"ახლა რომ დავიწყოთ თავში ხელების ცემა და ვიძახოთ - დედა, ეს რა გვჭირს, აღარაფერი გვეშველებაო, ამით ქართული ფეხბურთი ვერაფერს მოიგებს. ჩვენი ფეხბურთი ავადაა და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება...
ჩვენ, ექსპერტებმა, სპეციალისტებმა, როცა ვიხილავდით ქართული ფეხბურთის მდგომარეობას, მოვიგონეთ არაერთი სიტყვა, რომელიც განსაზღვრავდა ყველაფერს. ხან ვთქვით, რომ სისხლის გადასხმა სჭირდება ჩვენს ფეხბურთს, ხან ჰაერი, ბოლოს მივედით
სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ექსპერტების საბჭო - პროფესიონალებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც ნაკრებთან იმუშავებს. იქ უნდა შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც თავის დროზე ითამაშეს დიდი ფეხბურთი ნაკრებში და იმუშავეს დიდ მწვრთნელებთან...
ჩვენ დღეს იმაზე კი არ უნდა ვმსჯელობდეთ, როგორ ვნადგურდებით, არამედ იმაზე, როგორ უნდა ვითამაშოთ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიადაზე... ვიღაც იტყვის, ხომ არ გაგიჟდა რეზო ძოძუაშვილი, ამას როგორ ამბობსო?!.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ საქმეს სწორად მიუდგები. თუ მე, რიონის პირას გაზრდილმა ქუჩის ბიჭმა, მოვახერხე, რომ მეთამაშა დიდი ფეხბურთი და ვყოფილიყავი წარმატებული მწვრთნელი, ესე იგი, მართლაც ყველაფერი შესაძლებელია. არადა, ფეხბურთი რომ მეთამაშა, არანაირი პირობა არ მქონდა...
ხურცილავას, ჩივაძეს, სულაქველიძეს და შეიძლება რეზო ძოძუაშვილსაც უნდა ვკითხოთ, სად არის გამოსავალი. დღეს ბევრი მხოლოდ იმიტომ გადის მინდორზე, რომ იქ დაფიქსირდეს. გაწყვეტილია ჯაჭვი გულშემატკივარსა და ფეხბურთელს შორის...
ბოლო თამაშის ანალიზი გავაკეთე ჩემთვის. სამი ცენტრალური მცველი დგას და ასეთი გოლები გადის ჩვენს კარში. ვკითხოთ აზრი ხურცილავას, ჩივაძეს, სულაქველიძეს... მე დაცვაში ორი ნომერი ვიყავი და ბევრი ვისწავლე ჩემი წინამორბედებისგან...
პირდაპირ მრცხვენია! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გივი ჩოხელი გვყავდა და იმ სამყაროში, სადაც სუნთქავდა ეს ბუმბერაზი მცველი, დაცვა ასე არ უნდა თამაშობდეს. არც ითამაშებს, თუ მოგვისმენენ. თუ არა და, 7 მცველიც რომ დააყენო, ისე მიდის დღეს ფეხბურთი, არაფერი გამოვა...
დღეს ტელევიზორს ჩართავ და ექსპერტების ცვენაა. აქეთ ბეკენბაუერი, იქით მიულერი თუ მარადონა... ჩვენ არავინ გვისმენს. არადა, ყველას გამოცდილება აუცილებელია. აღმასკომში რომაა, იმ სულაქველიძის გამოცდილებაც გვჭირდება და კახა კალაძისაც. ის კი არა, ამ საქმეში ლევან კობიაშვილიც უნდა ჩაერთოს. გახსოვთ, რა დიდებული მცველი იყო?..
მე ბევრი რამ შეიძლება არ ვიცი, მაგრამ უზომოდ მტკივა გული და ეს მალაპარაკებს. ერთმა თავის დროზე თქვა - რეზო ძოძუაშვილი კარგი მწვრთნელია, მაგრამ ინგლისური არ იცისო. დღეს ინგლისური იციან და მწვრთნელობა აღარ იციან... იყოს ინგლისურის მცოდნეც და არმცოდნეც, შეავსონ ერთმანეთი...
ჯერ სწორად გავაკეთოთ საქმე და მერე გავარკვიოთ, "პირველ ნომრად" უნდა ვითამაშოთ თუ "მეორე ნომრები" ვიყოთ. მე პირადულის გამო არ ვლაპარაკობ. მე ქართული ფეხბურთი მტკივა. აგერ, ორ გუნდს ვეხმარები პროფესიულ დონეზე გასვლაში და ერთ თეთრსაც არ ვიღებ", - გვითხრა ძოძუაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]
რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]