შოთა არველაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ "დინამომ" ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს, საქართველოს ნაკრებში კი, კახა ცხადაძის გაშვების შემდეგ, ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი...
- არაერთხელ მითქვამს თანამდებობის პირებისა და "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთვისაც - თბილისს "დინამოზე" მაგარი ბრენდი არა აქვს! გინდა, ხიდი ააშენე და გნებავს, თავიდან ჩააგდე ხოხობი
წარმოუდგენელი ამბავია - აზერბაიჯანის ორი კლუბი ხვდებოდეს ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოდან კი ერთიც ვერ! აზერბაიჯანელებს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ? არა, მაგრამ უკეთესი მოთამაშეები, მწვრთნელები და სპეციალისტები ჩაჰყავთ, მეტ ფულს ხარჯავენ და შედეგიც აქვთ. კლუბს, რომელიც ქვეყნის სახეა, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს - ქალაქის ხელმძღვანელობის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის დონეზე.
რამე თუ არ ვიღონეთ, ფეხბურთზე წასვლის პროცესი აღარ ახსოვს ქართველ გულშემატკივარს. ნაკრები წელიწადში 7 მატჩს თამაშობს, აქედან თბილისში შეიძლება 3-4 იყოს და... სტადიონის გზა დაავიწყდა ხალხს. ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა კი, შესარჩევი ეტაპის ჩათვლით, 14-16 მატჩს ნიშნავს!
საქართველო ნამდვილად არ არის ისეთი გაჭირვებული, თბილისის "დინამო" ერთხელ მაინც ვერ მოხვდეს ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე. ვითომ ალბანელები და მაკედონიელები ჩვენზე მდიდრები არ არიან?!
- ნაკრებზეც ვთქვათ: ესპანეთთან გამარჯვება "ყარაულის თოფის გავარდნა" იყო თუ მორიგი იმედისმომცემი მატჩი?
- ასეთ მეტოქესთან გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ხომ შევთანხმდით, რომ ეს არ არის ჩვენი თამაში? ვაღიარეთ უკვე, რომ თუნდაც ესპანეთთან გამარჯვება არ გვიღირს იმად, მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოში გავმაგრდეთ...
მაგრამ რა გინდა გააკეთო, როცა ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა სათამაშო პრაქტიკის გარეშეა, ვისგანაც რაღაცის შექმნას ელი, ან უკლუბოდ არის, ან არ ათამაშებენ. ზოგი ფეხბურთელი ჯერაც ფესტივალზეა დარჩენილი, ზოგიც - სოციალურ ქსელში.
დღემდე მიმაჩნია, რომ ცხადაძის გაშვება დიდი შეცდომა იყო. კახამ ძალიან მოკლე დროში შეძლო გუნდისთვის სახის მიცემა, მაყურებელი სტადიონზე დააბრუნა, მოთამაშეებიც ძალიან მონდომებულები იყვნენ - უკვე ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთო. ახლა კი ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ...
იხილეთ სტატია სრულად
რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა"