რეტრო: ყიფიანი VS ოგანესიანი
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს დღემდე ერთმანეთში ოთხი მატჩი აქვთ ჩატარებული; იმის მიუხედავად, რომ ოთხივე შეხვედრა ამხანაგური იყო, მეზობლებთან არსებული დადებითი ბალანსი მაინც გვახარებს: 2 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება (ბურთების
თუმცა, ისევ სანაკრებო დაპირისპირებას დავუბრუნდეთ და, რაღა თქმა უნდა, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების პირველი მატჩი გვინდა გავიხსენოთ; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ქართულ-სომხური დაპირისპირებებიდან 8 წლის (!) შემდეგ კვლავაც უნდა გვეხილა ძველი მეტოქეების პაექრობა; საერთოდაც, 1997 წლის 30 მარტის ის შეხვედრა სხვა ფაქტორებითაც იყო წინასწარ დამაინტრიგებელი: საქართველოს ნაკრები თბილისში ამხანაგურ მატჩს სამწლიანი პაუზის მერე ატარებდა; სომხებთან დაპირისპირება გენერალურ რეპეტიციად განიხილებოდა ერთი თვის შემდეგ გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის - ჩვენს უპირველეს გუნდს ხომ ლეგენდარულ "უემბლიზე" ინგლისელებთან სტუმრობა უწევდა; აღარაფერს ვამბობთ იმ ინტერესზე, ორივე გუნდის მწვრთნელთა დაპირისპირება რომ იწვევდა: დავით ყიფიანი ხორენ ოგანესიანის წინააღმდეგ!
80-იანი წლების საბჭოთა ფეხბურთის ორი გამორჩეული ვარსკვლავი წლების განმავლობაში მეტოქეებიც იყვნენ და თანაგუნდელებიც (ნაკრებში), მაგრამ 1997 წლის 30 მარტს უკვე სხვა ამპლუაში მოგვევლინნენ: მათ მიერ დამოძღვრილ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს ერთმანეთში პირველი ოფიციალური მატჩი უნდა ჩაეტარებინათ. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ დავით ყიფიანისთვის ის შეხვედრა ჩვენი ნაკრების თავკაცის პოსტზე სადებიუტო იყო, აი, სომხური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ხორენ ოგანესიანი კი უკვე მეორე წელი ხელმძღვანელობდა თავისი ქვეყნის ნაკრებს და სხვათა შორის, არცთუ ურიგოდაც; საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, ჩვენს მეზობლებს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ცუდად არ დაუწყიათ: პორტუგალიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრები ფრედ დაამთავრეს. თუმცა, თბილისში ჩამოსვლამდე სამი თვით ადრე ხორენ ოგანესიანის გუნდმა სასტიკი მარცხი იგემა ჩილესთან ამხანაგურ შეხვედრაში (0:7).
ვინ იფიქრებდა, რომ 1997 წლის 30 მარტსაც ანალოგიური შედეგი დაფიქსირდებოდა: უაღრესად მოტივირებულმა საქართველოს ნაკრებმა პრინციპული მეტოქის კარში შვიდი უპასუხო გოლი გაიტანა! არც მანამდე და არც მერე, ჩვენ უპირველეს გუნდს მსგავსი ანგარიშით აღარ მოუგია და, ასე და ამრიგად, სარეკორდი მაჩვენებელი სწორედ სომხებთან გვაქვს. დღეს, სწორედ იმ 13 წლისწინანდელი შეხვედრის გახსენება გვინდა, - იმის მიუხედავად, რომ ამხანაგური მატჩი იყო, სომხებთან იმდროინდელი დაპირისპირება ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პაექრობად უნდა მივიჩნიოთ.
სარეკორდო გამარჯვება
ჩვენი ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სომხებთან მატჩისათვის, ფაქტობრივად, უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა; რაც მთავარია, ძველ და პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრას უდანაკარგოდ შევხვდით: ნაკრებს დაუბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი ჩიხრაძე, ასე რომ გვაკლდა წინა წლის შემოდგომაზე ინგლისთან და იტალიასთან ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში; "ჩიხოს" გარდა ნაკრებს გარკვეული პაუზის მერე არჩილ არველაძეც და მიხეილ ყაველაშვილიც დაუბრუნდნენ და ორივე მათგანმა ნაკრებში დაბრუნება გოლითაც აღნიშნა.
დანარჩენი, ყველაფერი "ძველებურად" იყო: კარში ირაკლი ზოიძე იდგა, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ნუგზარ ლობჟანიძე ვიხილეთ, დაცვის ცენტრში - კახა ცხადაძისა და მურთაზ შელიას მართლაც შეუცვლელი "დუეტი", მარცხნივ - გიორგი ჩიხრაძე, პირველ ტაიმში ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე თემურ ქეცბაია ასპარეზობდა და როგორც ყოველთვის, უაღრესად აქტიური გახლდათ; მოედნის ცენტრს გიორგი ნემსაძე და გოჩა ჯამარაული ამაგრებდნენ, მარცხნივ კი 19 ლევან კობიაშვილი თამაშობდა (სხვათა შორის, სომხებთან მატჩი "კობისთვის" პირველი სანაკრებო შეხვედრა იყო თბილისელი ქომაგის წინ); ერთადერთი, რაც მაშინ "გვეუცხოვა", გიორგი ქინქლაძის შეტევის წინა ხაზში გამოჩენა იყო; მთლად გამოკვეთილი ფორვარდი იყოო, ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ "შავი სამუშაოსგან" გათავისუფლებული გახლდათ და ქინქლაძემაც გაილაღა! ყოველ შემთხვევაში, ვიდრე გამოცვლიდნენ, მეტოქის ფეხბურთელებს მართლაც "შავი დღე" აყარა თავისი საფირმო ფინტებითა და მოულოდნელი გადაწყვეტილებებით. პირველი გოლიც ქინქლაძის ფილიგრანულ პასს მოჰყვა, - ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოასპარეზე შოთა არველაძე ჩინებულად გაერკვა ამ სიტუაციაში და ეფექტური გოლიც გაიტანა. საერთოდაც, ის შეხვედრა შოთა არველაძის ბენეფისად იქცა - სანაკრებო შეხვედრაში "ჰეთ-თრიქის" შესრულება ხომ ნამდვილად არ იქნებოდა პატარა ამბავი და საერთოდაც, ზღაპრულად ითამაშა.
პირველი ტაიმი იწურებოდა, თემურ ქეცბაიამ ლამის საკუთარი ნახევრიდან შორეული რეიდი რომ წამოიწყო, ეფექტური დრიბლინგით მეტოქეებიც ჩამოიცილა, მაგრამ სომხეთის ნაკრების მცველებმა მხოლოდ წესების დარღვევით შეძლეს მისი შეჩერება; შეხვედრის არბიტრს, შემდგომში ცნობილ მსაჯს, ვალენტინ ივანოვს ერთი წამითაც არ უჭოჭმანია, ისე დანიშნა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი, - გიორგი ქინქლაძემ კი პენალტი ზუსტად დაარტყა და ჩვენი უპირატესობაც უფრო სოლიდური გახადა.
შესვენების შემდეგ ჩვენს ნაკრებში უამრავი ცვლილება მოხდა და გუნდის ტაქტიკური განლაგებაც რამდენჯერმე შეიცვალა. თანაც, დავით ყიფიანმა არჩილ არველაძესა და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად მოედანზე ნაკრების სტაჟიანი წევრი კახა გოგიჩაიშვილიც გამოიყვანა და ერთდროულად სამი დებიუტანტიც: გოგა გახოკიძე, ამირან მუჯირი და გელა შეყილაძეც; რაც შეეხება ნიკა ტოგონიძეს, ბათუმის "დინამოს" მეკარისთვის სომხეთთან მატჩი მხოლოდ მეორე სანაკრებო შეხვედრა გახლდათ. ისე, მეორე ტაიმში ჩვენი უპირატესობა უფრო გამოიკვეთა და მალე "არველაძე-შოუც" ვიხილეთ: ჯერ, შოთამ გაიტანა ამ შეხვედრაში თავისი მეორე გოლი, მერე კი შეცვლაზე შემოსულ აჩიკოს მხოლოდ და მხოლოდ 3 წუთი დასჭირდა "დუბლის" გასაფორმებლად. ამ ყველაფერს კვლავაც შოთას ჩინებული გოლი მოჰყვა - კუთხურის მერე, თავით, მაღალ ნახტომში ბურთი ზუსტად რომ გაგზავნა მეტოქის კარში; მოწინააღმდეგის რბევა კი მიხეილ ყაველაშვილმა დაასრულა, ვისაც ნაკრების მაისურით კარგა ხანი არ ჰქონდა გოლი გატანილი.
მატჩის დასრულების შემდეგ სტუმართა თავკაცს, ხორენ ოგანესიანს დანა პირს არ უხსნიდა; ერთადერთი, თავის მართლებასავით გამოუვიდა, როცა საკადრო პრობლემებზე დაიწუწუნა: რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე სამი ძირითადი ფეხბურთელი (რომან ბერეზოვსკი, სარქის ოგანესიანი, კარაპეტ მიქაელიანი) გვაკლდაო. სომხური ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას თავისი გუნდის ორ ფეხბურთელზე არაფერი უთქვამს, მაგრამ, ფაქტია, რომ ორივესგან ბევრად მეტს ელოდა. მიშელ ტერ-ზაქარიანსა და ერიკ ასადურიანზეა საუბარი, წლების განმავლობაში საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ("ნანტი", "მონპელიე", "გენგამი") რომ ასპარეზობდნენ და სომხეთის ნაკრებში წარმომავლობისა და გამოცდილების გამო რომ მიიწვიეს. ისე, საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, სომხებს იმის შემდეგაც ათეულობით მოქალაქეობაშეცვლილი ფეხბურთელი უთამაშებიათ თავიანთ ეროვნულ ნაკრებში, თუმცა, განსაკუთრებული მიღწევებით ვერავინ დაიკვეხნიდა.
კვიპროსს ვერსად გავექეცით
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მომდევნო დაპირისპირება იმავე ქალაქსა და იმავე სტადიონზე ჩატარდა, დღევანდელი მატჩი რომ უნდა გაიმართოს: კვიპროსზე, ლიმასოლში, "ცირიონის" სტადიონზე; ისიც საინტერესოა, რომ 2000 წლის 6 თებერვალს ჩატარებულ იმ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელ(ები) ჰყავდა: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი. უფრო ზუსტად, კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა ახალი მწვრთნელთა "დუეტის" ხელმძღვანელობით ჯერ სლოვაკეთთან ითამაშა (2:0), მერე პენალტების სერიაში რუმინეთთან დავმარცხდით და ბოლო მატჩში სომხებს მოვუგეთ. აღსანიშნავია, რომ იმ ტურნირზე ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდათ ზურაბ მენთეშაშვილს, რევაზ ქემოკლიძეს, გივი კვარაცხელიასა და მერაბ ძოძუაშვილს.
სომხებმა მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლეს ჩვენთან ქულის აღება: იმავე წლის 26 აპრილს ერევანში ძველი მეტოქეების დაპირისპირება ნულოვანი ფრით დამთავრდა; თანაც, მასპინძლებს თუ უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდათ, საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობდა და ბევრი ფეხბურთელისათვის (ლევან მელქაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, სევასტი თოდუა, დავით ჩალაძე, რატი ალექსიძე) სულაც სადებიუტო მატჩი იყო.
და აი, სომხებისთვის ნანატრი რევანშის ჯერიც დადგა; თამაში კვლავაც კვიპროსზე ჩატარდა, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ მოასპარეზე გუნდს ძნელად თუ დავარქმევდით საქართველოს ნაკრებს; შეგახსენებთ, რომ 2003 წლის ბოლოსა და 2004 წლის დასაწყისში საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, უმწვრთნელოდ იყო დარჩენილი; ანუ, ვიდრე ჩვენ უპირველეს გუნდს ფრანგ ალენ ჟირესს ჩააბარებდნენ, კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების სახელით თბილისის "დინამო" ასპარეზობდა.
"დინამო" იმ პერიოდში ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს კვიპროსზე გადიოდა და სომხეთთან წინააღმდეგ სწორედ დინამოელებმა, პლუს ერთი-ორმა ლეგიონერმა (ლევან კორღალიძე, ვიტალი დარასელია) და იმ დროისათვის კვიპროსის ჩემპიონატში მოასპარეზე გიორგი გაბიდაურმა იასპარეზეს; აი, სომხეთის ნაკრები კი უძლიერესი შემადგენლობით გვეთამაშა, მოქალაქეობაშეცვლილი სამი ფეხბურთელიც ჰყავდა (ზეტე,დუმბუკი, ზეიჩუ), და, რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების დებიუტანტი მეკარის ზურაბ მამალაძის კარში გოლები ტყუპმა ძმებმა, ართავაზ და არმან ქარამიანებმა გაიტანეს.
ქართულ-სომხური დაპირისპირებები
ამხანაგური მატჩი
საქართველო-სომხეთი 7:0
30.03.1997. თბილისი. ეროვნული. 30000 მაყურებელი
1:0 შ. არველაძე (12), 2:0 ქინქლაძე (46, პენალტით), 3:0 შ. არველაძე (53), 4:0, 5:0 ა. არველაძე (58, 60), 6:0 შ. არველაძე (67), 7:0 ყაველაშვილი (81).
საქართველო: ზოიძე (55. ტოგონიძე)-ნ. ლობჟანიძე, ცხადაძე, შელია (61. შეყილაძე), ჩიხრაძე (46. გოგიჩაიშვილი)-ქეცბაია (57. ა. არველაძე), ნემსაძე, ჯამარაული (46. ყაველაშვილი), კობიაშვილი-ქინქლაძე (61. გახოკიძე)-შ. არველაძე (68. ა. მუჯირი).
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კაპიტანი: კახა ცხადაძე
სომხეთი: ავაქიანი, სუკიასიანი, ვ. ხაჩატრიანი (65. გსპეიანი), ოვსეფიანი, ტერ-ზაქარიანი (46. ტონოიანი), ვარდანიანი (57. მანუკიანი), პეტროსიანი (61. რ. ხაჩატრიანი), ტერ-პეტროსიანი (57. ესაიანი), მხითარიანი, ასადურიანი, ა. ავეტისიანი.
გაფრთხილება: ტერ-ზაქარიანი
მთვარი მსაჯი: ვ. ივანოვი
საერთაშორისო ტურნირი (კვიპროსზე)
საქართველო-სომხეთი 2:1
6.02.2000. ლიმასოლი. "ცირიონი". 300 მაყურებელი
1:0 ზ. ჯანაშია (7), 1:1 ხაჩატრიანი (44), 2:1 მენთეშაშვილი (55)
საქართველო: გრიშიკაშვილი-სილაგაძე, ქემოკლიძე, მენთეშაშვილი, ჩიხრაძე-ყაველაშვილი, თ. სიჭინავა (22. შეყილაძე), ნემსაძე, ჯამარაული-ა. არველაძე, ზ. ჯანაშია (46. მ. ძოძუაშვილი).
მთავარი მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
სომხეთი: აბრამიანი (46. ბერეზოვსკი)-კაზანჯიანი (79. არა აკოფიანი), ხაჩატრიანი, ოვსეფიანი, ასატრიანი, დოჰოიანი, პეტროსიანი, ნაზარიანი, არამ აკოფიანი (87. არუთინიანი), არტ. ქარამიანი, სარქისიანი (43. არმ. ქარამიანი).
არბიტრი: კ. კონსტანტინისი (კვიპროსი)
ამხანაგური მატჩი
სომხეთი-საქართველო 0:0
26.04.2000. ერევანი. რაზდანი, 22 000 მაყურებელი
სომხეთი: აბრამიანი, ვარდანიანი, ოვსეფიანი, ხაჩატრიანი, სუკისიანი, ხოჯოიანი, ვოსკანიანი, პეტროსიანი (79. ასატრიანი), პეტროსიანცი (56. არტ. ქარამიანი), შაჰგელდიანი, არამ აკოფიანი (68. არმ. ქარამიანი).
საქართველო: გრიშიკაშვილი-ლ. მიქაძე (34. რეხვიაშვილი), ნემსაძე, სილაგაძე, ს. თოდუა-ყაველაშვილი, ხიზანიშვილი (72. დიდავა), თ. სიჭინავა, ალექსიძე (55. მენთეშაშვილი)-დემეტრაძე, ჩალაძე (46. იონანიძე)
მთავარი მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
არბიტრი: ი. იაკუბოვსკი (ბელარუსი)
საერთაშორისო ტურნირი (კვიპროსზე)
საქართველო-სომხეთი 0:2
21.02.2004 ნიქოზია. "მაკარიონი"
0:1 არტ. ქარამიანი (41), 0:2 არმ. ქარამიანი (52).
საქართველო: მამალაძე-ქემოკლიძე (60. კანდელაკი), შაშიაშვილი, წერეთელი, კვირკველია-ლ. კორღალიძე, ნემსაძე, გაბიდაური, ვ. დარასელია-ქინქლაძე-ს. იაშვილი (60. ლ. მელქაძე).
მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
სომხეთი: ბეტე, ოვსეფიანი, ხაჩატრიანი (79. დუმბუკი), პაჩაიანი (87. ვ. ალექსანიანი), მელიქიანი (88. მანუჩარიანი), ზეიჩუ, ნაზარიანი (89. კ. ალექსანიანი), მკრტიჩიანი, ვოსკანიანი, არტ. ქარამიანი (87. კირაკოსიანი), არმ. ქარამიანი (73. აკობიანი).
საკლუბო დონეზე
თასების მფლობელთა თასი (პირველი შესარჩევი წრე)
დინამო (ბათუმი)-არარატი (ერევანი) 4:2
15.08.1997. ბათუმი. ცენტრალური. 8000 მაყურებელი
1:0, 2:0 ჩუხუა (23,31), 2:1 ტერ-პეტროსიანი (60), 3:1 ღლონტი (77), 3:2 ნაზარიანი (83), 4:2 შეყილაძე (90).
დინამო: ტოგონიძე-ი. მახარაძე, შანიძე, შეყილაძე, მინდაძე-ღლონტი, თ. სიჭინავა, თორღაშვილი (75. აფხაზავა), სოლოღაშვილი-ტუღუში, ჩუხუა (88. ყულეჯიშვილი).
გაფრთხილება: ტუღუში.
არბიტრი: მ. შუტენგრუბერი.
შნიშვნა: იმის გამო, რომ მასპინძელთა გუნდში დისკვალიფიცირებულმა ფეხბურთელმა (დავით სოლოღაშვილმა) ითამაშა, ბათუმის "დინამოს" ტექნიკური წაგება ჩაეთვალა - 0:3
არარატი-დინამო 0:2
28.08.1997. ერევანი. "რაზდანი". 5000 მაყურებელი
0:1 თორღაშვილი (1), ი. მახარაძე (36).
დინამო: ტოგონიძე-ი. მახარაძე, მ. .მახარაძე, შეყილაძე, მინდაძე-ღლონტი, თორღაშვილი (75. შანიძე), სიჭინავა, ჭიჭვეიშვილი-ჩუხუა, ყულეჯიშვილი (69. აფხაზავა).
არბიტრი: მ. კოვალჩიკი
ინტერტოტოს თასი (პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი)
ტორპედო (ქუთაისი)-ერებუნი (ერევანი) 6:0
21.06.1998. ქუთაისი. "გივი კილაძე". 4000 მაყურებელი
1:0 გ. მეგრელაძე (3), 2:0 გ. მეგრელაძე (28), 3:0 ვაჩიბერაძე (30), 4:0, 5:0 დ. ჯანაშია (43, 81), 6:0 კვეტენაძე
ტორპედო: გრ. ჭანტურია-ჩხაბერიძე, ვაშაკიძე, შ. ხუჯაძე (65. ვ. თურმანიძე), ჩხაიძე-დ. ჯანაშია, ჯინჭარაძე, კვეტენაძე, ვაჩიბერაძე (61. კ. ჩხეტიანი)-გ. მეგრელაძე (85. მაღლაკელიძე), კ. მეტრეველი.
არბიტრი: ი. ხაიმი (ისრაელი).
ერებუნი-ტორპედო 1:1
27. 06. 1998. ერევანი. რაზდანი. 100 მაყურებელი
1:0 ოვანესიანი (22), 1:1 ხუჯაძე (30).
ტორპედო: გრ. ჭანტურია (84. მამარდაშვილი)-ჩხაბერიძე, ვ. თურმანიძე, ვ. მაისურაძე, შ. ხუჯაძე-ნატროშვილი (67. კ. ჩხეტიანი), კვეტენაძე, ჯინჭარაძე (78. შეყრილაძე), ვაჩიბერაძე-დ. ჯანაშია, გ. მეგრელაძე.
არბიტრი: რ. ჰანლონი (ისრაელი)
უეფას თასი, I საკვალიფიკაციო ეტაპი
ბანანცი (ერევანი)-ლოკომოტივი (თბილისი) 2:3
14.07.2005. ერევანი. რესპუბლიკური
0:1 ალავერდაშვილი (41), 0:2 ლ. ქებაძე (48), 0:3 გ. ონიანი (53), 1:3 არამ აკოფიანი (82), 2:3 ყარაბახჩიანი (89).
ლოკომოტივი: შეყრილაძე-სეთურიძე, გ. ონიანი, მახვილაძე, რ. ონიანი-ფურთუხია (67. დ. ფოფხაძე), ინომოვი, სირაძე (70. გ. ჩივაძე), ქებაძე-კახელიშვილი, ალავერდაშვილი (84. გ. ყიფიანი).
არბიტრი: ი. მადიებირო (უნგრეთი)
ლოკომოტივი-ბანანცი 0:2
28.07.2005. თბილისი. მიხეილ მესხი. 5000 მაყურებელი
0:1 არამ აკოფიანი (22), 0:2 ხაჩატრიანი (81).
ლოკომოტივი: შეყრილაძე-სეთურიძე, გ. ონიანი, მახვილაძე, რ. ონიანი-ფურთუხია (46. დ. ფოფხაძე), ინომოვი, სირაძე (83. თავბერიძე), ლ. ქებაძე-კახელიშვილი, ალავერდაშვილი (73. გ. ჩივაძე).
არბიტრ : მ. სტრახონია (ხორვატია).
უეფას თასი (I საკვალიფიკაციო ეტაპი)
ამერი (თბილისი)-ბანანცი (ერევანი) 0:1
13.07.2006. თბილისი. მიხეილ მესხი. 2000 მაყურებელი
0:1 ტადევოსიანი (10).
ამერი: ქვაჩახია-კედელაშვილი (67. სევასტოპულო), დავითნიძე, ხვადაგიანი, ჩიკვილაძე- დოლიძე (82. დობროვოლსკი), გაბისკირია (54. დ. ბოლქვაძე), დეკანოსიძე, გ. ჯელაძე-დავითაშვილი, წინამძღვრიშვლი.
არბიტრი: ა. ტუსანი (ლუქსემბურგი)
ბანანცი-ამერი 1:2
27.06. 2006. ერევანი. რესპუბლიკური. 3000 მაყურებელი
1:0 ტადევოსიანი (38), 1:1 წინამძღვრიშვილი (60), დობროვოლსკი (62)
ამერი: ქვაჩახია-ჩიკვილაძე, დავითნიძე, ხვადაგიანი, ელბაქიძე-დოლიძე (73. მჭედლიშვილი), დობროვოლსკი (81. გაბისკირია), დ. ბოლქვაძე, დეკანოსიძე-დავითაშვილი (73. ტატანაშვილი), წინამძღვრიშვილი.
არბიტრი: ხ. რისტოსკოვი (ბულგარეთი)
ინტერტოტოს თასი (პირველი ეტაპი)
კილიკია (ერევანი)-დინამო (თბილისი) 1:5
18.06.2006. ერევანი. "რაზდანი"
0:1 ტორნინი, 0:2 დვალი (38), 1:2 ერზრუმიანი (42), 1:3 დვალი (58), 1:4 ხუციშვილი (72), 1:5 ბობოხიძე (90).
დინამო: ლორია-ამბროზიო, შ. კაშია, ორბელაძე, გიგაური-მერებაშვილი, გრიგალაშვილი (68. ჩირიკაშვილი), ხუციშვილი, კობახიძე-დვალი (76. ზ. ჯანაშია), ტორნინი (58. ბობოხიძე)
დინამო-კილიკია 3:0
24.06.2006. თბილისი. მიხეილ მესხი. 1000 მაყურებელი
1:0 გრიგალაშვილი (28), 2:0 გიგაური (41), 3:0 იაშვილი (82)
დინამო: ლორია-ამბროზიო (21. კ. მახარაძე), შ. კაშია, თომაშვილი, გიგაური-მერებაშვილი (46. ხმალაძე), გრიგალაშვილი, ხუციშვილი (71. ს. იაშვილი), კობახიძე-დვალი, ბობოხიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.
რაღა გვიჭირს :)))
ხორვატებს და ებრაელებს ჯობია ვაჯობოთ ეხლა!