საქართველოს ფუტსალის ნაკრები მალტის ტურნირზე: მოგება და წაგება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მალტაში, საერთაშორისო ტურნირზე ორი შეხვედრა გამართა.

6 იანვარს ჩვენი გუნდი საბერძნეთს დაუპირისპირდა. ავთანდილ ასათიანის შეგირდებს სტეფანოს სოილემესის გაწვრთნილებთან ურთულესი ბრძოლის გადატანა მოუხდათ.

"ჰიბერნიანსის" დარბაზში ქართველები მურთაზ კაკაბაძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ, თუმცა ბერძნებმა წონასწორობა მალე აღადგინეს და პირველი ტაიმი ფრედ - 1:1 დასრულდა.

ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივნის, ბექა კვიციანის თქმით, მეორე ნახევარში ქართველებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს და სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ, მაგრამ შეტევებით გართულებს სწრაფი კონტრშეტევები გამოეპარათ და მეტოქე სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა - 1:4.

დავით ბობოხიძემ მატჩის დასრულებამდე 5
წუთით ადრე ანგარიში შეამცირა და საბოლოოდ შედეგიც დააფიქსირა - 2:4 ბერძენთა სასარგებლოდ.

საქართველო: ჯამბურია - გაბუჩია, ალთუნაშვილი, ჯვარაშვილი, ასათიანი, ლუკავა, ჯაფარიძე, მაისაია, სებისკვერაძე, კაკაბაძე, ჭანუყვაძე, ბობოხიძე, შელეგია, კობაიძე

მეორე შეხვედრაში ინგლისმა მალტას 2:0 სძლია.

* * *
საქართველოს ნაკრები 7 იანვარს მასპინძელ მალტას დაუპირისპირდა.

პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი 4:0-ს იგებდა. მეორე ნახევარშიც ავთანდილ ასათიანის და ბესო არველაძის შეგირდებმა უპირატესობა გაზარდეს და საბოლოოდ, 10:1 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში თავი გამოიჩინეს სებისკვერაძემ (2), ბობოხიძემ (2), ალთუნაშვილმა, ლუკავამ, ჯაფარიძემ, ასათიანმა, შელეგიამ და კობაიძემ.

მეორე შეხვედრაში საბერძნეთმა ინგლისს 3:0 მოუგო და თუ რამე სასწაული არ მოხდა, ტურნირის გამარჯვებულები სწორედ ელინები არიან.

"დარბაზში საკმაოდ მძიმე პარკეტია, მაგრამ ბიჭები მიეჩვევიან და იმედია, ამ შეხვედრებს შესარჩევი ციკლისთვის კარგად გამოვიყენებთ.

მჯერა ჩემი ფეხბურთელების, რომ ტურნირზე წარმატებული გამოსვლისთვის ყველაფერს გააკეთებენ",
- თქვა ავთანდილ ასათიანმა.

8 იანვარს ტურნირის მონაწილეები ისვენებენ, ხოლო 9-ში, გადამწყვეტ მატჩში საქართველო ინგლისს შეხვდება, ჩვენი დელეგაცია კი თბილისში 11 იანვარს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული