ვლადიმერ გუცაევი: ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთი სწორი გზით მიდის!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები, დასრულებული ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ფეხბურთის ზოგადი ტენდენციები - "ლელო" ამ და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ვლადიმერ გუცაევს...

- დავიწყოთ საქართველოს ეროვნული ნაკრებით. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ეროვნული გუნდის მიერ გამართული ბოლო სამი ამხანაგური მატჩის შემდეგ?
- ძალიან რთულია, ეროვნულ გუნდზე და ზოგადად რომელიმე გუნდზე ისაუბრო ამხანაგურ მატჩებზე დაყრდნობით. ჩემი აზრით, უფრო მეტად მაშინ გამოჩნდება ყველაფერი, როცა საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს.

რა თქმა უნდა, სლოვაკეთთან და რუმინეთთან მატჩები არ იყო კარგი არც თამაშის
ხარისხის და არც შედეგის მხრივ. ესპანეთთან გამარჯვება კი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჯერ ერთი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, და მეორეც - ფეხბურთელების სახეებს რომ ვუყურებდი, ძალიან გამიხარდა, იმხელა სიხარული ეტყობოდათ...

ძალიან მინდა, ამ გამარჯვებამ ჩვენს მოთამაშეებს მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა შემატოს. ეს ჩვენს ნაკრებს აუცილებლად დასჭირდება.

- რისი თქმა შეიძლება საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელზე? როგორი სპეციალისტია ვლადიმირ ვაისი?
- ორი აზრი არ არის, რომ მაღალი დონის სპეციალისტია. თუნდაც ის რად ღირს, რომ სლოვაკეთის ნაკრები ისტორიაში პირველად გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ორი წაგებული მატჩის შემდეგ, ესპანეთთან შეხვედრაში ნაკრებმა გამართული ფეხბურთი ითამაშა. კარგები ვიყავით დაცვაში და კონტრშეტევებს ვახორციელებდით. იოლი არ არის, ორი წაგების შემდეგ ასე ათამაშო გუნდი უძლიერეს მოწინააღმდეგესთან.

- ერთი შეხედვით, შედარებით იოლი ჯგუფი შეგვხვდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მაგრამ ევროფორუმზე ჩვენი მომავალი მეტოქეების თამაშს ვინც უყურა, ალბათ ასე ვერ იტყვის...
- მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობს იოლი მეტოქე და, შესაბამისად, არც იოლი ჯგუფი. ყველამ ყველას შეიძლება მოუგოს. დონე არნახულად არის გათანაბრებული.

ავიღოთ ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე უელსის ნაკრები. ვინ ელოდა, რომ ამდენს მიაღწევდა? ავსტრია ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ ამ გუნდმა ვერ აჩვენა შესაძლებლობების მაქსიმუმი. ირლანდიამ ჯგუფური ბარიერი დაძლია... მოკლედ, დიდი ბრძოლა გველის.

- რას იტყვით ევროპის ახალ ჩემპიონზე?
- პორტუგალიამ მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელები მისცა. მხოლოდ სამს ჩამოვთვლი - ეუსებიო, ფიგუ და კრიშტიანო რონალდო. მთლიანობაში, ეს ქვეყანა ღირსი იყო, მოეგო დიდი სანაკრებო ტიტული. რა თქმა უნდა, აღტაცებული არ ვარ პორტუგალიელთა თამაშით, მაგრამ ფაქტია - ეს გუნდი დღეს ევროპის ჩემპიონია და ამით ყველაფერია ნათქვამი.

- რა ტაქტიკური სიახლეები დაინახეთ ევროპის ჩემპიონატზე?
- ფეხბურთი ახლა განვითარების იმ ეტაპზეა, როცა ნაკლებად უნდა ველოდოთ რევოლუციურ სიახლეებს. ნათქვამია, ყოველი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. მსოფლიო ფეხბურთში ბრუნდება 3 მცველით თამაში, 3 თავდამსხმელით თამაში...

წინა დიდი საფეხბურთო ფორუმებისგან განსხვავებით, ჩვენ ვერ ვიხილეთ გამორჩეული ვარსკვლავი თუ აღმოჩენა. იმავე ანტუან გრიზმანს ჩვენ ვერ ვუწოდებთ ახალ ვარსკვლავს, რადგან ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ძალიან კარგად ვიცოდით მისი შესაძლებლობები.

- თქვენი აზრით, ვინ იყო ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი?
- ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ტურნირი უელსის ნაკრების ლიდერმა, გარეთ ბეილმა. ბეილი თავისი გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო და უელსის მიერ მიღწეულ ისტორიულ შედეგში მისი წვლილი ძალიან დიდია. ჩემი აზრით, ბეილს ჯერაც არ უჩვენებია ბოლომდე თავისი ძალა და ის აუცილებლად მოუმატებს.

გრიზმანი უკვე ვახსენე და მისი თამაშიც ძალიან მომეწონა. ეს ფეხბურთელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ვფიქრობ, წინ დიდი მომავალი აქვს - გოლის გატანაც იცის, შეტევასაც შესანიშნავად ავითარებს...

- კრიშტიანო რონალდოს თამაშს როგორ შეაფასებდით?
- რა თქმა უნდა, ის უდიდესი ფეხბურთელია. ამ ჩემპიონატზე მან უფრო გუნდურად ითამაშა. გადამწყვეტ მომენტებში კი თავისი სიტყვა თქვა - ჯერ ჯგუფში, მერე კი პლეი ოფის სტადიაზე. ერთი ეგაა, რომ უკვე ასაკში შედის...

საერთოდ, მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს - ფეხბურთელი, რომელიც სწორედ თამაშის გადამწყვეტ, საკვანძო მომენტებში ამბობს თავის წონად სიტყვას.

- რომელმა გუნდებმა ან ფეხბურთელებმა არ გაამართლეს თქვენი მოლოდინი?
- პირველ რიგში, ესპანეთის ნაკრები უნდა ვახსენო. ამ გუნდისგან ყველა მეტს ელოდა და მათ შორის - მეც. გამოჩნდა, რომ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველები ძველებურ ფორმაში ვეღარ არიან. ინიესტამ კარგად დაიწყო, მაგრამ მერე "ფიზიკა" აღარ ეყო. ფაბრეგასმა საერთოდ ვერაფერი გვიჩვენა... ჩემი აზრით, არც მორატა და არც ადურისი არიან ესპანეთის ნაკრების დონის თავდამსხმელები.

სიმართლე გითხრათ, მეტს ველოდი რუმინეთის ნაკრებისგან. რაც შეეხება შვედეთს, ეს გუნდი ფავორიტთა შორის არასოდეს ყოფილა. ეგ იყო, რომ ზლატანმა ისე ვერ "წაიყვანა" შვედეთი, როგორც ბეილმა უელსი.

- და ბოლოს, თქვენი აზრით, საით მიდის ფეხბურთი?
- ჩემი აზრით, მაინცდამაინც სწორი გზით არ მიდის. ძალიან კომერციული გახდა ფეხბურთი, ასტრონომიულ გასამრჯელოს იღებენ ფეხბურთელები... უბრალოდ, მწყინს ის, რომ ფეხბურთელს უკვე ყველაფერი აქვს და მინდორზე დიდად თავს აღარ იკლავს. ანდა, რისთვის უნდა მოიკლას? ჩემი აზრით, ესეც არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ დღეს გამორჩეული ვარსკვლავების ნაკლებობაა. რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს ამ მხრივ ფიფას და უეფას მიერ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები ვაძიმ
tekucha
23 ივლისი 2016 19:53
0
დაგვიბრუნეთ სანახაობრივი ფეხბურთი!!!!!!!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
23 ივლისი 2016 11:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული