ესპანეთი VS საქართველო - გადავიწეროთ პირჯვარი

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, მადრიდის გარეუბან ხეტაფეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპული შეკრების ბოლო მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის უპირველეს კრებულს შეხვდება.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 22:45 საათიდან "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს...

ესპანეთი-საქართველოს წინ: დელ ბოსკე იმ შემადგენლობას დააყენებს, რომლის იმედიც ევრო 2016-ზე ექნება
ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...


კოშმარული შეკრების დასასრული
პირდაპირ უნდა დავწეროთ - საქართველოს ნაკრების თითოეული გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილი გუნდის ევროპული შეკრების დასრულებას.

კოშმარული! - ერთი სიტყვით ასე
შეიძლება შეფასდეს ეს შეკრება ჩვენი გუნდისთვის. რაღა შეხსენება გვჭირდება, მაგრამ მაინც - ჯერ იყო სლოვაკეთის მესამე ნაკრებთან ავსტრიული მარცხი (1:3), მერე კი მართლაც კატასტროფული თამაში რუმინეთთან, ბუქარესტში (1:5).

სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]
რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]


მარტივი წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს მადრიდში, თუ ჩვენმა გუნდმა ისეთივე თამაში აჩვენა, როგორიც წინა ორში. მით უმეტეს, ეს არის ესპანეთის ნაკრების ბოლო მატჩი ევროპირველობაზე გამგზავრების წინ.

როგორც წესი, ამ დროს გრანდები სხვადასხვანაირად იქცევიან - ისინი ან ანადგურებენ თავისზე ბევრად სუსტ მოწინააღმდეგეს, რათა ტურნირის დაწყების წინ ამაღლებული განწყობა შეიქმნან, ან ძალების მაქსიმალური დაზოგვით აღწევენ სასურველ შედეგს.

ჩვენთვის აჯობებს, თუ პირენეელები მეორე ვარიანტს აირჩევენ. მათ ტიტული აქვთ დასაცავი და წესით, საქართველოსთან მატჩში ტრავმებს უნდა მოერიდონ.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია. არავინ იცის, რა ცვლილებებს განახორციელებს ვაისი რუმინეთთან უიმედოდ წაგებული შეხვედრის შემდეგ. ალბათ, ყველაზე აქტუალური კითხვა ის არის, თუ რამდენი მცველით ათამაშებს გუნდს საქართველოს ნაკრების სლოვაკი დამრიგებელი.

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის მადრიდში ემზადება [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ
გიორგი აბურჯანია: გვინდა მაყურებლის თვალში რეაბილიტაცია მოვახდინოთ

ვნახოთ, ამჯერად თუ მაინც შეძლებს თამაშს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. მისი დაბრუნებით ჩვენი გუნდის შუა ხაზს სოლიდურობა რომ შეემატება, ფაქტია. იმედი გვაქვს გიორგი ჭანტურიას დაბრუნებისაც.

ესპანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები:
გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბ), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესქიშეჰირსფორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები:
ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია).

Sportall.Ge

ახალი სისხლით და ძველი კლასით
რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ვისენტე დელ ბოსკეს დამოძღვრილ გუნდს ყველანაირი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ კონტინენტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.

მართალია, "ფურია როხას" აღარ ჰყავს ჩავი ერნანდესი და მწვრთნელმა კარგ ფორმაში მყოფი ფერნანდო ტორესიც შინ დატოვა, მაგრამ გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების შესანიშნავი სინთეზია.

სხვა დროს ამხანაგურ მატჩებში არცთუ გაშმაგებით მოთამაშე ესპანეთი ბოლო ორ ტესტ-მატჩში შეტევაზე დაგეშილ გუნდად წარდგა გულშემატკივართა წინაშე. ჯერ იყო და, დელ ბოსკეს გაწვრთნილებმა 3:1 დაამარცხეს ბოსნია (ნოლიტო - 2, პედრო), მერე კი სამხრეთ კორეას გადაუარეს - 6:1 (ნოლიტო - 2, მორატა 2, ფაბრეგასი, დავიდ სილვა), რომელმაც, თავის მხრივ, ევროპის ჩემპიონატზე ესპანელთა პირველ მეტოქე ჩეხეთს მოუგო.

ევროპის ჩემპიონატისთვის ვისენტე დელ ბოსკეს მიერ შერჩეულ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ვნახავთ - საქმე მართლაც რომ უძლიერეს მოწინააღმდეგესთან გვაქვს:

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), იკერ კასილიასი (პორტუ, პორტუგალია), სერხიო რიკო (სევილია);

მცველები:
მიკელ სან ხოსე (ბილბაო), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ჟორდი ალბა (ბარსელონა), მარკ ბარტრა (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), ექტორ ბელერინი (არსენალი, ინგლისი), სერხიო რამოსი (რეალი), ხუანფრანი (ატლეტიკო);

ნახევარმცველები:
სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ბრუნო სორიანო (ვილიარეალი), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, გერმანია), სესკ ფაბრეგასი (ჩელსი, ინგლისი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პედრო როდრიგესი (ჩელსი, ინგლისი), კოკე (ატლეტიკო);

თავდამსხმელები:
არიც ადურისი (ბილბაო), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია), ნოლიტო (სელტა), ლუკას ვასკესი (რეალი).

Sportall.Ge

ლიდერები
ესპანეთის ნაკრები ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომ ლამის ყველა მათგანს შეუძლია ლიდერობა, თუმცა მაინც არიან შეუცვლელი ფეხბურთელები - ისეთები, წლების განმავლობაში რომ განაპირობეს მსოფლიო ფეხბურთში "ფურია როხას" ბატონობა.

ასეთებად მეკარე იკერ კასილიასი, მცველები - ჟერარ პიკე და სერხიო რამოსი, ნახევარმცველები - სესკ ფაბრეგასი და ანდრეს ინიესტა ითვლებიან. ლიდერების ჩამოთვლით თავს ნამდვილად ვერ დავიმშვიდებთ. ნებისმიერ ფეხბურთელს ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და მატჩის ბედის გადაწყვეტა.

აქვე, არ უნდა დაგვავიწყდნენ ის მოთამაშეებიც, რომლებიც თანდათან მკვიდრდებიან "ფურია როხაში". მაგალითად - "ატლეტიკოს" მოთამაშეები და "სელტას" შემტევი ნოლიტო, რომელიც შესანიშნავი იყო გუნდის მიერ გამართულ ბოლო ამხანაგურ მატჩებში. სათვალავში უნდა ჩავაგდოთ მათი განსაკუთრებული მოტივაცია.

კეთილი ვისენტე
ესპანეთის ნაკრებს სათავეში უდგას ვისენტე დელ ბოსკე - თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, ვინც წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელის რანგში კი, ესპანეთის ჩემპიონატს რომ თავი დავანებოთ, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ნაკრებთან ერთად იმარჯვა მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე.

ეს არის მწვრთნელი, რომელიც ყველას უყვარს თავისი რბილი ხასიათის გამო. დელ ბოსკეს ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ სიხისტის გამოჩენა მაინც მოუხდა. მან ჯერ მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი - ფერნანდო ტორესი დატოვა სანაკრებო განაცხადს მიღმა, მერე კი "რეალის" ნახევარმცველ ისკოსაც აუნთო წითელი შუქი.

რა თქმა უნდა, ყველა ამ გადაწყვეტილებაზე მწვრთნელია პასუხისმგებელი. "ფურია როხას" გულშემატკივრები საფრანგეთში საყვარელი გუნდისგან მხოლოდ ტრიუმფს ითხოვენ.

თავად დელ ბოსკე აცხადებს, რომ ის ნახევარფინალში გასვლითაც კი ბედნიერი იქნება, თუმცა ეს უფრო თავის დაზღვევას ჰგავს. ესპანეთის ნაკრებს გაცილებით მეტი შეუძლია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
VaiMeEEE! :D:D:D:D რას გვიზავენ :D:D:D
0
კითხვა ერთია ,ესპანელები პროგრესიას მიჰყვებიან და 3-1,5-1,ის მერე 7-1 მოგვიგებენ?
ჩვენაც ხომ 3-1 , 5-1 წაგებები დავყარეთ?
ასე რომ მინიმალური და უკვე შერიგებული ანგარიშია 7-1, უფრო ნაკლები მიღწევაა,უფორ მეტი კი სამწუხარო სტატისტიკის გაგრძელება :)
Guadua
10:49 07-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული