ლევან ცქიტიშვილი: ფუტსალს საქართველოში მასობრიობა სჭირდება

AutoSharing Option
ქართულ ფუტსალს მომდევნო 4 წლით ლევან ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად ღია კენჭისყრით აირჩიეს.

ლევან ცქიტიშვილი 36 წლისაა, ერონული გუნდის ფორმა 55-ჯერ მოირგო და ერთი გოლი გაიტანა. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1993-98 წლებში, 120 მატჩი - 32 გოლი), "ფრაიბურგში" (1998-2005, 141-9), "ვოლფსბურგში" (2005-06, 15-0), "პანიონიოსში" (2006-07, 20-2), თბილისის "ლოკომოტივში" (2007-08, 7-1), ბოლოს კი - გერმანულ "ვეჰენში".

კარიერის დასრულების შემდეგ ცქიტიშვილი ფიფას ლიცენზირებული აგენტიც გახდა, მაგრამ გული ამ საქმიანობისკენ მაინც არ მიუწევდა.

არჩევნების შემდეგ ცქიტიშვილმა კომენტარი
გააკეთა, უფრო ვრცლად კი "ლელოს" ელაპარაკა. სასაუბრო კი მართლაც ბევრია, რადგან ფუტსალს სერიოზული მიხედვა და რეფორმები სჭირდება.

- სამწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნდი. ამ ხნის განმავლობაში რას საქმიანობდი?
- სპორტულ ცხოვრებას არ ჩამოვშორებივარ. ფეხბურთს გასართობად ვთამაშობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, სერიოზულს არაფერს ვაკეთებდი. ეს იყო ჩემთვის უძნელესი პერიოდი.

საერთოდ, კარიერის დასრულების შემდეგ ყველა მოთამაშეს სჭირდება დასაფიქრებლად დრო, რას გააკეთებს და ასე შემდეგ. ზოგს ფეხბურთი ბეზრდება. მე კი მივხვდი, რომ სხვაგან ვერაფერს გავაკეთებდი და არც მინდოდა.

- კარიერის დასრულება ძნელია თუნდაც იმიტომ, რომ შემოსავალს კარგავ...
- რა თქმა უნდა. მოკლედ, საფიქრალ-სადარდებელი უცებ გიჩნდება, მაგრამ მთავარი ფეხბურთში დაბრუნებისა და საქმის კეთების სურვილი იყო.

- მართალია, რომ თბილისის "დინამოში" მუშაობის პერიოდში გიორგი ნემსაძემ მოედანზე დაბრუნება შემოგთავაზა?
- სურვილი იყო, მაგრამ არ გამოვიდა, გუნდთან ვერ შევთანხმდი და კარიერაზე ხელი ჩავიქნიე. თუმცა მოედანზე დაბრუნებას მართლაც ვაპირებდი.

- ფუტსალის ასოციაციაში სერიოზული ფინანსური პრობლემებია, არ არის სპონსორი, ჩემპიონატს ყურადღება არ ექცევა. მოკლედ, სახეობა ჭაობშია...
- ეს ორ დღეში დაგროვილი პრობლემები არ არის. დიდი ხანია, ფუტსალში არაფერი გაკეთებულა, მაგრამ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია თანადგომას გვპირდებიან.

ცალ-ცალკე არაფერი გამოგვივა, ერთობლივად კი კარგი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება და ნაკრების გაძლიერება შესაძლებელია. წარმატება თუ იქნება, ამ ყველაფერს სერიოზული ძვრები მოჰყვება.

- ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატი მხოლოდ ამ სახეობის მიმდევრებს თუ აინტერესებთ. ამ დროს ბრძანეთ, რომ სატელევიზიო გაშუქებაზე ფიქრობთ...
- დიახ, ეს აუცილებელია, სხვაგვარად ხალხი ვერც იგებს, ჩემპიონატი რომ ტარდება. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა ფუტსალის ტელევიზიამდე მიტანაა.

ტელეკომპანია "მზის" წამყვან ლაშა დვალიშვილს ველაპარაკე, ახლა GMG-ისთანაც მსურს მოლაპარაკება და მერე გადავწყვეტთ, რას და როგორ მოვიმოქმედებთ.

- ასოციაციის ყრილობაზე ახსენეთ, რომ "იბერია ბიზნეს ჯგუფის", "აჭარაბეთისა" და "ბორჯომის" თანადგომას იმედოვნებთ...
- რა თქმა უნდა. ამ კომპანიებში ჩემი მეგობრები არიან და ყრილობასაც დაესწრნენ. შევთანხმდით კიდეც, რომ გვერდში დაგვიდგებიან, ჩვენ კი ეროვნულ ჩემპიონატსა და ნაკრების მატჩებზე მათი პროდუქციის რეკლამირების ვალდებულებას ავიღებთ.

მჯერა, რომ სხვა სპონსორებსაც მოვიზიდავთ და სახეობას განვავითარებთ, თორემ უფულოდ სპორტის არცერთი სახეობა განვითარდება.

მაგრამ გაუმართლებელი იქნება მხოლოდ ფულზე ლაპარაკი. ჩემი აზრით, შესაძლებელია, განათლების სამინისტროსთან შევთანხმდეთ და ფეხბურთი სასკოლო საგნად მასობრივად დავნერგოთ. აქ ლაპარაკი მხოლოდ ფუტსალზე არ არის. რაც უფრო მეტი ბავშვი ითამაშებს ფეხბურთს, ტალანტების აღმოჩენის მეტი შანსი გვექნება.

ვთქვი და ვიმეორებ, ჩვენს ბავშვობაში ეზოში ყველა თამაშობდა, ახლა კი ასე მასობრივი აღარ არის. არადა, დიდი ფეხბურთელები სწორედ ეზოში, სკოლებსა და არაფორმალურ გარემოში იზრდებიან და ჩვენი მიზანია, ფუტსალში მეტი ბავშვი ჩავრთოთ და ეს სახეობა მასობრივი და პოპულარული გავხადოთ.

ზოგადად, ეს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებასაც წაადგება. საქართველო კი ტალანტებით სავსეა. ამის თაობაზე ლადო ვარძელაშვილს აუცილებლად მივმართავ და იმედია, სერიოზულ პროექტს წამოვიწყებთ.

- ვიცით, რომ ეროვნული ნაკრების გაძღოლა ავთო ასათიანს შესთავაზეს...
- როდესაც ეს საკითხი გადაწყდება, მერე ვილაპარაკოთ, მაგრამ ავთო რომ ნიჭიერი სპეციალისტია და ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დასძლია კრიზისი, ამაზე ორი აზრი არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული