მასშტაბური ჩანაფიქრი: "თანამეგობრობის თასი" თბილისში?

AutoSharing Option
ფუტსალში ცნობილი კლუბის, ალმატის "კაირატის" ვიცე-პრეზიდენტი ადილ შარიპკულოვი თბილისში იმყოფება და "ლელოს" მასშტაბური ჩანაფიქრი გაუმხილა - ყაზახები ქართველებთან ერთად დიდი საერთაშორისო ტურნირის ჩატარებაზე ფიქრობენ.

შეგახსენებთ, რომ "კაირატი" უეფას თასის (ამ სახეობის ჩემპიონთა ლიგის) საუკეთესო ოთხთა ფინალის მრავალგზის მონაწილეა. ბოლო გათამაშებაშიც ევროპის ოთხ საუკეთესოს შორის მოხვდა და კენჭისყრაზე პირდაპირ ელიტრაუნდში გაანაწილეს:

- "იბერიას" პრეზიდენტ ვახო წერეთელთან ვმეგობრობ და მსურს, რომ მასთან ერთად საერთაშორისო ტურნირი ჩავატარო.

- კონკრეტულად რა ტურნირზეა ლაპარაკი?
- ფუტსალშიც ძალიან კარგი იქნებოდა "თანამეგობრობის თასის" მსგავსი ტურნირის გამართვა. მიმაჩნია,
რომ ეს იდეა პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის მისაღები იქნება.

- თავად ტურნირის გამართვას სად აპირებთ?
- თბილისში ამიტომაც ჩამოვედი, რომ გვსურს, საქართველომ უმასპინძლოს.

- მერედა, რუსების საქართველოში ჩამოსვლა სათუო არ იქნება?
- იმედი მაქვს, რომ ტურნირი იმდენად საინტერესო იქნება, რომ რუსებიც დაინტერესდებიან. გარდა ამისა, თბილისი უსაფრთხო ქალაქია, რაც მათაც კარგად იციან და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ფუტსალის სამყაროში არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები გვაიმედებს.

- რატომ მაინცადამაინც თბილისი?
- ყველასათვის მისაღები ქალაქია და მშვენიერი სპორტის სასახლეა. თუმცა თავდაპირველად იყო ლაპარაკი, ტურნირისთვის შოუს სახე მიგვეცა და ბათუმის ქუჩებში ჩაგვეტარებინა, ხალხის მასობრივი ინტერესი რომ გამოგვეწვია, მაგრამ მიმაჩნია, რომ დარბაზში, კლასიკურ ვარიანტში ჩატარება აჯობებს.

თბილისში იმიტომაც ვხვდებით, რომ ჩანაფიქრი რეალობად ვაქციოთ. ყველას სურვილი აქვს, რომ იყოს მეტი ტურნირი, კავშირი და თანამშრომლობა. ერთი ტურნირი თბილისში უნდა ჩვატაროთ, მეორე - ალმატიში, მერე კიევში, ბაქოში და ა.შ.

* * *
ბოლო წლებია, "იბერია სტარის" პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი ფუტსალის პოპულარიზაციას ცდილობს. მისი დამსახურებაა, რამდენიმე წლის წინ აბსოლუტურად არაპოპულარულმა სპორტის ამ სახეობამ დღეს ბევრი გულშემატკივარი რომ შეიძინა, საკუთარ წვენში რომ აღარ იხარშება და საერთაშორისო ამბიცია გაუჩნდა: თბილისმა უეფას თასის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლა, გუნდი ევროპული ფუტსალის ელიტასთან ტრიალებს, ახლახან კი გუნდის მთავარ მწვრთნელად ტოპ-კლასის ისეთი მწვრთნელი ჩამოიყვანა, რომლის დარი უცხოელიც არცერთ სახეობაში გვყოლია.

ახლა კი ვახო წერეთელი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის ჩატარებაზე ფიქრობს:

- მსგავს ტურნირებს პორტუგალიელები ზღვის პირას ატარებდნენ და მისი მთელი ხიბლი ეს არის: ზაფხულში, როდესაც უამრავი დამსვენებელია, ხალხს გართობა და სანახაობა სჭირდება, ფეხბურთი კი ამ დროს მისწრებაა. თან ერთობიან, თან სიამოვნებას იღებენ.

ამას გარდა, მინიმუმ 12 გუნდი თავის გულშემატკივართან ერთად ჩამოვა, რაც თავისთავად შემოსავალიც არის.

ვფიქრობდით, რომ ტურნირი ბათუმის კორტებზე გაგვეკეთებინა, რომლის ფუტსალის მოედნად გადაკეთება ადვილია და ბევრი მაყურებელიც იქნებოდა.

მიმაჩნია, რომ ტურნირის ეს ფორმატი გამართლებული იქნებოდა.

- პოსტსაბჭოელებს მოიწვევთ?
- არამხოლოდ მათ, ევროპელებსაც. ესპანეთისა და პორტუგალიის წამყვანმა კლუბებმა უკვე თანხმობა გვითხრეს.

- ანუ ეს არ იქნება ფუტსალში "თანამეგობრობის თასი"?
- "თანამეგობრობის თასის" კი არა, გაცილებით მასშტაბური ტურნირის ჩატარება გვსურს. ეს არ იქნება ჩემპიონთა ლიგის ალტერნატივა, მაგრამ ძალიან საინტერესო ტურნირი უნდა გამოვიდეს. ხომ გითხარით, ესპანელებმა და პორტუგალიელებმა თანხმობა გვითხრეს.

მეორე ვარიანტიც განიხილება: რამდენიმე ქვეყანაში 4-4 გუნდიანი ტურნირი ჩატარდეს, ფინალური ტურნირი კი - ბათუმში.

შესაძლოა, ბათუმმა პირველ ექსპერიმენტულ ტურნირს უმასპინძლოს, სადაც ფორმატზე მოვილაპარაკებთ. ამ წამოწყების საფუძველი კი ის არის, რომ საერთაშორისო ტურნირების ნაკლებობაა და ამ ვაკუუმის შევსება აუცილებელია.

- ყაზახებს დარბაზში თამაში სურთ...
- ამიტომაც ვამბობ, რომ ახლა ფორმატზე ვლაპარაკობთ, ადგილზე. მე მიმაჩნია, რომ დარბაზს ზღვისპირა ქალაქში თამაში სჯობია.

- ტურნირზე რუსული გრანდების სტუმრობა რამდენად რეალურია?
- რუსები ჩვენ ყოველთვის გვეხმიანებიან და ტურნირებზეც გვიწვევენ. ახლახან ნორილსკის "ნიკელის" პრეზიდენტი დაგვიკავშირდა და თავადაც სურდა საერთაშორისო ტურნირის გამართვა, სადაც ყველა გუნდს ჩარტერული რეისით ჩაიყვანდა, მაგრამ ნორილსკისგან განსხვავებით, ზაფხულში ბათუმში თამაში ყველასათვის სასიამოვნო იქნება.

შესაძლოა, იდეა წელს ვერ განხორციელდეს, მაგრამ მოლაპარაკებები დაწყებულია და მომავალი წლისთვის მაინც განვახორციელებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
სერჟიო ბენატი: მჯერა, ერთად შევძლებთ "იბერიას" ოცნების ახდენას!
სერჟიო ბენატი "იბერია სტარში" - ამ რანგის მწვრთნელი საქართველოს არცერთ სახეობაში ჰყოლია
"იბერია სტარმა" უეფას თასზე მეტოქეების ვინაობა შეიტყო
"იბერია სტარი" ჩემპიონია!
ლევან ცქიტიშვილი: ფუტსალს საქართველოში მასობრიობა სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ იმას არ აშუქებთ თსუ-ს ბიჭები ევროპის უნივერსიადაზე რომ ასპარეზობენ, ჯგუფური ეტაპი გადალახეს უკვე და ბომბარდირთა დავაში ქართველი ლიდერობს?
Futsalfan
19:47 19-07-2012
0
ფუტზალის გვერდია თუ იბერიის ვერ გაიგებს კაცი...
Futsalfan
19:48 19-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული