საქართველოს ნაკრები: დვალიშვილი ბრუნდება, ჯიქია სათვალავშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპულ შეკრებას 24 მაისს იწყებს. აქედან სამ დღეში, 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში, ამხანაგურად გავეჯიბრებით სლოვაკეთის ნაკრებს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები გადაინაცვლებს რუმინეთში, სადაც 3 ივნისს, ბუქარესტში, იქაურ ეროვნულ გუნდთან მოსინჯავს ძალას. ევროპული შეკრების ბოლო ამხანაგური შეხვედრა კი ვლადიმირ ვაისის შეგირდებს 7 ივნისს ელით - ისინი ხეტაფეში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ეს "ფურია როხასთვის" კონტინენტის პირველობისწინა ბოლო რეპეტიცია იქნება...

ალბათ, ფინალის მერე იტყვის...
როგორც გუშინ შევიტყვეთ, ვლადიმირ ვაისი აუცილებლად დაესწრება საქართველოს თასის ფინალს, რომელიც 18 მაისს, ქუთაისში
გაიმართება და ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაეჭიდებიან.

ჩვენი ვარაუდით, სწორედ ამის შემდეგ დაასახელებს საქართველოს ნაკრების თავკაცი ეროვნული გუნდის შემადგენლობას. "დინამოში" არაერთია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ქვეყნის პირველ გუნდში მოხვედრის პრეტენზია აქვს და ჩანს, ნაკრების მწვრთნელს ამადაც აინტერესებს ფინალისთვის თვალის მიდევნება.

გავიგეთ ისიც, რომ ამ კვირაშივე დასახელდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაც. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ აქაც დიდი შანსია, 21-წლამდელთა თავკაცი გია გეგუჩაძე, ვაისის დარად, თასის ფინალის დასრულებას ელოდებოდეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვიცით ეროვნულ გუნდში გამოსაძახებელი არაერთი ლეგიონერის შესახებ. ამ ეტაპზე, აქ განსაკუთრებული სიახლეები არ არის. სიაში იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო ხანს სისტემატურად თამაშობენ ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით.

დვალიშვილის დაბრუნება
არ არის გამორიცხული, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სიურპრიზებიც იყოს. ერთ-ერთი ასეთი სიურპრიზი ეროვნულ გუნდში ვლადიმერ დვალიშვილის დაბრუნებაა.

"ლელო" უკვე წერდა იმის თაობაზე, რომ ვაისი სპეციალურად ჩავიდა პოლონეთში დვალიშვილის სანახავად და 30 წლის ფორვარდმა ის თამაში შესანიშნავად ჩაატარა - აქტიური თამაშითა და, რაც მთავარია, გოლით გამოირჩა. მეგოლეები კი დღეს ეროვნულ გუნდს ძალიან სჭირდება.

დვალიშვილმა საქართველოს ნაკრებში პირველად 2009 წელს ითამაშა და დღემდე 34 მატჩი (5 გოლი) ჩაატარა. ბოლო დროს ის პოლონური ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) ბინადარ შჩეცინის "პოგონის" მთავარ ფორვარდად იქცა.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ვაისი, ასე ვთქვათ, გამტან ფორვარდს ეძებს და იმედია, იპოვის კიდეც, რადგან საქართველოს ნაკრების წარმატება-წარუმატებლობის ამბავი ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

Sportall.Ge

როცა ქვეყნის ინტერესები მოითხოვს...
აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი იქნება, რომლებსაც, ასაკის გათვალისწინებით, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშიც შეუძლიათ.

ახალგაზრდულის სიაც მალე გვეცოდინება. ეროვნულ გუნდში გამოძახებული რამდენიმე ფეხბურთელი კი, არ არის გამორიცხული, 21-წლამდელებს შეეშველოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უახლოეს შეხვედრაში.

3 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ ამ შეხვედრისთვის გეგუჩაძის გუნდში იქნება პოლონური "შლიონსკის" 20 წლის მცველი ლაშა დვალი. ის ეროვნული გუნდის შეკრებაზეც იქნება და შვედებთან დაპირისპირების გამო მხოლოდ რუმინეთის ეროვნულ გუნდთან 3 ივნისს გასამართავ მატჩს გამოტოვებს.

რას იტყვის ვაისი ჯიქიაზე?
როგორც სანდო წყარომ გაგვიმხილა, ვაისმა რამდენიმე ქართველი ლეგიონერის თამაში ნახა. რა თქმა უნდა, ეროვნული გუნდის მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს და ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ერთი კი შევიტყვეთ - მას საქმეში ისეთი ლეგიონერებიც უნახავს, რომელთაც აქამდე არ ჰქონიათ სანაკრებო შანსი.

ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, გამოვა თუ არა "ამკარის" მცველის, გიორგი ჯიქიას ჩაყენება საქართველოს სამსახურში. 100-პროცენტიანი ალბათობით უნდა ვთქვათ, რომ ვაისს ამ ახალგაზრდის თამაში ძალიან აინტერესებს.

ჯიქია 22 წლისაა. ის მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. "ამკარის" გარდა, უთამაშია ნალჩიკის "სპარტაკსა" და ძერჟინსკის "ხიმკიში". ჩვეულებრივი ამბავია - რაც უფრო დიდი კონკურენცია იქნება საქართველოს ნაკრებში, მით უკეთესი. არაერთხელ გვითქვამს, რომ დასაკარგი ფეხბურთელი არ გვყავს და ეს ეხებათ იმ მოთამაშეებსაც, რომელთაც ქართული პასპორტი არ აქვთ.

ამ ეტაპზე ჯიქია რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ეს პრობლემა არ უნდა იყოს. სწორედ რუსეთის მოქალაქე გახლდათ გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც ქართული პასპორტი დაიბრუნა და დღეს ქვეყნის მთავარი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

Sportall.Ge

ბევრი რამ გამოჩნდება...
საქართველოს ნაკრების უახლოეს სამ მატჩში ძალიან ბევრი რამ გამოჩნდება. სლოვაკეთიც, რუმინეთიცა და ესპანეთიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები არიან და ეს იქნება სწორედ ის ტესტი ჩვენი გუნდისთვის, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ აუცილებელია.

უკვე ცნობილია ის შემადგენლობები (ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან სათამაშოდ შემადგენლობას უახლოეს მომავალში დაასახელებს), რომლებითაც ჩვენი მეტოქეები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან:

სლოვაკეთი
მეკარეები: იან მუხა (სლოვანი), მატიუშ კოზაჩიკი (პლზენი, ჩეხეთი), იან ნოვოტა (რაპიდი, ავსტრია);
მცველები: მარტინ შკრტელი (ლივერპული, ინგლისი), იან დურიცა (ლოკომოტივი, რუსეთი), პეტერ პეკარიკი (ჰერტა, გერმანია), ტომაშ ჰუბოჩანი (დინამო მ, რუსეთი), კორნელ სალატა (სლოვანი), დუშან შვენტო (კიოლნი, გერმანია), ნორბერტ გიომბორი (რომა, იტალია), ლუკაშ ტესდაკი (ქაირათი, ყაზახეთი), მილან სკრინიარი (სამპდორია, იტალია);
ნახევარმცველები: მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი, იტალია), სტანისლავ შეშტაკი (ფერენცვაროში, უნგრეთი), მიროსლავ სტოხი (ბურსასფორი, თურქეთი), ვლადიმირ ვაისი-უმცროსი (ალ ღარაფა, ყატარი), იურაი კუცკა (მილანი, იტალია), ვიქტორ პეჩოვსკი (ჟილინა), რობერტ მაკი (პაოკ, საბერძნეთი), ონდრეი დუდა (ლეგია, პოლონეთი), პატრიკ ჰროსოვსკი (პლზენი, ჩეხეთი), ერიკ საბო (პაოკ, საბერძნეთი), იან გრეგუსი (იაბლონეცი, ჩეხეთი), მატუშ ბერო (ტრენჩინი);
თავდამსხმელები: მიხალ დურიში (პლზენი, ჩეხეთი), ადამ ნემეცი (ტილბურგი, ჰოლანდია), ადამ ზრელაკი (სლოვანი).

რუმინეთი
მეკარეები: ჩიპრიან ტატარუშანუ (ფიორენტინა, იტალია), კოსტელ პანტილიმონი (უოტფორდი, ინგლისი), სილვიუ ლუნგი (ასტრა);
მცველები: რაზვან რაცი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ვლად კირიკეში (ნაპოლი, იტალია), დრაგოშ გრიგორე (ტულუზი, საფრანგეთი), ალექსანდრუ მატელი (დინამო ზ, ხორვატია), ვალერიცა გერმანი (ასტრა), კრისტიან საპუნარუ (პანდური), კოზმინ მოტი (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), სტელიანო ფილიპი (დინამო ბუქარესტი), ალინ ტოსკა (სტიაუა);
ნახევარმცველები: გაბრიელ ტორჟე (ოსმანლისფორი), მიჰაი პინტილი (სტიაუა), ალექსანდრუ მაქსიმი (შტუტგარტი, გერმანია), ალექსანდრუ ჩიპჩუ (სტიაუა), ოვიდიუ ჰობანი (ჰაპოელი ბეერ-შევა, ისრაელი), ლუჩიან სანმარტენი (ალ იტიჰადი, საუდის არაბეთი), ადრიან პოპა (სტიაუა), ადრიან როპოტანი (პანდური), ანდრეი პრეპელიცა (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), ანდრეი ივანი (კრაკოვია, პოლონეთი), ნიკოლაე სტანჩუ (სტიაუა);
თავდამსხმელები: ბოგდან სტანჩუ (გენჩლერბირლიგი, თურქეთი), კლაუდიუ კესერუ (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), ფლორინ ანდონე (კორდობა, ესპანეთი), დენის ალბეკი (ასტრა), იოან ჰორა (პანდური).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
დვალიშვილი ბრუნდება? ხუბუტიამ რა დააშავა?, გელაშვილი, მახარაძე, ლობჟანიძე, დაუშვილი, ამისულაშვილი, კობახიძე, თარგამაძე....ბევრი კიდე სხვა.უკეთესები რომ არ გვყავს, იმიტომ ვართ 123-ე ადგილზე.
merabi
13:37 18-05-2016
0
დვალიშვილს ყველა ჯობია, რა ვერ მოვიშორეთე ეს კაცი, სახადია?
giorgi
11:18 18-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული