ავთანდილი ასათიანი: საწყენია, რომ ელიტ რაუნდში არ ჩაგვსვეს

AutoSharing Option
ავთანდილი ასათიანი – გუშინ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპის 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები ც ჯგუფში მოხვდა: ჩვენი მეტოქეები არიან მაკედონია, ინგლისი და ესტონეთი. სულ ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდა. თითოეული მათგანის გამარჯვებული შესარჩევ ჯგუფში გააგრძელებს ბრძოლას. ჩვენი ჯგუფის მატჩებს მაკედონია 2011 წლის 20-24 იანვარს უმასპინძლებს.

გუშინ ნიონში შესარჩევი ჯგუფების კენჭისყრაც გაიმართა. მაკედონიაში წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მესამე ჯგუფში მოხვდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის საგზურისთვის პორტუგალია, ბელარუსი და პოლონეთი იბრძოლებენ. ამ ჯგუფურ ტურნირს
კი პოლონეთი 2011 წლის 24-27 თებერვალს უმასპინძლებს. სულ ექვსი ჯგუფია: ფინალურ ეტაპზე მოხვდება ექვსი გამარჯვებული, ხუთი საუკეთესო მეორეადგილოსანი და პლუს მასპინძლელი ხორვატია. ევროპის ჩემპიონატი კი 2012 წელს ხორვატიაში 30 იანვრიდან 10 თებერვლამდე გაიმართება.

კენჭისყრის შედეგები მოულოდნელი გამოდგა: საქართველოს ნაკრებმა ავთანდილ ასათიანის მწვრთნელობის პერიოდში, 17-წლიან წუმპეს თავი დააღწია და წინა შესარჩევ ეტაპზე მშვენიერი შედეგი აჩვენა. თუმცა, კვლავ შესარჩევი ციკლიდან იწყებს ბრძოლას და არა ელიტ-რაუნდიდან, როგორც ადრე ვიცოდით.

კენჭისყრასა და მეტოქეებზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ავთანდილ ასათიანს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ბატონო ავთანდილ, კენჭისყრის შედეგით კმაყოფილი ბრძანდებით?
- კმაყოფილი არ ვარ, რადგან საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით... სიმართლე გითხრათ, ასეთ ძლიერ მეტოქეებს არც ველოდით.

- რატომ არ ელოდით?!
- ყველა სხვა ჯგუფი შედარებით დაბალანსებულია და უმთავრესად, ერთად მოხვდნენ ორი ფავორიტი და ორი აუტსაიდერი.

- კონკურენტად რომელ ნაკრებს თვლით?
- ერთადერთი, ესტონეთია შედარებით სუსტი გუნდი, მაკედონია-ინგლისთან კი მძიმე შეხვედრები გველის. მაკედონია ფუტზალში დაახლოებით ისეთივე ძალისაა, როგორც კლასიკურ ფეხბურთში თურქეთი _ მეომარი, ორგანიზებული და ყველა მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძვის. ტურნირი მაკედონიაში ტარდება და ესეც მათთვის დამატებითი პლუსი იქნება. ძლიერი და ორგანიზებული ნაკრები ჰყავთ ინგლისელებსაც. ასე რომ, ჩემი აზრით, ჯგუფიდან გასვლისთვის საქართველო და მაკედონია-ინგლისი იბრძოლებს.

- როგორც ვიცით, ფუტზალის ნაკრებს წელიწადზე მეტია საკონტროლო შეხვედრა არ გაუმართავს.
- სამწუხაროდ, ასეა.

- მიზეზი ფინანსური პრობლემებია?
- ფინანსური პრობლემებიც და ათასი სხვა რამ.

- კონკრეტულად?
- ალბათ, მიზეზი ისიცაა, რომ ფუტზალის ფედერაციაში ცვლილებებმა დრო წაიღო, საარჩევნო პერიოდმა ნაკრების პრობლემები ჩრდილში მოაქცია. ფედერაციის ხელმძღვანელებს ჩემი გეგმა წარვუდგინე. ნაკრებს სარეიტინგო შეხვედრების ხშირად გამართვა სჭირდება, რაც ბოლო დროს მიღწეული შედეგის განსამტკიცებლად გამოგვადგებოდა. მაგრამ ამ გეგმების განხორციელება ვერ მოხერხდა და წელიწადნახევარია, ნაკრები უთამაშებელია. არადა, კანდიდატებს სხვაგან სად უნდა დავაკვირდე და შევაფასო, ვინ როგორ რა მდგომარეობაშია, ვინ ვის სჯობია და ა.შ?

- ტესტ-მატჩებს წინასწარი შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე მაინც თუ გეგმავთ?
- ჯერ ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ორი აზრი არაა, შეკრებებისა და ტესტ-მატჩების გარეშე, წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რთული მეტოქეები შეგვხდა.

- თქვენი ხელმძღვანელობით, ნაკრებმა წარმატებით ითამაშა და ახლა ელიტ-რაუნდში უნდა დაეწყვილებინათ. გაუგებარია, კვლავ წინასწარ შესარჩევ რაუნდში რატომ მოხვდით?
- ზუსტი მიზეზე ვერაფერს გეტყვით, საწყენი კი იყო. ალბათ იმიტომაც, სარეიტინგო მატჩები რომ ვერ გავმართეთ. და მაინც, პრობლემების მიუხედავად, მაინც შევეცდები, დარჩენილი მცირე დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ, პრობლემები მოვაგვაროთ და მაკედონიაში წარმატებით გამოვიდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული