ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად ლევან ცქიტიშვილი აირჩიეს

AutoSharing Option
ქართულ ფუტსალში ხანგრძლივი დაპირისპირების, გაურკვევლობისა და უთავობის პერიოდი დასრულდა: 16 ივნისს "მიხეილ მესხის" სტადიონზე რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად ლევან ცქიტიშვილი აირჩიეს.

პრეზიდენტობის კანდიდატი ორი იყო: საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ცქიტიშვილი და ასოციაციის გამგეობის წევრი ლევან გრიგოლია.

ყრილობის დელეგატებმა ასოციაციის პრეზიდენტად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი ღია კენჭისყრით აირჩიეს.

36 წლის ცქიტიშვილი ფუტსალის ასოციაციას მომდევნო 4 წლით უხელმძღვანელებს, უახლოეს მომავალში ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობას დაასახელებს და პრიორიტეტულ მიმართულებებსაც დაასახელებს.

არჩევნებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით კასრაძე და აპარატის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი ესწრებოდნენ.

ლევან ცქიტიშვილი:
"ჩვენს ბავშვობაში ეზოში ყველა თამაშობდა. ასე გაიზარდა ყველა დიდი ფეხბურთელი. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა, მასობრივი და პოპულარული გავხადოთ სახეობა.

რაც შეეხება ჩვენს მიზნებს: პირველი გულშემატკივართან მუშაობაა. სახეობის უკეთ გასაცნობად, სატელევიზიო გადაცემა აუცილებელია და ხალხმა ჩემპიონატის მატჩებიც უნდა იხილოს. სატელევიზიო გაშუქება სახეობის პოპულარობას განაპირობებს.

ამას გარდა, ფუტსალში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა სპონსორების არარსებობაა. მე ვპირდები ხალხს, რომ სპონსორები აუცილებლად გამოჩნდებიან და სახეობის განვითარებაში დაგვეხმარებიან.

ფუტსალის წამოწევა ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.

კონკრეტულად, ყრილობას "იბერია ბიზნეს ჯგუფის", "აჭარაბეთისა" და "ბორჯომის" დამფუძნებლები ესწრებოდნენ - მე მათი თანადგომისა და პარტნიორობის იმედი მაქვს. თუ ჩანაფიქრი განხორციელდება, მჯერა, ეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობად გადაიქცევა.

წინასწარ ვილაპარაკე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლადო ვარძელაშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას და ორივე თანადგომას შეგვპირდა.

საერთოდ, წინსვლა და განვითარება ერთიანი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი ჩანაფიქრი სწორედ ესაა - თავად ფუტსალის სამყაროს, სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობით, მიმაჩნია, რომ სახეობა განვითარდება. სხვაგვარად ეს შეუძლებელია".

* * *
აქვე ვიტყვით, რომ უეფას ფუტსალის საკლუბო რეიტინგის მიხედვით, 4 ივლისს ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" ევროპაში მე-8 ადგილზეა, პირველზე კი ავტომატურად დასახელდება პორტუგალიის ჩემპიონი.

რადგან პირინეის ნახევარკუნძულზე ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, ჯერ უცნობია, ევროპულ საკლუბო ფეხბურთის ლიდერად ლისაბონის "ბენფიკა" გამოცხადდება თუ მისი თანაქალაქელი "სპორტინგი".

შემდეგ მოდიან "ბარსელონა", "მურსია" ან "კახა სეგოვია" (ჩემპიონატი ესპანეთშიც დასასრულებელია). მათ გარდა, გვისწრებენ ალმატის "კაირატი", ბაქოს "არაზი", იტალიური "მარკა", მოსკოვის "დინამო". ჩვენმა ჩემპიონმა კი უკვე ჩამოიტოვა ჩეხეთის "ერა-პაკი" და სერბული "ეკონომაცი".

წინა სეზონის შედეგების გათვალისწინებით, "იბერია" რეიტინგში მე-7 ადგილზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ესპანეთს ახალ სეზონში 2 გუნდი ეყოლება (ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ქვეყნის ახალი ჩემპიონი) და საქართველოს ჩემპიონი მე-8 ადგილზე დარჩა.

კლუბის ხელმძღვანელობამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი უეფას უკვე მიმართეს, რომ ოქტომბერში ჩემპიონთა ლიგის ელიტრაუნდის თბილისში ჩატარების უფლება დართონ.

თუ უეფამ თბილისის კანდიდატურა დაამტკიცა, მაშინ სპორტის სასახლეში ზედა ოთხეულის რომელიმე გუნდი ითამაშებს.

ფუტსალმა ლევან ცქიტიშვილი აირჩია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი ქავთარაძე: ფუტსალს ფულიანი პრეზიდენტი სჭირდება

დაპირისპირება ქართულ ფუტსალში: მედიატორობა სფფ-მ ითავა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული