"იბერია სტარი" ლვოვის საერთაშორისო ტურნირის მოგებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" სეზონისთვის ურეკში ემზადება. როგორც ცნობილია, გუნდი ერთი კვირის წინ ცნობილმა ბრაზილიელმა სპეციალისტმა, სერჯიო ბენატიმ ჩაიბარა.

მისი ხელმძღვანელობით გუნდი შავიზღვისპირეთში 29 ივლისამდე ივარჯიშებს, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდება და ორკვირიან შეკრებას დედაქალაქში გააგრძელებს.

15 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონს ლვოვის საერთაშორისო ტურნირზე ელიან, სადაც ზედიზედ მესამე წელია თამაშობს. "იბერია" წინა ორივე ტურნირის ფინალში გავიდა, მაგრამ ორივეჯერ პენალტებში დამარცხდა.

შარშანდელ ფინალში "იბერია" მოსკოვის ცსკა-სთან მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა, მაგრამ გამარჯვებული მხოლოდ მე-13 (?!) დარტყმამ გამოავლინა - ჩვენდა სამწუხაროდ, თავისი შანსი
თბილისელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რონიმ ვერ გამოიყენა.

არადა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ჩემპიონი ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა ცსკა-ს, სადაც პორტუგალიის ნაკრების 3 მოთამაშეა, მათ შორის, ფუტსალის ჯადოქარი რიკარდინიო. ვისაც მისი თამაში უნახავს, შეუძლებელია, არ აღფრთოვანდეს. რიკარდინიო ფუტსალის მესია, მისი ყურება კი ერთი სიამოვნებაა. სხვათა შორის, ფინალში პენალტი მანაც გააფუჭა.

...მართალია, ლვოვის ტურნირი ძალიან სოლიდურია და მისი ფინალისტობაც პრესტიჟულია, მაგრამ "იბერიას" ხელმძღვანელობა და მწვრთნელი ახლა მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობენ.

ტრადიციულად, ტურნირზე უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის, ირანისა და საქართველოს საუკეთესო გუნდებს იწვევენ. წლევანდელი შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ გუნდებს კვლავ ძველი პარტნიორი ქვეყნებიდან მიიწვევენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერჟიო ბენატი: მჯერა, ერთად შევძლებთ "იბერიას" ოცნების ახდენას!
"იბერია სტარმა" უეფას თასზე მეტოქეების ვინაობა შეიტყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული