პერმელთა მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა ამის შესახებ ბევრი რამ თქვა. მაგრამ გუშინ რუსული მხარისგან პირველად მოვისმინეთ ის რეალური მიზეზი, რომლის გამოც მისი გუნდის მცველმა რუსეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და გავრცელებული ხმები დაადასტურა.
"რასაკვირველია, ჩვენთვის ხელსაყრელია, ჯიქიამ არჩევანი რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ რომ გააკეთა. ეს ლოგიკურია თუნდაც იმიტომ, რომ ის
მაგრამ იქვე გაჯიევმა ისეთი კომენტარი დაამატა, საიდანაც ჩანს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გიორგი ჯიქია საკმაოდ ბევრს ფიქრობდა და ნერვიულობდა:
"მეორე მხრივ, წინაპრების სამშობლოზე უარის თქმა არც ისე იოლია. ჯიქიას კი საქართველოს მიმართ მიზიდულობა აშკარად აქვს".
"ამკარის" მეკარე დმიტრი ხომიჩმა საინტერესო რამ თქვა: "რას ვფიქრობ რუსეთის ნაკრებში ჯიქიას მიწვევაზე? იმას, რომ ჩვენმა ნაკრებმა კარგი მცველი შეიძინა".
საერთოდ, რუსეთის ნაკრებში ქართველის გამოჩენამ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ძველი ამბებიც გაიხსენეს. "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა იმ მოთამაშეთა სია, რომელთაც, მათი აზრით, რუსეთის ნაკრებში უნდა ეთამაშათ და ვერ მოახერხეს: მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს" ყოფილი მოთამაშის, ალექსეი ერიომენკოს ვაჟი - რომან ერიომენკო, რომელიც ძალიან მაღალი კლასის ნახევარმცველია და დღეს ფინეთის ნაკრებში თამაშობს;
"ლევერკუზენის" მეკარე ბერნდ ლენო, რომლის მშობლებიც სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ და ისტორიულ სამშობლოში 1989 წელს დაბრუნდნენ;
"კიოლნის" ერთ-ერთი ლიდერი, ტომსკში დაბადებული კონსტანტინ რაუში; ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი, ტაშკენტში დაბადებული პიტერ ოდემვინგი; ნორვეგიის ნაკრების ყოფილი მცველი ვადიმ დავიდოვი და "ჰანოვერის" ნახევარმცველი ედგარ პრიბუ, რომელიც იაკუტსკშია დაბადებული.
სხვათა შორის, "სპორტ-ექსპრესის" ამ წერილიდან ისიც გამოიკვეთა, რატომ დაფაცურდნენ რუსები ჯიქიას გამო. არც ისე დიდი ხნის წინათ, ისტორიულ სამშობლოს (აზერბაიჯანი) ნაკრებში თამაში გადაწყვიტა "ზენიტის" გაზრდილმა რამილ შეიდაევმა. 2013 წელს ის რუსეთის 17-წლამდელთა შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ნიჭიერ თავდამსხმელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მაგრამ წლეულს, ზაფხულში, ფეხბურთელი თურქეთის სუპერლიგის "ტრაბზონსფორში" გადავიდა, აზერბაიჯანული პასპორტი აიღო და ფიფასგანაც თანხმობა მიიღო, საკუთარი სამშობლოს ფორმა რომ მოერგო.
აშკარაა, ამ ფაქტმა, შემდეგ კი ჯიქიასადმი ქართველების ინტერესმა რუსები დააფიქრა, რომ საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ მეტი ყურადღება მართებდათ.
და ბოლოს: "სპორტ-ექსპრესის" დასახელებულ სიაში საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველიაც არის. "ლელო" თავის დროზე წერდა, რომ მისით რუსეთის ნაკრებში მუშაობის დროს ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო დაინტერესდა.
"საქართველოში დაბადებული მცველი 18 წლის ასაკში "ზენიტში" აღმოჩნდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია. კვირკველია რუსეთის ნაკრებში კანდიდატურად ფაბიო კაპელომ მაშინ ჩაინიშნა, როცა ქართველი "რუბინში" გადავიდა. იქ საბას საქმეები გაცილებით უკეთ აეწყო, ვიდრე სანკტ-პეტერბურგში. თუმცა, ნაკრებში მისი მიწვევა ვერ მოახერხა", - წერს რუსული გამოცემა.
"სპორტ-ექსპრესმა" კვირკველიას სიტყვებიც მოიშველია:
"საქართველოში დავიბადე, იქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, დები და ყოველთვის საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი. რუსეთის ეროვნულ გუნდში თამაშზე კი არასოდეს მიფიქრია. როცა შევიტყვე, რომ ჩემით კაპელო დაინტერესდა, შოკში ვიყავი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო. კაპელო ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია".
გაჯიევის კომენტარიდან გასაგებია, რატომ გადაიფიქრა ჯიქიამ საქართველოში თამაში. ჩვენ არავის არჩევანს არ განვიკითხავთ და გვჯერა, მას საკუთარი ქვეყანა უყვარს. მაგრამ გაჯიევის ლაპარაკიდან დასკვნის გამოტანა შეიძლება, თუ რატომ აღარ ათამაშებენ ყაზანის "რუბინში" კვირკველიას. რუსეთის ნაკრების წევრი რომ გამხდარიყო, "რუბინის" ძირითადი შემადგენლობიდან არ ამოაგდებდნენ.
მაგრამ იმიტომაც არის დასაფასებელი ეს 24 წლის ახალგაზრდა კაცი (ისევე როგორც სხვა ქვეყნის ნაკრებზე უარის მთქმელი მიხეილ ფოცხვერია, დავით ხმელიძე, ჯანო ანანიძე, გია გრიგალავა და ვაკო გვილია), რომ, ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი ქვეყანა ამჯობინა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"