"იბერია სტარის" ბალანსი - 7 ქართველი და 7 ბრაზილიელი

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ სექტემბერში თბილისი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. ჩვენთვის ერთობ პრესტიჟული ამ ტურნირისთვის ქვეყნის ცხრაგზის ჩემპიონი "იბერია სტარი" სრული დატვირთვით ემზადება და ახალი მოთამაშეებიც დაიმატა.

"იბერიამ" კიდევ ორ ბრაზილიელ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. 29 წლის ლუის ნეგაო ბოლოს იაპონურ "ნაგოიაში" თამაშობდა, 24 წლის ედუ კი "იბერიაში" ბაქოს "ნეფთჩიდან" გადმოვიდა. კლუბმა კონტრაქტი გაუხანგრძლივა ბრაზილიელ მეკარე ტონისაც, რომელიც ქართული კლუბის კარს შარშანაც იცავდა.

ამგვარად, "იბერია სტარის" მიერ უეფაში წარსადგენ 14-კაციან განაცხადში 7 ბრაზილიელი - ტონი, რომარიო, ბეტინიო, ბრუნო
მელო, რონინიო, ლუის ნეგაო, ედუ - და ამდენივე ქართველია - მეკარეები ჯაბა ჯამბურია და ერიკ აკოპოვი; გოგა ალთუნაშვილი (კაპიტანი), ალექსანდრე ძაბირაძე, ვახტანგ წერეთელი, გოგა ზოიძე და ვახტანგ ჯვარაშვილი.

სხვათა შორის, რონინიო, რომელიც საქართველოში რამდენიმე წელია ცხოვრობს, ახლახან მართლმადიდებლურად მოინათლა და ქართველ გოგონაზე იქორწინა. წინა სეზონში ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე გახდა.

4 ივლისიდან გუნდი საქართველოში, ურეკსა და თბილისში ემზადება, 15 აგვისტოს კი უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ტრადიციულად მონაწილეობს ლვოვის საერთაშორისო ტურნირში. შარშან "იბერია" იქ ფინალში გავიდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

წლეულს ლვოვში "იბერიას" თანაჯგუფელები იქნებიან რუსეთის თასის ფინალისტი და ჩემპიონატის მესამეადგილოსანი "ტტგ გაზპრომი", უკრაინული "კარდინალი" და პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი "ვისლა".

ჯგუფიდან ნახევარფინალში ორი გუნდი გადის და, სავარაუდოდ, პირველი ადგილისთვის "იბერია" და "გაზპრომი" იბრძოლებენ. საინტერესოა, რომ "გაზპრომის" მწვრთნელი იბერიელი გოგა ზოიძის ძმა, თავის დროზე ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფუტსალელი ბესო ზოიძეა.

დადგინდა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის თბილისში გასამართი მატჩების თარიღებიც. უეფას მოთხოვნით, ჯგუფური მატჩები 24 სექტემბერზე ადრე და 2 ოქტომბერზე გვიან არ უნდა გაიმართოს. ამ შუალედში კი სათამაშო დღეების არჩევის უფლება მასპინძელს ეძლევა. "იბერიამ" 27, 28 და 30 სექტემბერი შეარჩია. საქმე ისაა, რომ 29 სექტემბერს "ტრადიციულ" ფეხბურთში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ტურია.

როგორც კლუბში გვითხრეს, მათ დიდი იმედი აქვთ, რომ ერთი ქართული კლუბი მაინც გააღწევს ევროპის ლიგის ჯგუფში და ამიტომ სასურველი არ იყო, ფუტსალისა და ფეხბურთის მატჩები ერთმანეთს დამთხვეოდა.

შეთანხმების თანახმად, "იბერიას" სამივე ჯგუფურ მატჩს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული