ვატო წერეთელი: ქართულ ფუტსალში გამყინვარება დასრულდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" სლოვენიაში ჩატარებულ უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

ელიტრაუნდის შეხვედრებს კი, სადაც ოთხთა ფინალის ერთ-ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, 9-დან 14 ოქტომბრამდე თბილისი უმასპინძლებს. ეს დიდწილად ახალგაზრდა ბიზნესმენის, ვატო წერეთლის დამსახურებაა, რომელიც წლების წინ "იბერიას" გაჭირვების დროს შეეხიდა.

დღეს კი საქართველოს უცვლელი ჩემპიონი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია - თბილისელებს ცნობილი ბრაზილიელი სპეციალისტი სერჟიო ბენატი ავარჯიშებს, ამავე ქვეყნიდან გამოცდილი და მაღალი კლასის მოთამაშეების მთელი ჯგუფი დაიმატეს და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას
იმედოვნებენ.

"იბერია სტარის" პრეზიდენტი ვატო წერეთელი წლეულს მომხდარ ცვლილებებზე "ლელოს" თავის მოსაზრებას უზიარებს:

"საერთოდ, ქართულ ფუტსალში ძალიან დიდი გამყინვარება იყო, მით უფრო, ბოლო ორი წლის განმავლობაში. რამდენიმე ადამიანმა ეს სახეობა მხრებით ვათრიეთ და მაინც გადავარჩინეთ.

ფუტსალის ასოციაციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ კი იმედი გამიჩნდა, რომ მდგომარეობა სასიკეთოდ ახლა მაინც შეიცვლება: ახალი პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი საქმეს აქტიურად შეუდგა, ფინანსებს იზიდავს, სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია ჩართო და საერთოდაც, დიდი გეგმები აქვს.

რაც მთავარია, ეს ადამიანი ფუტსალში მოღვაწე ორიოდე ბიზნესმენის აზრით დაინტერესდა და განზე არ დამდგარა, ერთად დავსხედ
ით და დავილაპარაკეთ. საკლუბო და სანაკრებო დონეზე დიდი ამბიცია გვაქვს.

რაც მთავარია, ახალი კლუბების ჩამოსაყალიბებლად კომპანიებს ელაპარაკება"
.

წერეთელი მედიის როლსაც შეეხო:

"მთავარია, ფუტსალი გულშემატკივრამდე მივიტანოთ. ჩვენ თუ მოვახერხებთ, მედიას უფრო დავაინტერესებთ და კარგ გარემოს შევქმნით, საქმის კეთება გაცილებით გაგვიადვილდება და ბიზნესმენები ფულის ჩადებას დაიწყებენ.

ახლა რომელიმე ბიზნესმენი თუ გვეხმარება, ეს მხოლოდ ერთჯერადი ადამიანური თანადგომა უფრო არის, ვიდრე ფუტსალით დაინტერესება და მეტი არაფერი. სერიოზულად ჩვენს სახეობას ჯერ არავინ ეტანება. როგორც შევძლებთ მუშაობას, ასოციაციაზე არის დამოკიდებული".

ფუტსალის დასრულებული ჩემპიონატი "იბერია სტარმა" უნიკალური შედეგით დაასრულა - თბილისელებმა ყველა 14 შეხვედრა მოიგეს, თანაც საშუალოდ მატჩში 12,9 გოლი გაიტანეს, რეალური კონკურენტი კი ამჯერადაც არ ჰყოლიათ.

წერეთელი გვიყვება, როგორ წარმოუდგენია ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის ჩემპიონატის გაძლიერება და არ მალავს, რომ ეს ყველაზე მეტად სწორედ მას ადარდებს:

"ჩვენ ევროპის საუკეთესო კლუბებს ვამარცხებთ, მაგრამ შინ სათანადო წინააღმდეგობას ვერ ვაწყდებით. ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი მომზადებით ევროსარბიელზე კიდევ ბევრს ვაღწევთ.

ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერების გარეშე ვერც ჩვენი კლუბი განვითარდება და ვერც ეროვნული ნაკრები. არადა, შიდა ტურნირები უნდა გახდეს ჩვენი მომავალი წარმატებების საფუძველი.

იმედია, რომ წლევანდელი ჩემპიონატი შარშანდელზე უკეთესი იქნება და ბევრად მეტი ფულიც დაიხარჯება. დასანანია, რომ "ალგო" დაიშალა. მოთამაშეები გადავიდნენ თსუ-ში, "თელასში", "სოკარში", მაგრამ არის ახალი კლუბები და ეს მაიმედებს".

"იბერია სტარის" პრეზიდენტი ფუტსალში არსებულ საკადრო პრობლემებზეც გველაპარაკა:

"ჩვენთან გამორჩეული მწვრთნელები არველაძე და ასათიანი არიან. საერთოდ კი, ამ კუთხით საკმაოდ მწვავე პრობლემა გვაქვს. უკრაინელი ოლეგ სოლოდოვიკი რომ ჩამოვიყვანე, მივხვდი, გამყინვარების პერიოდში წამყვან ქვეყნებს როგორ ჩამოვრჩით.

სერჟიო ბენატიმ კი სულ გადამრია, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

იმედი გამიჩნდა, რომ ბრაზილიელის ხელმძღვანელობით "იბერია" დიდ წარმატებებს მიაღწევს. ჩვენს მწვრთნელებს ნიჭი აქვთ, მაგრამ განვითარებაში ხელი უფულობის გამო ეშლებათ. მათ უნდა დავეხმაროთ და სასწავლებლად უცხოეთში მივავლინოთ, ადგილზე სემინარები მოვუწყოთ და ა.შ. მარტო საქართველოში ჯდომით ვერ გავიზრდებით. ამიტომ ამ კუთხითაც ბევრი სამუშაოა.

სოლოდოვიკმა საგანგებოდ სემინარები გააკეთა და მწვრთნელებს ესეც წაადგათ, მაგრამ ეს სისტემატურად უნდა ხდებოდეს და არა პერიოდულად"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული