ფუტსალში ელიტრაუნდი რეალურია

AutoSharing Option
"იბერიამ" უეფას ფუტსალის ლიგის ძირითად ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. უნგრეთის ჩემპიონ "დიორი ეტოსთან" დასანანი ფრეს (5:5) შემდეგ, საქართველოს ჩემპიონმა მინსკის "მაპიდი" 6:4 დაამარცხა.
თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. ანგარიში 5-ე წუთზე "იბერიას" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ბაროზომ გახსნა - 1:0. თუმცა, ამის შემდეგ ბელორუსებმა ჩვენი ჩემპიონის რბევა დაიწყეს: მე-8 წუთზე ალექსეი პოპოვმა ანგარიში გაათანაბრა, სერგეი პოდალინსკიმ (მე-18 წუთი) და ალექსანდრ სავინცევმა კი (მე-19 წუთი) პირველი ტაიმის ბოლოს ოლეგ სოლოდოვნიკის გაწვრთნილი ქართული გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს - 1:3.

26-ე წუთზე "მაპიდმა" (კვლავ პოპოვმა) მეოთხეც
გაიტანა და "იბერია" ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა - 1:4.

საქართველოს ჩემპიონმა თამაშის ბედი ოთხ წუთში შემოატრიალა. გუნდი კაპიტანმა გიორგი ალთუნაშვილმა გამოაფხიზლა: ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სამ წუთში შესრულებული დუბლით (27-ე და 29-ე წუთებზე), სხვაობა მინიმუმადე შეამცირა, 30-ე წუთზე რონიმ წონასწორობა აღადგინა, პაულუ ხავიერ ბეტინიოს დუბლმა (31-ე და 39-ე წუთებზე) კი "იბერიას" გამარჯვება მოუტანა. ბოლო გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერმა მაშინ გაიტანა, როდესაც ბელარუსები ვა-ბანკზე წავიდნენ, მეკარე მოედნის მეხუთე მოთამაშით შეცვალეს, ჩვენებმა შეტევა ჩაშალეს და მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე, ბეტინიომ დაუცველ კარში მეექვსე გოლი გაიტანა.
"იბერიამ" თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ოლივეირა, დე მელო, ბაროზო, ბეტინიო, რონი. შემცვლელები: ერნესტ აკოპოვი (მეკარე) ალექსანდრე ჯამბურია, შოთა კუბლაშვილი, ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ალთუნაშვილი, კახა მაისაია.

"ერა-პარკმა" გუშინ უნგრული "დიორ ეტო" ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა (5:3) და პირველ ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთამდე ანგარიში 3:3 იყო - ბოლო წუთში ჩეხებმა ორი გოლი გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორი საუკეთესო გადის, ამგვარად, "იბერიას" ჯგუფური ეტაპიდან გასვლის მშვენიერი შანსი აქვს. დღეს ბოლო ტურია. საქართველოს ჩემპიონი მასპინძელ ხრუდიმის "ერა-პარკს" ხვდება და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ხელს აძლევს. ჩეხებს ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული აქვთ, ხოლო უნგრელები ბელარუსებს თუ ვერ დაამარცხებენ, "იბერიას" სანერვიულო საერთოდ არაფერი ექნება.

თ მ ფ წ ბ ქ
ერა-პარკი 2 2 0 0 11-5 6
იბერია სტარი 2 1 1 0 11-9 4
დიორი ეტო 2 0 1 1 8-10 1
მაპიდი 2 0 0 2 6-12 0


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული