"ახალი სისხლი" საქართველოს ნაკრებისთვის: სხირტლაძე, რენე ფერეირა, ლაზები...

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის პირველ ტურში "სილკებორგი" გასვლაზე "ოდენსეს" შეხვდა და 0:0 ითამაშა. ცხადია, სუპერლიგაში დაბრუნებული გუნდისთვის ეს ურიგო შედეგი არ არის... ამაში საინტერესო ის გახლავთ, რომ "სილკებორგის" ძირითად შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ ითამაშა. მან "ოდენსესთან" შეხვედრა თავდამსხმელად დაიწყო ("სილკებორგმა" 4-4-2 სქემით ითამაშა) და 65-ე წუთზე შეცვალეს. სეზონის დაწყებამდე კი, 23 წლის თავდამსხმელმა ოთხ საკონტროლო შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

უკვე მეხუთე წელია, რაც სხირტლაძე დანიაში თამაშობს. თავიდან, ის "ორჰუსის" ფეხბურთელი იყო, სადაც 2011 წლის იანვარში მიიწვიეს და სარეზერვო გუნდში ვარჯიშობდა. იმავე წლის გაზაფხულზე
კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და მთავარ გუნდს შეუერთდა, სადაც ამჟამად მათე ვაწაძე ირიცხება. მაშინ მას გუნდში დავით დევდარიანი და გეგა დიასამიძეც დახვდნენ...

სხირტლაძე "სილკებორგში" შარშან, 24 ნოემბერს გადავიდა და გუნდს სუპერლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. ტანმაღალ (187 სმ) თავდამსხმელს საქართველოს ყველა ასაკობრივ (U17, U19, U21) ნაკრებში უთამაშია. ორივე დანიურ გუნდში, "ორჰუსსა" და "სილკებორგში", მან სულ 89 მატჩი ჩაატარა.

გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ის გიორგი დევდარიანის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებიდან ემახსოვრებათ - სხირტლაძე დავით ლეგაშვილთან, ვაკო ყაზაიშვილთან, გიორგი ჭანტურიასთან, არჩილ ტვილდიანთან და ლაშა პარუნაშვილთან ერთად წამყვან როლში იყო.

სხვათა შორის, სხირტლაძით ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე იყო დაინტერესებული. ახლა შევიტყვეთ, რომ ნაკრების ამჟამინდელ დამრიგებელს, ვლადიმირ ვაისსაც აცნობეს, რომ დანიაში ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი თამაშობს. 5 წელი დანიაში ვარჯიში და თამაში პატარა ამბავი არ არის, ეროვნულ გუნდს კი თავდასხმაში კონკურენცია სჭირდება.

ვინ იცის, იქნებ, სხირტლაძე იყოს ის ახალი სისხლი, რომელიც "ჯვაროსნებს" წაადგებათ.

* * *
ასეთივე საინტერესო ფიგურა, თუ მეტი არა, თბილისის "დინამოს" მცველი რენე ფერეირაა. ცხადაძე მისითაც ინტერესდებოდა და ეს არ იყო შემთხვევითი.

სომხეთის ჩემპიონ "ალაშკერტის" მთავარი მწვრთნელის, აბრამ ხაშმანიანის მატჩისშემდგომი კომენტარიც - "დინამოდან" ძალიან მომეწონა რენე ფერეირაო, უთუოდ ყურადსაღებია. ასეთ მოთამაშეს მოჰკიდებენ ხელს ყაზახები, სომხები ან აზერბაიჯანელები და ეროვნული ნაკრებშიც სიამოვნებით ათამაშებენ.

საერთოდ, ჩვენთან, ვინც უცხოელთა ასიმილაციას ეწინააღმდეგება, ქვეყნის ინტერესსა და ნაკრების გაძლიერებას შორის ზღვარს ბევრი ვერ ავლებს. ჩვენზე ბევრად ძლიერი და მდიდარი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, ნაკრები გუნდები რომ გააძლიერონ.

საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია, პორტუგალია, შვეიცარია - ეს ქვეყნები ფეხბურთში ძალიან დიდ ფულს აბანდებენ, მაგრამ საკუთარ რესურსს ისინიც არ სჯერდებიან და ნიჭიერ მოთამაშეებს სხვა ქვეყნებიდანაც იმატებენ.

აბა, რა იქნებოდა საფრანგეთი ტრეზორის, ზიდანის, ვიეირას, ანრის, მალუდას, აბიდალისა და სხვა არაფრანგი ვარსკვლავების გარეშე? ან გერმანული ფეხბურთის ისტორია პოლონელი კლოზეს ან იოზილის გარეშე წარმოგიდგენიათ?

ახლახან, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელს, მარიო ფერნანდესს, ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა და ამით ნაკრებისკენ გაუხსნა გზა. მანამდე კი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებში ითამაშა "შალკეს" ნახევარმცველმა, უკრაინაში დაბადებულმა გერმანელმა რომან ნოიშტედტერმა.

ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. ეს ნორმალური მოვლენაა და ჩვენთვისაც არ უნდა იყოს მიუღებელი რენე ფერეირას მსგავსი მოთამაშეების ნატურალიზება.

* * *
...მაგრამ არსებობს მეორე გზაც - ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ რესურსი უცხოეთშიც არსებობს და არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინაში, რომელთა ასაკობრივ ნაკრებებშიც ბევრი წარმოშობით ქართველი თამაშობს. შეუძლებელია, ცნობილ ბლოგერს, ზაზა ახალაიას არ დაეთანხმო, რომ თურქეთში მაცხოვრებელ ქართველებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

წლების წინათ, თბილისში ჩამოსულმა ერთმა ლაზმა ბიზნესმენმა თურქეთის სუპერლიგაში და ევროპაში მოთამაშე იმდენი საინტერესო ლაზი ჩამოთვალა, გაოცებული დავრჩი. გასაგებია, ბევრად მდიდარ თურქეთში მოთამაშემ, შესაძლოა, საფეხბურთო მოქალაქეობა და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები არ დათმოს, მაგრამ მცდელობას წინ რა უდგას?

სომხეთის ნაკრები იმის მაგალითად გამოდგება, თუ როგორ შეიძლება დიასპორის ხარჯზე გაძლიერება. ბოლო წლებში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში მიიწვიეს მარსელში დაბადებული გაელ ანდონიანი, კალუგელი (რუსეთი) სერგეი ავაგიმიანი, გროზნოელი არტურ სარქისოვი, თურქეთში დაბადებული და ჰოლანდიაში გაზრდილი არას ოზბილისი, იურა მოვსისიანი, რომელიც ბაქოში დაიბადა და ამერიკაში გაიზარდა, სოჭელი რუსლან კორიანი, სანკტპეტერბურგელი არტიომ სიმონიანი, პლუს ამას, ნატურალიზირებული გახლდათ ბრაზილიელი მარკოს პიზელი.

საკმაოდ ბევრი თანამემამულე დაიბრუნეს თურქებმაც: გერმანიაში იზრდებოდნენ ილდირაი ბაშთურქი, ჰამით ალთინთოფი, უმით ქარანი, ახალ თაობაში - ჰაქან ბალთა, ნური შახინი, ჰაქან ჩალხანოღლუ, ოლაი შახინი და იუნუს მალი, ჰოლანდიასა და დანიაში გაზრდილი ოგუზხან ოზიაკუპი და ემრე მორი, ნატურალიზიბული ჰყავდათ ბრაზილიელი მარკო აურელიო.

ქართველები თურქეთში მრავლად არიან - 2 მილიონი, მილიონი თუ 500 ათასი, ამაზე ნუ ვიკამათებთ. 500 ათასი რომ იყოს, რა, ცოტაა? მთავარია, მათ ისტორიულ სამშობლოსთან კავშირები აქვთ და საქართველო არანაკლებ უყვართ, ვიდრე ჩვენ.

დიდი შანსია, მათ შორის 2-3 ხეირიანი მოთამაშის მოძებნით "ჯვაროსნებს" ის ახალი სისხლი გადაუსხან, რაც მათ აუცილებად სჭირდებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 53 /
არ დავიწყებ არავის ლობირებას ხოჭოლავა იქნება თუ სხვა, ყველას დამსახურების მიხედვით უნდა მიეცეს შანსი ნაკრებში, არავინ არაა დასავიწყებელი არც ხოჭოლავა არც მისი თანაგუნდელი გადრანი და კიდევ ბევრი სხვა ემიგრანტი ქართველი, მაგრამ არც იმის ფუფუნება არ გვაქვს რომ ვინმეს ნატურალიზებაზე ავიბზიკოთ ქართულ-ნაციონალისტური კუდები და რენე დავიწუნოთ ფერეირა, არ ვამბობ რომ მინდამაინც ეგრევე ნაკრების ძირითადში, მაგრამ ბიჭს რომ კლასი და მონდომება ბევრ ჩვენიანზე მეტი აქვს ეს საკამათო მგონი არაა და შეეშვით ამ რენეს, იმედია ჩვენზე კომპეტემტურები მიიღებენ მასზე გადაწყვეტილებას სფფ-ში და იმედია სწორადაც გადაწყვეტენ, მე მომეხრე ვარ პირადად.......
goga
22:59 23-07-2016
0
ერთსაც ვიტყვი, იმ ადამიანის საპასუხოდ რომელსაც არავითარი რენეს და მისი ჯილაგის დანახვაც კი არ სურს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და უნდა მხოლოდ ნამდვილი ქართული შემტევი და ......ლი ფეხბურთის შემსრულებელი იხილოს ნაკრებში..... როდის ნახა ასეთი ქართული ფეხბურთი ბოლოს და თუ არ ნახა როდის უნდა რომ ნახოს?
ხალხო, აქ საუბარი არც რენეზეა და არც ვინმე სხვაზე აქ საუბარი საქართველოს ნაკრებზეა, საქართველოს სახელზე და თუ გერმანია, საფრანგეთი, რომელთა მოსახლეობა 50 და 60 მილიონს აღემატება არ ამბობენ უარს ნატურალიზებაზე კარგით რა, რა დროის ნამდვილ ქართულ ........ლ ფეხბურთზეა საუბარი? ან როდის ნახა ამის დამწერმა ასეთი ფეხბურტი ბოლოს ქართველთა შესრულებით
goga
23:20 23-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული