ავთანდილ ასათიანი ფუტსალის ნაკრების კანდიდატებს დაასახელებს

AutoSharing Option
ქართულ ფუტსალში დიდი გამოცოცხლებაა და ლამის ყოველდღე გვესმის საინტერესო ამბები.

საქართველოს ფუტსალის ასოციაცია (სფა) ქალთა ფეხბურთს მიხედავს. ამ სახეობის ისტორიაში პირველად, 2013 წელს ქალთა ჩემპიონატი ჩატარდება. გახსნითი მატჩი თბილისში გაიმართება, ხოლო ფინალური - ქუთაისში. აღნიშნული ღონისძიება შეტანილია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კალენდარში.

ქალთა პირველ ეროვნულ ჩემპიონატში სურვილი უკვე 6-მა კლუბმა გამოთქვა. ფუტსალის ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ მონაწილე კლუბთა რიცხვი 8-ს მიაღწევს. არსებული 6 კლუბიდან 4 დასავლეთ საქართველოს წარმოადგენს, დანარჩენი ორი - აღმოსავლეთს.

ფუტსალის ეროვნული ნაკრები აქამდე რომ გვყოლოდა, პორტუგალიის ფუტსალის
ასოციაცია მზად იყო, ვაჟთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად, საკუთარი ხარჯით ემასპინძლა.

რაც შეეხება ვაჟთა ნაკრებს: ქართული ფუტსალის ისტორიაში, მთავარ მწვრთნელებში საუკეთესო შედეგი ავთანდილ ასათიანს აქვს. ასეულის მიღმა მყოფი ნაკრები, მისი ხელმძღვანელობით, 40 საუკეთესოში მოხვდა.

მერე ასათიანი ნაკრებიდან გაუშვეს, ეროვნული გუნდი თითქმის არ თამაშობდა და რეიტინგში მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. მაგრამ წესით, პორტუგალიასთან ოქტომბერში ჩატარებულ სპარინგებში ერთი გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში მდგომარეობა საგრძნობლად უნდა გაიუმჯობესოს.

სფა-ს საპატიო პრეზიდენტი კახა დევდარიანი თვლის, რომ გუნდს მეტი ყურადღება და დაფინანსება სჭირდება.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი, თავის თანაშემწე ბესო არველაძესთან ერთად, ნაკრების მალტის საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებლად თადარიგს იჭერს და მალე გაფართოებულ შემადგენლობას დაასახელებს.

ტურნირი 2013 წლის 5-9 იანვარს ლა-ვალეტაში ჩატარდება. ქართული დელეგაცია კუნძულზე 5 იანვარს ჩაფრინდება.

კალენდარი უკვე ცნობილია:

6 იანვარი
საქართველო-საბერძნეთი
ინგლისი-მალტა

7 იანვარი
საბერძნეთი-ინგლისი
მალტა-საქართველო

9 იანვარი
ინგლისი-საქართველო
მალტა-საბერძნეთი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამივე ნაკრებთან დადებითი ბალანსი აქვს: ინგლისს 2007 წლის ნოემბერში 4:3 და 7:3 მოვუგეთ. მაშინ ასათიანი ნაკრების კაპიტანი გახლდათ და ბრიტანელებს თავადაც გაუტანა. მესამედ 2011 წლის 22 იანვარს სკოპიეში (მაკედონია) შევხვდით და ამჯერად 4:0 ვიმარჯვეთ. ბურთების ბალანსი 15:6 საქართველოს სასარგებლოდ არის.

საბერძნეთს 2000 წლის მარტში ხორვატიაში 9:1 მოვუგეთ, 2009 წლის თებერვალში კი მალტაში 0:5 დავმარცხდით, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართული ფუტსალის ისტორიაში პირველად, ნაკრები ელიტრაუნდში გავიდა. ბურთების შეფარდება - 9:6.

მალტასთანაც დადებითი ბურთების შეფარდება გვაქვს - 18:3. 2007 წლის იანვარში 5:2 მოვუგეთ, 2009 წლის თებერვალში 3:1, 2011 წლის ოქტომბერში კი - 10:0.

დაბოლოს: ფუტსალის ასოციაცია მოლაპარაკებას აწარმოებს ეროვნული ნაკრების შემოსვაზე, რაზეც თანხმობა განაცხადეს გერმანულმა UHLOSPORT-მა და იტალიურმა "დიადორამ", მაგრამ სავსებით რეალურია, გუნდის ტექნიკური სპონსორი გერმანული "სალერი" გახდეს.

ფუტსალის მესვეურები საბოლოო გადაწყვეტილებას ნოემბრის ბოლოს მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული