ვაისი საყრდენის ძიებაში... ეროვნულ ნაკრებში ვაკო გვილიას იძახებენ?

AutoSharing Option
ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორ გასვლით შეხვედრას გამართავს: 6-ში ვლადიმირ ვაისის გუნდი დუბლინში ირლანდიას "ავივა სთედიუმზე" ესტუმრება, ხოლო 9-ში კარდიფის "მილენიუმზე" - უელსს.

ეროვნული გუნდის წევრები ამ მატჩებისთვის 3 ოქტომბერს, დუბლინში შეიკრიბებიან და მზადებას შეუდგებიან. კვირის ბოლოსთვის გაირკვევა, რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობა ვაისი უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის.

ტრავმების გამო ლევან მჭედლიძემ, ლევან ყენიამ, გიორგი აბურჯანიამ და გიორგი ქვილითაიამ ავსტრიასთან მატჩი გამოტოვეს, ჯაბა კანკავა და მათე ვაწაძე კი უგუნდოდ და ფორმიდან ამოვარდნილები იყვნენ. არის იმედი, რომ ამჯერად, მჭედლიძე, აბურჯანია, ყენია,
ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი ნაკრებს უკეთეს მდგომარეობაში დაუბრუნდებიან. მაგრამ სამწუხაროა, რომ დღემდე უცნობია გუნდის კაპიტან ჯაბა კანკავას მდგომარეობა.

ნაკრების მწვრთნელს კიდევ ერთი პრობლემა ნიკა კვეკვესკირის ტრავმამ გაუჩინა. "გაბალას" რიგებში ქართველი ნახევარმცველი ბოლოს 10 სექტემბერს და ისიც შეცვლაზე გამოჩნდა. 24 წლის ნახევარმცველს კოჭი დაუზიანდა და 2-3 კვირას გამოტოვებს.

მოკლედ, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე საქართველოს ნაკრებს მძიმე ვითარება აქვს: კანკავა "რეიმსში" კი დარჩა, მაგრამ უთამაშებელია. პრაქტიკა აკლია აბურჯანიასაც.

აქედან გამომდინარე, სანდოდ ჩანს კულუარული ინფორმაცია, რომელიც "ლელომ" მოიპოვა - ვაისი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ახალ კანდიდატებს ეძებს და ბატე-ში მოთამაშე ვაკო გვილიას ვარიანტსაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნახევარმცველმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ყველაზე პოპულარული ბელარუსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში. ზუგდიდში დაბადებული გვილია 16 წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. 2011 წელს ის სინჯებზე ხარკოვის "მეტალისტში" მიიწვიეს. საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უკრაინაში გამგზავრება ნახევარი წლით დაუგვიანდა და ხარკოვულ გუნდს მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა.

2012-15 წლებში ის ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ჩაირიცხა, სადაც ბოლო სეზონში ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და რამდენჯერმე კაპიტანიც იყო. წლეულს, გვილია "მინსკში" გადავიდა, საიდანაც ზაფხულში ბატე-ში აღმოჩნდა. 2015 წელს გვილიამ უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მერე კი საქართველოს პასპორტი დაიბრუნა.

2016 წლის მარტში გია გეგუჩაძემ გვილია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია. ბედის ირონიით, ვაკოს სწორედ უკრაინის 21-წლამდელთა წინააღმდეგ მოუწია თამაშმა (ამხანაგური მატჩი 3:3 დასრულდა).

"ლელოს" უთხრეს, რომ გვილიას თამაში და საქმისადმი დამოკიდებულება მოსწონთ და არავის გაუკვირდეს, უახლოესი ორი სანაკრებო მატჩის განაცხადში მის გვარსაც თუ ამოიკითხავს.

საინტერესოა, რომ გვილიას პირველად თვალი 2015 წელს კახა ცხადაძემ დაადგა და მასზე დასაკვირვებლად უკრაინის პრემიერლიგის მატჩსაც დაესწრო. მაგრამ მაშინ გვილია სასურველ ფორმაში არ იყო და ცხადაძემ მისი გამოძახება ნაადრევად ჩათვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
არავითარი შანსი არააქ ჩვენ გუნდს არავითარი ეგ კიარა მემგონი უელსი ძალიან მაგრად მოგვიგებს. სამწუხაროდ დღესდღეობით ფეხბურთში ძალიან უკან ვართ.
qutaiseli
10:31 21-09-2016
0
ბეილს ვინ გააჩერებს?
ქომაგი
10:48 21-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული