ქართულ ფუტსალში არსებულ დაპირისპირებაში სფფ-მ მედიატორობა ითავა

AutoSharing Option
ქართულ ფუტსალში არსებული პრობლემების გარშემო ატეხილმა ხმაურმა უკვე პიკს მიაღწია.

დღეს, 8 თებერვალს, ქართულ სპორტულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილს, რომელსაც ხელს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრები და ფუტსალის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები აწერენ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერილის ავტორები, ასოციაციის გამგეობის საგანგებო სხდომის მოწვევასა და ფუტსალის მმართველი ორგანოს ახლანდელი ხელმძღვანელის - გიზო ფხოველიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებენ და მთავარ ბრალდებად მის სრულ უმოქმედობას ასახელებენ.

დღის პირველ ნახევარშივე, ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრებმა ანალოგიური წერილით უკვე ოფიციალურად მიმართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, რასაც მყისიერი
რეაგირება მოჰყვა და სფფ-ის პრეზიდენტის - ზვიად სიჭინავას ინიციატივით, ფედერაციაში დაინიშნა შეხვედრა დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

შეხვედრაზე ორივე მხარე გამოცხადდა, თუმცა, პრესისთვის დახურული იყო და კომენტარები მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გაკეთდა.

ფედერაციის შენობა უკომენტაროდ დატოვა ფუტსალის ასოციაციის მოქმედმა პრეზიდენტმა - გიზო ფხოველიშვილმა, რომელთანაც უამრავი შეკითხვა არსებობს და გამგეობის წევრების ძირითადი პრეტენზიებიც, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ, მისი მისამართითაა გამოთქმული.

შეხვედრიდან გამოსული გამგეობის წევრები კმაყოფილები ჩანდნენ, რაც მათ კომენტარებშიც ნათლად გამოჩნდა:

ლევან გრიგოლია (ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი): "ვფიქრობ, ამ შეხვედრამ საკმაოდ დადებითი შედეგი მოიტანა.

უპირველესად, ის, რომ მგონი, საფეხბურთო სამყაროს ფუტსალი დაუბრუნდება ისე, როგორც საჭიროა. ბატონმა ზვიად სიჭინავამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ყველა დავეთანხმეთ.

ჩვენი მომდევნო შეხვედრა პარასკევს (10 იანვარს) შედგება და ჩვენ იმის მომხრენი ვიქნებით, რომ ქართული ფუტსალის მართვის სადავეები ხელში აიღოს ფეხბურთის ფედერაციამ და მართოს ეს ორგანიზაცია, რომელიც ამ ადამიანის - ბატონ გაიოზ ფხოველიშვილის ხელში, ფაქტიურად განადგურდა.

მისი თანამდებობიდან წასვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია. იმედს ვიტოვებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, ჩემპიონატის ჩატარების საკითხსაც მოვაგვარებთ."

გიორგი დარჯანია (ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი): "იმ დაპირებებიდან, რაც პრეზიდენტად არჩევის დროს გაიოზ ფხოველიშვილმა მოგვცა, ამ ორი წლის განმავლობაში არც ერთი არ შესრულებულა. შესაბამისად, ჩვენ გვსურს დავაყენოთ მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

დღევანდელი შეხვედრა ბატონი ზვიადის ინიციატივით მოხდა და ჩვენ შევთანხმდით, რომ ორი დღის ვადაში ასოციაციის გამგეობის წევრებმა სფფ-ის პრეზიდენტს უნდა წარვუდგინოთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ გვესახება ფუტსალის შემდგომი განვითარება. ხოლო ორშაბათს, ბატონი ზვიადი და ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და ალბათ, სფფ თავის თავზე აიღებს ქართული ფუტსალის მართვას.

ეს ის გადაწყვეტილებაა, რაც ჩვენ გვინდოდა მოგვესმინა და ამიტომ, დასაწყისისთვის კმაყოფილები ვართ."

სფფ-ის მხრიდან, კომენტარი მხოლოდ გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ გააკეთა: "კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, პრობლემა ადეკვატურადაა აღქმული.

ფაქტია, რომ ფუტსალში სერიოზული არეულობაა და გადაწყვეტილებებიც სწრაფადაა მისაღები. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე, ორივე მხარე წარმოადგენს თავის გეგმებსა და ხედვას, რის შემდეგაც, სფფ მიიღებს გადაწყვეტილებას და დიდი ალბათობით, აქტიურად ჩაერთვება ფუტსალის მართვაში. ყოველშემთხვევაში, რაღაც დროის განმავლობაში მაინც" - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ასე რომ, მომდევნო შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართება და მომავალ კვირაში კი, საბოლოოდ გადაწყდება, რა გზას დაადგება ქართული ფუტსალი.

ჯერჯერობით, კვლავ ღიად რჩება ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატის დაწყების თარიღი, ვინაიდან, გამგეობის წევრების განცხადებით, ასოციაციას ჩემპიონატის კალენდარიც კი არ აქვს შედგენილი.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული