დაპირისპირება ქართულ ფუტსალში

AutoSharing Option
ახლახან ქართული ფუტსალის პრობლემებთან დაკავშირებით "ლელოში" საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს საქართველოს ჩემპიონისა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, "იბერია სტარის" პრეზიდენტმა ვახტანგ წერეთელმა (იხილეთ სტატია) და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა და "თელასის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა (იხილეთ სტატია).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს პრეტენზია შემოდგომაზე ეროვნული ჩემპიონატის ჩაშლასთან დაკავშირებით აქვთ.

კლუბების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩემპიონატის რეგლამენტით, რომელიც ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის ხელმოწერით არის დამტკიცებული, ჩემპიონატი 3 თებერვალს უნდა დაიწყოს, მაგრამ დათქმულ დრომდე 2 დღით ადრე კლუბებს ჩემპიონატის კალენდარი არ გვქონდა მიღებულიო.

ამ და სხვა საკითხებზე პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრმა ლევან გრიგოლიამ:

- არჩევნების დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ბიზნესმენია და ფუტსალის ასაღორძინებლად დიდი თანხების ინვესტირებას აპირებს. მაგრამ, უკვე დიდი ხანია, საქართველოს ფუტსალის ასოციაციას ოფისიც აღარ აქვს. თვეში 350 ლარი ვერ გადაიხადეს და ოფისიდან გამოყარეს.

ფუტსალს ჰქონდა საკუთარი ბაზა - "ქარიშხალა", რომელიც ილიას უნივერსიტეტს ეკუთვნის და ეს ბაზა დაკარგულია. შესაბამისად, გაუქმდა ბავშვთა სკოლაც და ბავშვები და მწვრთნელები ქუჩაში აღმოჩნდნენ.

დღეს ფუტსალის ასოციაციაში მხოლოდ ორი კაცი მუშაობს - პრეზიდენტი და ნაკრების მწვრთნელი. მეტი თანამშრომელი არ ჰყავთ. გაუქმდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ბავშვთა ლიგა (ნიკა სოფრომაძის თასი), უმუშევრად დატოვეს ახალგაზრდული ნაკრების დამსახურებული მწვრთნელი პეტრე თაბუკაშვილი.

საინტერესოა, რომ საქართველოს ფუტსალის ასოციაციას არ აქვს ბიუჯეტი. გიზო ფხოველიშვილის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა გამგეობის არც ერთი სხდომა. უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი კახა დევდარიანი, ქართული ფუტსალის ერთ-ერთი დამაარსებელი, იგნორირებული არიან ვეტერანი ფეხბურთელები, გაუქმდა სამსაჯო კოლეგია. ამ "სიკეთესთან" ერთად, დავკარგეთ რეგიონის გუნდები: ქუთაისის, ბათუმის, თელავის, გორის...

- ეს რა, ფხოველიშვილის ბრალია?
- რომ მოვიდა, თქვა, რეგიონებში გუნდების ჩამოყალიბებას ხელს შევუწყობო. უნდა იაროს რაიონებში, შეაწუხოს გამგებლები, გუბერნატორები და შექმნას სტრუქტურა.
ადრე ასეც იყო. კახა დევდარიანი და გრიგოლ ცაავა დადიოდნენ და გუნდებს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ, ახლა თავად პრეზიდენტს ვერ დაიჭერ.

ამას გარდა, უეფას მიერ სერტიფიცირებული და კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, რომელმაც ეროვნული ნაკრები ელიტ-რაუნდში გაიყვანა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნეს. ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს გაურკვეველი სამწვრთნელო კვალიფიკაციის მქონე პიროვნება ზაალ ჩიტალაძე, თანაც გამგეობის წევრთა აზრი იყო იგნორირებული.

- რატომ არის ჩიტალაძე გაურკვეველი კვალიფიკაციის პიროვნება? გუნდიც ჰყავდა და ბიზნეს ლიგის დამფუძნებელიცაა.
- მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც ვერ გადალახა. ფუტსალის ასოციაციის გამგეობის აზრის სრული იგნორირებით ის მაინც ნაკრების მწვრთნელად დატოვეს.

აღნიშნულ ეტაპზე ეროვნული ნაკრების 14 ფეხბურთელიდან 11 წარმოადგენდა კლუბ "ალგოს", რომლის დამფუძნებლები არიან ასოციაციის პრეზიდენტი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი. საერთოდ ,შეიძლება თუ არა, ასოციაციის პრეზიდენტს ჰყავდეს საკუთარი გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში?

- და არ შეიძლება 14-დან 11 მოთამაშე "ალგოდან" დაემატებინა?
- არ იმსახურებენ და ტენდენციურები არიან. ნაკრებში არ გამოიძახეს იმ დროისთვის ყველაზე გამოცდილი ქართველი ლეგიონერი გიორგი თორთლაძე, რომელიც კვიპროსში თამაშობს და არგამოძახების მიზეზად ბილეთის ფულის არქონა დაასახელეს.

თბილისში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ვერ გავიდა უსუსტესი ჯგუფიდან და არც ამის მერე დაყენებულა მწვრთნელის პასუხისმგებლობის საკითხი, კვლავ გამგეობის აზრის სრული იგნორირებით.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტელევიზიით განაცხადა, რომ მისი კონკურენტები მხოლოდ ბრაზილია, ესპანეთი, პორტუგალია და რუსეთი იყვნენ. მეორე დღეს მან ვერ მოუგო სომხეთს, ორი დღის მერე - მოლდოვას. იმ სატელევიზიო განცხადებით, ნაკრების მწვრთნელმა დაადასტურა, რომ დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება.

მოლდოვასთან მატჩის მერე მომხდარი ცნობილი ამბების შემდეგ, მწვრთნელმა განაცხადა, რომ შეუტევდა ხუთი ფეხბურთელით. რეალური ვითარება რომ სცოდნოდა. ვერ შეუტევდა! ეროვნულ ნაკრებს იმ მატჩზე საერთოდ არ ჰქონდა მეხუთე მოთამაშის ფორმა. ფუტსალის ასოციაციას არც ბურთები ჰქონდა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნათხოვარი და ნახმარი ბურთებით ჩაატარეს. ეს იმ დროს, როდესაც ფუტსალის ასოციაციას ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდა თავისი არსებობის ისტორიაში - 450 ათასი ლარი.

სხვა თემაა, რომ ასოციაციის პრეზიდენტმა გააუქმა საქართველოს თასის გათამაშება და ეროვნული ჩემპიონატი. ეს ფაქტი გაურკვეველს ხდის საკითხს - ვინ და რა პრინციპით უნდა წარადგინოს საქართველო უეფას ჩემპიონთა ლიგაში?

ბოლოს, ვსვამ კითხვას: ეს ორი პიროვნება, ასოციაციის პრეზიდენტი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი, შეიძლება თუ არა, რომ დარჩნენ ფუტსალში?

* * *
კომენტარისთვის საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტ გიზო ფხოველიშვილს მივმართეთ.

- ეროვნული ჩემპიონატი რატომ არ ტარდება?
- სექტემბერში ჩემპიონთა ლიგის ეტაპს ვუმასპინძლეთ და "იბერია" იქ მონაწილეობისათვის ემზადებოდა. ოქტომბერში კი ნაკრებებს შორის მსოფლიოს შესარჩევი ციკლის შეხვედრებს ვუმასპინძლეთ, ნაკრები შეკრებაზე იყო და ჩემპიონატიც ამის გამო გადაიდო.

- თქვენმა ოპონენტებმა , ამის პასუხად და მაგალითად, ეს მოიყვანეს: "კლასიკურ" ფეხბურთში ევროთასებისა და სანაკრებო თამაშების გამო ეროვნული ჩემპიონატი ჩვეულებრივად ტარდებაო.
- იცით, რა პრობლემაა? ფუტსალის გუნდებში საშუალოდ რვა კაცია და ორის წამოყვანითაც გუნდი აღარ რჩება.

- შემდეგი პრეტენზია რეგიონებს უკავშირდება, ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და გორის გუნდები დაიკარგა, ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ურთიერთობა არ აქვსო.
- საიდან მოიტანეს, რომ რეგიონებში არ ჩავდივარ? ბევრ გუნდს ჩვენ მიერ ჩატარებულ პირველ ჩემპიონატში ვეხმარებოდით, მაგრამ გუნდი სპონსორზე უნდა იყოს მიბმული და მინიმალური დაფინანსება ჰქონდეს. სახეობით დაინტერესება არის, მაგრამ სპონსორობაზე რომ მიდგება საქმე, თავს იკავებენ. ეს გლობალური პრობლემაა და არა - ფხოველიშვილის.

- ჩემპიონატი 3 თებერვალს დაიწყება?
- 17-ში დაიწყება და ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: "იბერია", "ალგო", "თელასი", თელავისა და ქუთაისის გუნდები.

- ასოციაციას ოფისი მართლა აღარ აქვს?
- ოფისი არის ჩემი კომპანია "ალგორითმის" კუთვნილ შენობაში.

- ავთო ასათიანი გამგეობის წევრთა იგნორირებით მოხსნესო.
- კონტრაქტი დაუმთავრდა და ახალი მწვრთნელი დიდი ხნის მერე დაინიშნა.

- დღეს ფუტსალის ასოციაციაში მხოლოდ ორი კაცი მუშაობს - პრეზიდენტი და ნაკრების მწვრთნელი. მეტი თანამშრომელი არ ჰყავთო.
- რატომ? ჯამში 12 თანამშრომელი გვყავს.

- არ გაქვთ სურვილი პირადად მოისმინოთ ამ ადამიანების მოსაზრებები?
- ჩემი სურვილიც ეს არის. ჩვენ თუ დროს მხოლოდ ერთმანეთთან დაპირისპირებაში გავატარეთ, საქმე არ გამოვა.

* * *
კომენტარისთვის დავუკაშირდით ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაალ ჩიტალაძესაც.

- თქვენს მიმართ პრეტენზია ეროვნული ნაკრებში "ალგოს" მოთამაშეთა სიმრავლეს უკავშირდება: 14 ფეხბურთელიდან 11 მის კლუბს წარმოადგენდა, რომლის დამფუძნებლები ასოციაციის პრეზიდენტი და თავად ნაკრების მთავარი მწვრთნელი არიანო.
- მე სტატისტიკით ვუპასუხებ: თბილისში ჩატარებულ შესარჩევი ციკლის მატჩებში ნაკრებში "ალგოდან" მხოლოდ 4 მოთამაშე გამოვიძახე.

- გრიგოლია ამბობს, რომ ნაკრებში არ გამოიძახეს ყველაზე გამოცდილი ქართველი ლეგიონერი გიორგი თორთლაძე, მიზეზად კი ბილეთის ფულის არქონა დაასახელესო.
- თორთლაძე ბოლო შესარჩევში მონაწილეობდა და სამივე შეხვედრა ჩაატარა.

- ესპანეთში თამაშობს ნიკა ოსეფაშვილი, სერბეთში მეკარე დათო კეფაშვილი და არ იწვევენო.
- კეფაშვილი ნაკრების მეორე მეკარეა და სისტემატურად ვიწვევთ. ოსეფაშვილი აქ თამაშობდა, ვიცით, რომ ესპანეთშია და ვეძებთ ფეხბურთელებს, მაგრამ სად და რომელ ლიგაშია, არ ვიცით და როგორ მოვიწვიოთ? თუმცა მაინტერესებს და მსურს ინფორმაცია მოვიპოვო.

- რატომ გაუქმდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები?
- ეს ბიჭები გაიზარდნენ და ეროვნული ნაკრების წევრები გახდნენ. ახალგაზრდულისთვის კი აუცილებელია ჯგუფების ჩამოყალიბება. ამაზე ასოციაცია ზრუნავს. უახლოეს პერიოდში გაკეთდება 21, 19 და 17-წლამდელთა ჯგუფები, რომ გუნდებსაც ჰქონდეთ შევსება და ნაკრებებსაც. ეს პროექტი მზად არის და ველით, სპორტის სამინისტრო რომ დაამტკიცებს.

- შედეგებს რაც შეეხება.
- 2010-2011 წლებში საქართველოს ნაკრებმა მოიგო 5 მატჩი, 4 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთი წავაგეთ, ისიც მაკედონიის ძლიერ ნაკრებთან.

- მაგრამ ადრე ნაკრები შესარჩევ ციკლიდან იოლად გადიოდაო.
- ნაკრების ბირთვი გაახალგაზრდავდა და ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება წაგვართვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული