პორტუგალიელებს საქართველოს ნაკრებთან თამაშის სურვილი აქვთ

AutoSharing Option
ხატოვანი, მაგრამ ზუსტი ფრაზაა - ყოველდღე ტელევიზიაში სარი რომ აჩვენონ, ისიც პოპულარული გახდება. ეს კარგად ესმით საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელებს და სახეობის პოპულარიზაციის უპირველეს საშუალებად სატელევიზიო ეთერში გასვლა მიაჩნიათ.

საამისოდ საკაბელო არხის, "ფუტსალ ტვ"-ს დაარსებაზე ფიქრობენ. ექსკლუზივის პერსპექტივა აქვთ, რადგან ტელეკომპანიები RTP 1, RTP 2 და VEO 7 მზად არიან, საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლაციის უფლება ჩვენი ფუტსალის ასოციაციას დაუთმონ.

მაყურებელი ესპანური და პორტუგალიური ფუტსალის გრანდების თამაშებს იხილავს, რაზეც საქართველოში ფუტსალის პოპულარობის გაზრდის იმედს ამყარებენ.

აღნიშნული პროექტის წარდგენას ასოციაცია საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აპირებს.

ამავე დროს, საქართველოს ფუტსალის ასოციაცია მოლაპარაკებას აწარმოებს "მეცხრე არხთან", რომ მაუწყებელმა 4 დეკემბერს უეფადან სანაკრებო შესარჩევი ციკლის კენჭისყრის ტელერეპორტაჟი გადასცეს.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიის ნაკრები, რომელსაც ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები ოქტომბრის ბოლოს ორჯერ შეხვდნენ, თბილისში, სავარაუდოდ, აპრილში გვესტუმრება. ეს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა, პედრო რატინიომ განაცხადა.

2013 წლის ნოემბერში კი, შესაძლოა, კვლავ ლისაბონში ვესტუმროთ.

პირინეელების ფეხბურთის ფედერაცია 2006 წელს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის სტრატეგიული პარტნიორი გახდა. მისი შუამავლობით, კომპანია "კასტრო ბრაზერსმა" კი 2006 და 2008 წლებში მუნდიალიტოებზე ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული დაფინანსება ითავა.

შეგახსენებთ, რომ ლისაბონში საქართველოს ნაკრებმა ერთი შეხვედრა მოიგო, ერთიც წააგო (4:2, 0:8). უახლოეს წარსულში პორტუგალია შინ მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ბელგიასთან, რომელიც სავსეა ბრაზილიელებით. ტაილანდში მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ ჩასული პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ბრაზს ჟურნალისტმა ამიტომაც ჰკითხა, როგორ "მოახერხა" მისმა გუნდმა ქართველებთან დამარცხება.

"ყველას ვურჩევ, ქართველებთან ითამაშონ. აშკარაა, რომ მათი ნაკრები აღმავლობის გზას ადგას. ეს გუნდი საჩუქარი არ გეგონოთ", - ასეთი იყო ბრაზის პასუხი.

პორტუგალიური თამაშების შემდეგ საქართველოს ნაკრების მიმართ ინტერესიც გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, პირინეელებთან ერთი გამარჯვებით მსოფლიოს რეიტინგში მდგომარეობას საგრძნობლად გავიუმჯობესებთ.

და ბოლოს: სფა-ს პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი სპონსორებს ეძებს საქართველოშიც და მის გარეთაც. გერმანული კომპანია TUI AG მომავალი წლის თებერვალში სასპონსორო პაკეტში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საკითხს განიხილავს. კომპანიის ხელმძღვანელმა ნორბერტ შმიდტმა ქართულ მხარეს აცნობა, რომ საქართველოს ნაკრების სპონსორობის საკითხი 2013 წლის გეგმაში განიხილება.

პორტუგალია ისევ გვიწვევს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან ცქიტიშვილი: მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მეორე მატჩში დიდი სხვაობით წააგო
დიდი სენსაცია: პორტუგალია-საქართველო 2:4!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული