიძე - "რიზესფორის" სამწვრთნელო შტაბი გუნდში ქართველი ფეხბურთელის ადგილს ვერ ხედავს. სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს.

ვალერი ყაზაიშვილი - მთლიანობაში, კარგ სეზონს ატარებს. როგორც ჩანს, ახლა ვერაა ოპტიმალურ ფორმაში. ყაზახეთთან სანაკრებო მატჩშიც ვერ გაიბრწყინა, ბოლოს კი "ვიტესის" სათადარიგოთა სკამს შეეჩვია.

გიორგი ჭანტურია - "დუისბურგის" ქართველმა შეძლო არა მხოლოდ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, არამედ მის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა.

გიორგი აბურჯანია - რაც კვიპროსული "ანორთოსისიდან" ესპანურ "ხიმნასტიკში" გადავიდა, ტარაგონულ გუნდში ძირითად საყრდენად ითვლება. გოლიც შეაგდო და საგოლე პასებითაც გამოირჩა.

თავდამსხმელები
ლევან მჭედლიძე - "ემპოლიში" სათამაშო პრაქტიკა არ ჰყოფნის. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი ხშირი ტრავმიანობაცაა.

მათე ვაწაძე - "ორჰუსის" სამწვრთნელო შტაბი საერთოდ აღარ ენდობა. თუ ასე გაგრძელდა, ვაწაძე, დიდი ალბათობით, გუნდს გამოიცვლის.

გიორგი ქვილითაია - საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და, ცხადია, თბილისის "დინამოში", პრაქტიკის მხრივ, პრობლემა არ აქვს.

ნიკა კაჭარავა - ახლახან მივიდა რუსული პრემიერლიგის ლიდერ "როსტოვში" და ჯერ მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ყოფნას სჯერდება.

* * *
მკითხველი დასკვნებს თავად გამოიტანს. საწყენია, რომ სათამაშო პრაქტიკა განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს აკლიათ, რომლებმაც ეროვნულ გუნდში "ამინდი" უნდა შექმნან.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა ვაისს კი არა, გაცილებით მაღალი დონის სპეციალისტსაც გაუჭირდება.

საერთოდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ცოტა მეტი უნდა იფიქრონ მანამ, ვიდრე კლუბს შეარჩევენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოში ამინდს ქმნიან,იქ სადაც ფეხბურთის თამაში იციან ფეხბურთელებს სკამებს უთბობენ,,რას ერჩით უქმად არსად "ცდებიან"
vova
16:52 06-04-2016
0
ყენია-ოქრიაშვილი-ანანიძე-კობახიძე-ჭანტურია-მჭედლიძე რა აქვთ ამ ფეხბურთელებს საერთო?? ყველას შეუძლია ნაკრებს კონკრეტულ მატჩში ულიდეროს, მაგრამ ზოგიერთს ტრავმები აწუხებს, ზოგიერთს ხასიათის და სათამაშო დროის პრობლემა აქვს და ზოგს კი ყველა ეს პრობლემა ერთად აწუხებს!!

კაჭარავა იმიტომ არდავწერე რომ ეხლა გადავიდა როსტოვში, რეალურად კი ამ გუნდის რუსეთის ჩემპიონატის პირველ ადგილზე ყოფნა წარმოუდგენელია, ამიტომ ვერმოსთხოვ მწვრთნელს რო ათამაშოს ფეხბურთელი რომელიც ეხლა გადავიდა და ადაპტაცია არგაუვლია... მომავალი სეზონიდან კი ნამდვილად უნდა შეძლოს ძირითადში დამკვიდრება!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული